მიხეილ შაყულაშვილი – ”მირზა სუბელიანმა მითხრა, რომ მკვლელობა 51-ე სკოლასთან მისი შვილის და შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა”

”ზვიად ფხაკაძესთან კომისიის სხდომის შემდეგ ჩვენც გაგვიჩნდა გარკვეული კითხვები”, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა მიხეილ შაყულაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, კომისიის წევრები დაინტერესდნენ, თუ რატომ განაცხადა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ის, რომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის დაჭრის მომენტში იმყოფებოდა ფარდულიან 8-9 მეტრის მოშორებით, მაშინ როდესაც ყველა გარემოება და მოწმეთა ჩვენებები ადასტურებენ მ.კ-ს ფარდულში ყოფნას.

თბილისის ყოფილი პროკურორის თქმით, ზვიად ფხაკაძემ მას განუმარტა, რომ აღნიშნული განცხადება თავად მ.კ-ს ჩვენების საფუძველზე გააკეთა.

„კომისიის სხდომის შემდეგ მე ვესაუბრე ზვიად ფხაკაძეს. მე დავინტერესდი სხვაობით, რომელიც იყო ზვიადის ნათქვამსა და საქმის მასალებს შორის. მან მიპასუხა, რომ ამ გარემოებაზე თავად მ.კ. სასამართლოში საუბრობსო“, -განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

სერგი კაპანაძე მიხეილ შაყულაშვილის პასუხის შემდეგ დაინტერესდა საკითხით, თუ რამდენად სარწმუნოა თავად ინციდენტში მონაწილე პირის მიერ რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენება, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ამბობს, რომ „ის დანაშაულის ადგილზე არ იყო“.

„ყველა მტკიცებულებით მ.კ. ფარდულშია და შემდეგ ამბობს, რომ ის იქ არ იყო, ერთ-ერთი დაკითხვის დროს. თუ არც ერთი ჩვენებით არ დასტურდება ეს გარემოება, ენდობით ასე ერთ განცხადებას თქვენ? მითუმეტეს, რომ ამ ადამიანს რამდენჯერმე აქვს შეცვლილი ჩვენება. ენდობოდით თქვენ ამ მოწმეს?“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თბილისის ყოფილმა პროკურორმა მას ასე უპასუხა – „გააჩნია შემთხვევას.“

მიხეილ შაყულაშვილის ინფორმაციით, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ მირზა სუბელიანი მასთან კაბინეტში პირადად მივიდა და რჩევა ჰკითხა, თუ რა გაეკეთებინა.

“ურთიერთობა მქონდა გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე. რაც შეეხება 1 დეკემბრის შემდგომ ურთიერთობას, როცა ამ ფაქტის შესახებ გავიგე, დაახლოებით 16:15 საათზე ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ზარი და აღმოჩნდა, რომ მირზა სუბელიანი მირეკავდა. აპლიკაციით მირეკავდა. მითხრა, რომ მირზა იყო და ვუთხარი, რომ არ მეცალა, რადგან 51-ე სკოლაზე ვიყავი გადართული. მან კი საპასუხოდ მითხრა, რომ ზუსტად ამ საკითხზე უნდოდა შეხვედრა.

ვიგრძენი, რომ ინფორმაცია ჰქონდა და დავიბარე, რომ სასწრაფოდ მოსულიყო ჩემთან. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ მოვიდა ჩემს კაბინეტში სუბელიანი, გაფითრებული და დაბნეული იყო. დავსვი მაგიდასთან და ვკითხე, რა მოხდა. სუბელიანი კი მპასუხობს, რომ 51-ე სკოლასთან მომხდარი უბედურება მისი შვილის და შვილის მეგობრის ჩაგვრის გამო მოხდა. მეუბნება, რომ მისმა შვილმა ჩაგვრის შემდეგ დაურეკა დეიდაშვილს, რომელმაც თავის მხრივ წამოიყვანა მეგობრები, რომლებიც შეიკრიბნენ სადღაც გვერდზე ქუჩაზე და მოხდა უბედურება.

ეს იყო ზოგადი მონახაზი. სუბელიანმა მითხრა, რომ იყო დაბნეული და მერჩია, რა გაეკეთებინა. ამის შემდეგ პირდაპირ ვეკითხები – მირზა, შენი შვილი არის მკვლელობაში გარეული თუ არა? ვის ეჭირა დანა? მან კი მიპასუხა, რომ მე შვილი ასე არ გამიზრდია, რომ მკვლელობაში იყოს გარეულიო, ხოლო ვინ იხმარა დანა, მე არ ვიციო. ვხვდები, რომ აღარ აქვს კითხვების დასმას აზრი და ვუთხარი – მირზა, გარდაცვლილია ჩემი შვილის მეგობარი, ჩათვალე, რომ ჩემი შვილია გარდაცვლილი მეთქი, ახლავე ჯდები მანქანაში და ისვამ შენს შვილს, მიდიხარ პოლიციაში და აძლევ სრულ ჩვენებას“, – განაცხადა შაყულაშვილმა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მირზა სუბელიანს მისთვის აღარაფერი უთქვამს, გავიდა ოთახიდან და დატოვა თბილისის პროკურატურის შენობა.

“ავიღე ყურმილი და 16:45 საათზე მთავარ პროკურორს შევატყობინე მირზა სუბელიანის ვიზიტის შესახებ და მოვუყევი სუბელიანის მონაყოლის შინაარსი. ასევე კურატორ მოადგილეს მოვუყევი ყველაფერი და ვუთხარი, რომ სუბელიანი პოლიციაში გავგზავნე. დავურეკე ასევე ჩემს მოადგილეს, გიორგი გაბოძეს, რომ გაეკონტროლებინა, რომ ამ ბავშვისგან სრულყოფილი ინფორმაცია ამოგვეღო. ამის შემდეგ დავურეკე ქალაქის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და ვუთხარი, რომ მივიდოდა მირზა სუბელიანი, ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, რომ დაკითხვა გაეკონტროლებინა. ამის შემდეგ სუბელიანთან კონტაქტი აღარ მქონია. მხოლოდ აღდგომის დღესასწაული მივულოცე“, – აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.

ყოფილი პროკურორის ინფორმაციით, გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილი მიხეილ შაყულაშვილის შვილის კლასელი და მეგობარი იყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018