მანუჩარ მაჩაიძე: ”სააკაშვილმა მთელი ჩემი ნაოფლარი ქონება წამართვა”

“ახალი თაობა” საპრეზიდენტო არჩევნებსა და სხვა საკითხებზე ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, დედაქალაქის საკრებულოს ყოფილ წევრ მანუჩარ მაჩაიძეს.

– ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები. ოფიციალურად დაასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატები ნაციონალურმა მოძრაობამ და “ევროპულმა საქართველომ”.

– გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე არიან მათი რჩეულები. ნაციონალები და მათგან გამოყოფილი ჯგუფები ყოველთვის ერთი გუნდი იყვნენ და ახლაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სხვა სახელს თუ დაირქმევენ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩადენილის გამო პასუხი აღარ მოეთხოვებათ. ზოგს აღიზიანებს გაუთავებლად იმის ძახილი, რომ სააკაშვილის რეჟიმი საკუთარ ხალხს აწამებდა, ხოცავდა, აუპატიურებდა და ქონებას ართმევდა. როგორ უნდა დავივიწყოთ ეს ყველაფერი, როცა სამართლიანობა არ აღუდგენიათ! ქონებაჩამორთმეულებში იყვნენ შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული მოხელეები, მაგრამ დაზარალებულთა უმრავლესობა პატიოსანი ხალხი იყო. კორუმპირებული ჩინოსანი არ ვყოფილვარ, რაც მქონდა, ჩემი ნაოფლარი იყო, მაგრამ სააკაშვილმა ყველაფერი წამართვა.

– თქვენს საქმეს სასამართლო იხილავს?

– ამჟამად საქმე სააპელაციო სასამართლოშია. არავის გავაკვირვებ, თუ ვიტყვი, რომ სიმართლის გარკვევას ხელი ეშლება. ძველი კადრები პროკურატურიდან და სასამართლოდან, რომლებიც ჩუმად ისევ სააკაშვილს ემსახურებიან, ცდილობენ, ძალაში დატოვონ უსამართლო განაჩენი. ჩემნაირი დაზარალებული ბევრია. სანამ სამართლიანობა არ დამკვიდრდება, ქვეყანას არაფერი ეშველება.

უსამართლობა ავტომატურად არღვევს სტაბილურობას. არიან ე.წ. ალტრუისტი პოლიტიკოსები, რომლებიც წარსულის დავიწყებაზე ღაღადებენ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ კანონის აღსრულება და სამართალი უმთავრესი უნდა იყოს. სხვანაირად ქვეყანას განვითარება არ უწერია.

– გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე ერთმანეთს ამომრჩევლის ხმებს წაართმევენ?

– ალბათ, წაართმევენ. სანიმუშო წარსული არცერთ მათგანს არ გააჩნია. რაც უნდა გვიმტკიცონ, რომ გრიგოლ ვაშაძე დასავლური ტიპის პროგრესული მოღვაწეა, ეს ყოველთვის იქნება სიცრუე და ადამიანებისათვის ტვინის გამორეცხვა. რატომ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნამუშევარი კაცი, გაუგებარია. ვაშაძე ისეთ განყოფილებებშია ნამუშევარი, რომლებიც შეიარაღებას, კოსმოსს ეხება და იქ კგბ-ს თანამშრომლების გარდა არავის უშვებდნენ. დავით ბაქრაძე შევარდნაძის დროს უშიშროების საბჭოში საქმიანობდა. ხალხმა მათი ბიოგრაფიები კარგად უნდა გაიხსენოს და არჩევანი პასუხისმგებლიანად გააკეთოს.

– მმართველი პარტია რატომ აგვიანებს კანდიდატის წამოყენებას?

– არ ვიცი, რატომ გაიწელა ეს პროცესი. ვფიქრობ, რომ ამის დრო მოვიდა.

– “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს..

– მათ ერთობას სკეპტიკურად ვუყურებ. ამ პოლიტიკოსების ფილოსოფიისა და იდეოლოგიისა არ მჯერა. ისინი ერს, მის კულტურასა და თვითმყოფადობას არაფრად აგდებენ. ამით უსუფაშვილი და მარგველაშვილი ეწინააღმდეგებიან ნამდვილ ევროპულ ფასეულობებს.

ევროპული სტრუქტურები თავისი ქარტიებით და სხვა დოკუმენტებით ყოველთვის იცავდნენ ერების თვითმყოფადობას, მათ ენებს და კულტურას. ევროპა კულტურული პლურალიზმის მომხრეა. უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ასევე ნაცმოძრაობა და “ევროპული საქართველო” ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ გამოდიან. სააკაშვილს უნდოდა ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების ამოძირკვა, ახალი ადამიანის შექმნა. მას ეს არ გამოუვიდა და ვერც გამოუვიდოდა.

– “ქართული ოცნების” შიგნით მიმდინარე დავიდარაბაზე რას იტყვით?

– ძალიან არასასიამოვნოა, რომ დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხეს. ჩემი დაკვირვებით, იქ უთანხმოებას განსხვავებული მსოფლმხედველობაც იწვევს. “ქართულ ოცნებაში” არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს მისდევენ, პარტიის ნაწილის აზროვნება კი ნაციონალების მსგავსია. სააკაშვილი ულტრაგლობალისტურ იდეებს დუჟმორეული ამკვიდრებდა. სამწუხაროა, რომ ახლა მიმდევრები “ქართულ ოცნებაშიც” ჰყავს.

– საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერჯერობით არ იჩენს ინტერესს საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ..

– ეს არ შეიძლება. არჩევნების დღეს არც სახლში დარჩენა ივარგებს. არჩევნებში აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. გასახსენებელია კანდიდატების წარსული და გასაანალიზებელია მსოფლმხედველობა.

საქართველოს სჭირდება ევროპულ და ქართულ ფასეულობებზე ორიენტირებული აღმშენებელი პრეზიდენტი და არა ის, ვინც გაჰყვირის, რომ პროგრესული, პროდასავლურია და სინამდვილეში ევროპული ფასეულობებიდან უხვევს და სააკაშვილის გზას ადგება.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018