ნინო ბურჯანაძე – “ივანიშვილიც სააკაშვილის გზას გაუდგება”

გახდება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი, ვის და რას ელოდება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, როდის გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას, როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუს, რა გზავნილები ამოიკითხა მან და როგორ აფასებს გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობას? – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძე “ახალ თაობას” ესაუბრება.
– საპრეზიდენტო არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, უკვე დასახელებულია კანდიდატები. წამოაყენებთ თუ არა საკუთარ კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე?
– სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილება მე თითქმის მიღებული მაქვს, ვიყრი თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა, ამ გადაწყვეტილების გამოცხადება არც ერთ კვირაში იქნება გვიანი და არც ერთ თვეში. ჩემი გადაწყვეტილება არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება, რას იზამს მმართველი გუნდი, ვინ არის მისი რჩეული დამოუკიდებელი კანდიდატი, ვის დაუჭერს ბიძინა ივანიშვილი მხარს, რომელ სატელიტურ ოპოზიციურ პარტიასთან გააფორმებს შეთანხმებას, ეს საერთოდ არ მაღელვებს.
ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მთავარი ხალხია, ის საზოგადოება, რომელმაც არაერთხელ გამიცრუა იმედი. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ისე იყო, რომ მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის მილიარდებით იყო მონუსხული, ეგონათ, რომ ივანიშვილი თითოეულ ოჯახში მივიდოდა და დახმარების ხელს გაუწვდიდა. ხალხს ეგონა, რომ მათი სატკივარი ბიძინა ივანიშვილს გულს აუჩუყებდა, ხალხს ეგონა, რომ ივანიშვილი მათ გასაჭირში არ მიატოვებდა.
რატომ ეგონათ ასე? მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს 5 მილიარდი აქვს. ეს ჩემთვის შეურცხმყოფელია, ხანდახან რომ ვუფიქრდები, თავმოყვარეობა მელახება, რადგან ეს არის ჩემი ხალხი, ასეთია ჩემი მოსახლეობა. შეიძლება ვიღაცას გადაჭარბებულად მოეჩვენოს ჩემი ნათქვამი, მაგრამ ეს ხალხი ჩემი ნაწილია. სწორედ ამიტომ არის მათი განწყობა გადამწყვეტი და არა – ივანიშვილის 5 მილიარდი.
ძალიან ხშირად ჩემი მისამართით იმდენად უსამართლო და აბსურდული ბრალდებები ისმის, ჩემს ოჯახზე იმდენად ბინძური ცილისწამების ნიაღვარი მოდის, ცხადი ხდება, შინაგანი ბოღმის მიზეზი რა არის. არასოდეს მითქვამს, მართლა პირველად ვამბობ ამას, მაგრამ ვაღიაროთ, საზოგადოება იმას არ მპატიობს, რომ შეძლებულ ოჯახში დავიბადე, გავიზარდე. საზოგადოება არ მპატიობს, რომ ჩემმა ოჯახმა კარგი განათლება მომცა, შესაბამისად, მე ჩემს შვილებს შევუქმენი გარემოება, რომ საუკეთესო განათლება მიეღოთ.
ეს აღიზიანებთ, ოღონდ ხან ნაციონალურ მოძრაობაში ყოფნას მახსენებენ და ხან კრემლის აგენტს მეძახიან. იმას არავინ არ იხსენებს, რატომ და როგორ წამოვედი ხელისუფლებიდან. არავინ არ იხსენებს, რომ ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც პირველმა შეუტია მიხეილ სააკაშვილს, არავინ იხსენებს, რომ მე ჩემი ნებით დავთმე უმაღლესი თანამდებობა, ომი გამოვუცხადე სააკშვილს, მაშინ, როდესაც ზოგს ეშინოდა და იმალებოდა ზოგი კიდევ სააკაშვილის ერთ დაძახებაზე უსირცხვილოდ და უთავმოყვარეოდ გარბოდა. მაგის მერე დაიწყო სააკაშვილმა ჩემი „პრორუსი“ და „კრემლის აგენტობის“ იმიჯის შექმნა. საზოგადოების ნაწილი ამას ფეხდაფეხ აჰყვა. ეს და ბევრი სხვა მიზეზები არსებობს, რატომაც ვამბობ, რომ ხალხისგან იმედგაცრუებული ვარ.
