“ოცნება” ივანიშვილის ჩამოგდებას აპირებს – ყოფილმა პრემიერმა შეიძლება მთელი ქონება დაკარგოს”

რატომ აღარ ენდობა ივანიშვილი “ოცნებას”, უმალავდნენ თუ არა მას ინფორმაციებს, გაიზიარებს თუ არა შევარდნაძის ბედს, მიდის თუ არა ხელისუფლების გადაბარება? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
– ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მედიაში გამოჩნდა. ინტერვიუში, რომელსაც მთელი საქართველო ელოდა, მან ბევრ რამეზე ისაუბრა, თქვა, რომ ქუმსიშვილი და კვირიკაშვილი რაღაცებს უმალავდნენ, თქვა ისიც, რომ ყოფილი პრემიერი მამუკა ხაზარაძეს ლობირებდა. ივანიშვილს სწორ ინფორმაციებს რომ არ აწვდიდნენ და კვირიკაშვილი პოზიციების გამყარებას ბანკირების დახმარებით რომ ცდილობდა, ამაზე თქვენ “ახალ თაობასთან” ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ისაუბრეთ. თქვენთან თუ მოვიდა ინფორმაცია, ივანიშვილმა როგორ ვერ გაიგო?
– რატომ არ მიდიოდა მასთან ეს ამბები, ვერ გეტყვით. თვეების წინ რაც მე “ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვი “ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე, ივანიშვილმა ახლა ყველაფერი დაადასტურა. მე იმაზეც ვსაუბრობდი, რომ მას გუნდი ღალატობდა. ივანიშვილმა ესეც დაადასტურა.
გაუგებარი წარმომავლობისა და პროფესიის მრჩევლებზე მილიონებს რომ ხარჯავს, უმჯობესია, ქართული პრესა იკითხოს. მერე მრჩევლების გარეშეც მიხვდება, რა უნდა აკეთოს და რა – არა.
მისმა ინტერვიუმ ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. დავინახე მარტო დარჩენილი ძალიან მდიდარი კაცი, რომელიც ჩივის. აშკარაა, რომ მას გუნდთან ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. მის გუნდს ბოკერიასთან ალიანსის გამო “ბოცნება” შევარქვი და ეს “ბოცნება” ამყაყებულ ჭაობად არის ქცეული.
კაპიტან გრანტის შვილები გამიგია, მაგრამ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მილიარდერის ხელის გოგო-ბიჭები ობსტრუქციის მოწყობას გაბედავდნენ.
ისე არა ქნას ივანიშვილმა, რომ საერთოდ მეფე ლირივით დარჩეს, მდგომარეობისა და თავისი მილიარდების გარეშე.
– გაუბედავენ ამდენს ივანიშვილს მისი გუნდის წევრები?
– უკვე გაუბედეს. ყველაფერი იქით მიდის, რომ რამე თუ არ შეცვალა, შესაძლოა, ყოფილი პრემიერი მეფე ლირივით დარჩეს. მგონია, რომ ივანიშვილს შევარდნაძის სინდრომი დაემართა. ეს უკანასკნელი მის მიერ გაზრდილმა მოქკავშირის ლეკვებმა გაწირეს.
ივანიშვილმა ისიც უნდა იცოდეს, რომ მას და შევარდნაძეს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. შევარდნაძე მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა იყო. ის, მართალია, ხელისუფლებას ჩამოაშორეს, მაგრამ ამით დამთავრდა ყველაფერი. მას უბატონოდ ხმის გაცემაც კი ვერ გაუბედეს.
ყოფილი პრემიერი ასეთი მასშტაბის ფიგურა არ არის და მას წასასვლელი არსაით აქვს. როგორც კი საქართველოდან ანგლოსაქსურ სამყაროში დააპირებს წასვლას, ეგრევე გაქრება მილიარდები. მის ქონებას ანგლოსაქსური კორპორაციები გააკონტროლებენ. ამიტომ, თუ მოხერხებულად არ იქნა და ნორმალური რჩევები არ გაითვალისწინა, უმძიმეს შედეგებს მიიღებს.
– ამ ინტერვიუში მან უკვე დაიჩივლა, ოპოზიცია უფრო მეტ პატივს მცემს, ვიდრე საკუთარი გუნდიო. მისი ეს განცხადება რას ნიშნავს?
– მან თქვა ის, რაც ხდება. კარგად რომ გადაეხედა თავისი გუნდის წევრებისთვის თავის დროზე, ასეთი მძიმე რეალობის წინაშე არ აღმოჩნდებოდა. თამარ ჩუგოშვილს, კახა კალაძესა და ამ კატეგორიის ხალხს როგორ შეიძლება, ბიძინა უყვარდეს.
ბიძინა ხომ ამბობს, პატივს არ მცემენო, მაგრამ მე შემიძლია დავამატო, რომ ვერ იტანენ და ეზიზღებათ.
– რატომ ეზიზღებათ, მისი წყალობით არ არიან ახლა ხელისუფლებაში?