არაფერს ვამბობ უკვე ივანიშვილის ტყუილებით და მილიარდებით დაბრმავებულ ადამიანებზე, რომლებმაც არჩევნებზე 20 ლარად გაყიდეს საკუთარი ხმა. ამიტომ, ვნახოთ, ხალხი ამჯერად მაინც თუ არ დაბრმავდა, ხალხმა ამჯერად მაინც თუ შეძლო და გააანალიზა, ვინ აქცევს ამ ქვეყანას სახელმწიფოდ, ვის შეუძლია მტერთან და მოყვარესთან ერთნაირი პრინციპულობით, გაბედულად მოიქცეს, ვის შეუძლია კონფლიქტების მოგვარება, ვის შეუძლია მართლა ადამიანების ადამიანებად მიღება და არა მონებად, აი ამ ყველაფერს თუ ხალხი მიხვდა, მე მთელი ჩემი ცხოვრება მიბრძოლია და ვიბრძოლებ კიდეც.
ვინც მე დამიპირისპირდა, ვხედავთ, აგონიაში მყოფი ხან სანაპიროებიდან მოგვმართავს და ხან თვითფრინავის სალონიდან… იხვეწება, შემომიშვით ქვეყანაშიო. მის გზას გაუდგება ივანიშვილიც, თუ რა თქმა უნდა, ერში თავმოყვარეობა, სინდისი და სიმართლე გაიღვიძებს.
– ივანიშვილი ახსენეთ და რას ფიქრობთ მის ბოლო ინტერვიუზე, რა გზავნილები მიიღეთ მისგან, როდესაც თქვა, რომ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველმა გუნდმა კანდიდატი არ დააყენოს და ეს პოსტი ოპოზიციას დაუთმოს?
– ივანიშვილმა სრულიად საქართველო ხომ „გააბედნიერა“ თავისი ინტერვიუთი, გამოჩნდა, როგორც იქნა, ეკრანზე, დაგვდო პატივი. ლაპარაკობდა ბიზნესმენი, რომელიც გვეუბნებოდა, ამას გავყიდი, იმას ვიყიდი, ამას ამ ფასში მივცემ, ვისაც უნდაო. ეს არ არის პოლიტიკური კრიტერიუმებით საუბარი.
როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე საუბრობს, როგორც ვაჭარი და ქვეყნა მისთვის არის მხოლოდ ქარვასლა, სამარცხვინოა. მაგრამ ეს არაა ახალი. ახალი და მნიშვნელოვანი ის აღმოჩნდა, რომ თურმე ყოფილი პრემიერი ერის სინდისი და ნამუსი ყოფილა.
ბიძინა ივანიშვილისგან განხორციელებული კონტროლი თურმე არაფორმალური მმართველობა კი არა, საზოგადოების კონტროლი ყოფილა. აქამდე არ ვიცოდი, რომ ქართულ საზოგადოებასა და ბიძინა ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანი იყო, თურმე ის უდრის ქართულ საზოგადოებას. ყოჩაღ მას და ყოჩაღ ჩვენს საზოგადოებას!
რაც შეეხება კანდიდატის დაყენებას – ჯერ ერთი, მმართველ გუნდს 6 წლისთავზე ისე რომ დაემხო პარტია, რომ კანდიდატს ვერ პოულობენ, სამარცხვინოა. ამიტომ, ვურჩევ ივანიშვილს, შეეშვას აბსურდულ საუბარს, თითქოს კანდიდატი ჰყავთ, მაგრამ ოპოზიციას დაუთმობენ.
ეს იცით, რას ნიშნავს? როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, ის გააფორმებს რომელიმე სატელიტურ ოპოზიციურ პარტიასთან შეთანხმებას და გადასცემს პრეზიდენტის სავარძელს. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ეს იქნება ნაციონალური მოძრაობის მეორე ფრთა, „ევროპული საქართველო“ და მისი კანდიდატი დავით ბაქრაძე.
ივანიშვილი ცდილობს, რომ ხალხი ისევ მოატყუოს, გააცუროს, მაგრამ იმედი მაქვს, მას ეს არ გამოუვა. ყოველ შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად არა, რადგან მე ცოტა უკეთესი წარმოდგენა მაქვს საქართველოს საზოგადოებაზე და მგონია, რომ მთლად ასე განადგურებული, მიწასთან გასწორებული და თავმოყვარეობადაკარგული არ არის საქართველოს მოსახლეობა.
– უახლოეს დღეებში ცნობილი უნდა გახდეს, რას იზამს გიორგი მარგველაშვილი. რას ვარაუდობთ, წამოაყენებს ის თავის კანდიდატურას და მისი ეს გადაწყვეტილება იქნება თუ არა ივანიშვილთან შეთანხმებული?
– რამე ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ, რა გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა ისეთი, რაც ბიძინა ივანიშვილის სურვილს ეწინააღმდეგებოდა?! თუ არ ჩავთვლით სასახლეში დარჩენას. მხოლოდ აქ გაუწია პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერს წინააღმდეგობა. სხვა ყველაფერში ის აკეთებს იმას, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს.
კაცმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პრეზიდენტად აირჩიეს, რამდენიმე დღეში გამოგვიცხადა, პლასტელინივით ვარო, რომელ კუთხეშიც მიმაგდებენ, იმ კუთხეში მოვექცევიო. პლასტელინი უნდა გყავდეს პრეზიდენტად თუ რკინა- ფოლადი? ქვეყანაში, სადაც ორი მოუგვარებელი კონფლიქტი გაქვს, სადაც დამნაშავეები ჭკუას გვარიგებენ და მორალს გიკითხავენ, ქვეყანაში, სადაც 2/3 სიღარიბის ზღვარზეა და ამ დროს ვირჩევთ პრეზიდენტად პლასტელინს?
მარგველაშვილმა საერთოდ თავი მოიჭრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩევაში. მას, როგორც პრესიდენტს, შანსი ჰქონდა, ცოტათი მაინც აეწია საკუთარი ავტორიტეტი და მან ეს არ გააკეთა. მართალია, ბევრჯერ მოატყუა ოპოზიცია, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ამჯერად მაინც მოიქცეოდა კაცურად, გაბედულად… რა ვიცი, რაც გინდათ, ის დაარქვით. რა გააკეთა ადამიანმა? სასაცილოა, მაგრამ ტრაგიკულია ეს ყველაფერი. ასე რომ, ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის პიროვნული დაპირისპირება არის, მაგრამ მარგველაშვილი მაინც ვერ გაბედავს, მასთან შეუთანხმებლად პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინოს საკუთარი თავი.
სასახლიდან არგამოსვლას და აქ წინააღმდეგობის გაწევას, ჯობდა, სხვა არანაკლებ პრინციპულ საკითხებში გამოეჩინა მეტი სიმტკიცე და შეწინააღმდეგებოდა ივანიშვილს. სასახლიდან არგამოსვლის დაპირისპირებამ შეიწირა სახელმწიფო და საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ივანიშვილმა ძალიან მალე გამოგვიცხადა, რომ თურმე მარგველაშვილში შეცდა, მაგრამ ერთხელაც არ მოუხდია ბოდიში იმ ხალხისთვის, ვისაც აშანტაჟებდა, 62%-ზე ნაკლებ ხმას თუ აიღებს მარგველაშვილი, არ დაგეხმარებითო.
მარგველაშვილში შეცდა, კვირიკაშვილში შეცდა, ზოგიერთ მინისტრში შეცდა, ისიც თქვა, რომ გუნდი ეშლებოდა და სულზე მოუსწრო თავისი დაბრუნებით… საერთოდ რამე მორალური უფლება აქვს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ისევ დააყენოს საპრეზიდენტო კანდიდატი?
– კვირიკაშვილი ახსენეთ. რეალურად რა მოხდა, რატომ მოიძულა ბიძინა ივანიშვილმა ის, რა პროცესები მიდის?
– პროცესი არის ძალიან მარტივი – ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ან ცოტა გაბედულია ან რაღაცა ავტორიტეტს მოიპოვებს. მას სჭირდება მონები, რომლებიც თვალებში მიჩერებიან ბიძინას. თუმცა კვირიკაშვილმა მეტნაკლებად მოახერხა დასავლეთში მის მიმართ სიმპატიის გაჩენა და ეს გახდა ივანიშვილისთვის მიუღებელი.
არ მითხრათ, რომ ივანიშვილმა ახლა გაიგო, რომ მის მთავრობაში კორუფციაა და მინისტრები ფულის კეთებაზე არიან ორიენტირებული. ბიძინა ივანიშვილის ყველა ნაბიჯი მიმართულია არა საქმის და ქვეყნის ინტერესების განხორციელებისკენ, არამედ მისი ძალაუფლების გაძლიერებისკენ. 5 მილიარდს დაცვა სჭირდება და მან ამისთვის ქვეყანა იყიდა. ამ ქვეყანაში კი გიორგი კვირიკაშვილიც მისთვის ერთერთი მონა იყო.
მან თქვა, რომ კვირიკაშვილზე ყველაფერს თუ ვიტყვი, დიდი დრო დამჭირდება და ხალხი უფრო დაიბნევა, ვერაფერს გაიგებსო. ახლა უფრო დაბნეულები ვართ, ბატონო ბიძინა, ახლა უფრო ვერაფერი გავიგეთ. თუ ასე აქცევდა ეს ადამიანი ქვეყანას, თუ ასე იყო კორუფციულ სქემაში ჩაფლული, თუ მან მიიყვანა სიღატაკემდე ჩვენი მოსახლეობა, როცა გინდათ, მაშინ დაიძინეთ, მაგრამ არასოდეს არ იღვიძებდით?!
ახლა გაიღვიძეთ და ეს ყველაფერი ერთ დღეში აღმოაჩინეთ?! აქამდე სად იყავით, რატომ იყო ქვეყნის დამაქცევარი პრემიერ-მინისტრი ამდენი ხანი თანამდებობაზე?! მე არ ვიცავ კვირიკაშვილს, მაგრამ ყველანაირი პასუხისმგებლობის მასზე დაკისრება ვთვლი, რომ უსამართლობაა.
21012 წელს თავის თავზე აიღო ყოველგვარი პასუხისმგებლობა, მაგრამ დღეს მან ეს პასუხისმგებლობა აჰკიდა ყველას, საკუთარი თავის გარდა. ძალიან სასაცილო იყო, როდესაც გამოგვიცხადა, რომ თურმე ერთი კვირა ცუდად ყოფილა და ლამის ლოგინად ჩავარდა, როდესაც გაუგია, რომ ქვეყანა სიღარიბეში იხრჩობა, ოღონდ ამავე დროს ამბობს, ეკონომიკური წინსვლა გვაქვსო.
ეს რანაირად ხდება? თუ ქვეყანა ეკონომიკურად წარმატებულია, ამ ქვეყანაში ხალხს რატომ აქვს მაცივრები ცარიელი, რატომ ვერ ყიდულობენ წამლებს ჩვენი პენსიონერები, რატომ ვერ იხდიან სწავლის ფულს ჩვენი ახალგაზრდები?!
მთელი ინტერვიუ იყო აბსურდი, არაფერი არ თქმულა აფხაზეთზე, არაფერი არ თქმულა სამაჩაბლოზე, არაფერი არ თქმულა ქვეყნის უმთავრეს პრობლემების მოგვარებაზე და თურმე ამ ადამიანზე უნდა იყოს საქართველოს განვითარება დამოკიდებული 2030 წლამდე?! მისგან მოვისმინეთ, რომ 4, 5, 6 წელი თურმე არაფერი არ არის, ორონდ 2012 წელს გვეუბნებოდა, რომ პირველი წელი იქნებოდა კარგი, მეორე უკეთესი, მესამე გადასარევი და მეოთხე მთლად ჭკუიდან გადასასვლელი. ამ პირობას მე ვიძლეოდი, თუ ბიძინა ივანიშვილი იძლეოდა?!
თუ ჩვენს მოსახლეობას ეს აკმაყოფილებს და არ ადარდებს, ნახევრად მშიერი ბავშვები რომ დარბიან საქართველოში და მოხუცებისთვის წამლებს ვერ ყიდულობენ, კი ბატონო, მოითმინონ და იცადონ 2030 წლამდე. ეს მათი არჩევანია და მეც და სხვებიც მივიღებთ ხალხის არჩევანს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018