– ზიზღისთვის მიზეზი აქვთ. მართალია, ხელისუფლების სათავეში არიან, მაგრამ კარგად იციან, რომ მათ მთელი საქართველო დასცინის. კარგად იციან, რომ ხალხი მათ ივანიშვილის ხელის ბიჭებად, შნირებად და მონებად მოიხსენიებს
მონას თავისი პატრონი ეზიზღება და სასურველ მომენტს ელოდება იმისთვის, რომ როგორმე უყელოს. ესენიც ელოდებიან თავიანთ მომენტს და ერთი სული აქვთ, როდის უყელებენ ბიძინას, ამ ზიზღს შეძლებისდაგვარად მალავენ და საჯაროდ მას ხოტბას ასხამენ, მაგრამ ეს სიძულვილი ბოლომდე არ იმალება.
უბედურება ის არის, რომ დენდროლოგიური პარკის მოწყობაზე გადართული ბიძინა ამას ვერ ხვდება. მას სრულ მარტოობაში მოუწევს ყოფნა, თუ აქედან დასკვნები არ გამოიტანა.
– ამ თემაზე მან უკვე ღიად დაიწყო საუბარი და იქნებ დასკვნებიც გამოიტანოს.
– მისი საუბრიდან არ ჩანდა, რომ დასკვნები გამოაქვს. პოლიტიკოსს, გნებავთ, საზოგადო მოღვაწეს, თუ თვითკრიტიკის გრძნობა მოეშალა, იმ წამიდან მისი საქმე წასულია.
შენს თავს გვერდიდან თუ არ შეხედე, შეცდომები არ აღიარე და მხოლოდ წარსული ქმედებების იმედად იყავი, ჩათვალე რომ დამთავრებული ხარ. თვითკრიტიკის უნარი საქართველოში ბევრს წაერთვა და ყველამ ცუდად დაამთავრა. ივანიშვილიც ამ უნარის გარეშეა დარჩენილი.
ეს უნარი რომ ჰქონოდა, ახლა არ აღიარებდა, რომ მისმა გუნდმა ქვეყანა კიდევ უფრო გააუბედურა და დააქცია. არც საკადრო პოლიტიკაში დაშვებულ შეცდომებს აღიარებს. ამიტომაც უთხრიან მას მისი კადრები ძირს.
სათანადო დასკვნები ვერ გამოაქვს, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ შეწუხებულია. ეს მის საუბარსა და გამომეტყველებაშიც ჩანდა. ძველებურად ყინჩად ვეღარ იყო – საქართველოს მოსახლეობას აღარ ასწავლიდა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. ჭკუის სწავლების ნაცვლად ახლა მოსახლეობას შესჩიოდა, რომ გუნდის წევრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს.
– თქვენ გჯერათ, რომ ობსტრუქციას უწყობდნენ?
– ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ. დარწმუნებული ვარ, თანაგუნდელები მას გადაგდებას უპირებენ. თავად თქვა, პოლიტიკაში რომ არ დავბრუნებულიყავი, კვირიკაშვილი ჩემს სატელეფონო ზარებსაც აღარ უპასუხებდაო.
“ბოცნების” ლიდერს ბევრი სალაპარაკო არც აქვს. საშინელ მდგომარეობაშია ქართული ბიზნესი, რასაც საგულდაგულოდ მალავენ. მალავენ “სოკართან” გაფორმებულ ხელშეკრულებასაც. ამ კომპანიას 9.5 მილიონ დოლარად მიჰყიდეს გაზსადენის მილები.
თავის ბოლო ინტერვიუში ივანიშვილმა ისიც გაამხილა, რომ პოლიტიკური პროცესების საქმის კურსში ყოფნას ცდილობდა. არადა, აქამდე ამტკიცებდა, პოლიტიკას ჩამოვშორდიო. მისი სიტყვებია, გარედან ჩემი კონტროლი საკმარისი არ იყო და იძულებული გავხდი, ამ საქმეში ჩავრთულიყავიო.
როდესაც ის პოლიტიკაში მეორედ მოვიდა, მაშინ გითხარით, რომ დაბრუნების მიზეზი პოზიციების შერყევა იყო. ეს რომ ასეა, ივანიშვილმა თავად დაადასტურა და მდგომარეობის შესაცვლელად მართვაში ჩაერთო.
მან არაფერი თქვა იმ გზებზე, რომელმაც საქართველო უკეთესობისკენ უნდა წაიყვანოს. სამაგიეროდ, ბევრი ისაუბრა ყიდვა-გაყიდვაზე, რაც მთავარია, საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და საგარეო აქცენტებზე ერთი წუთი და 15 წამი ისაუბრა, ხეების გადატანაზე კი 25 წუთი ილაპარაკა.
– ხეების გადატანა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის საგარეო პოლიტიკა?
– მისთვის ხეების გადატან-გადმოტანა უფრო საინტერესოა. პოლიტიკას რაც შეეხება, ეს საქმე არ იცის. რატომ არ იცის? ინფორმაცია არა აქვს. მას ინფორმაციას თავისი ხელის გოგო-ბიჭები უნდა აწვდიდნენ, რომლებიც წურბელებივით არიან მიმსხდარნი მის “ქართუ ბანკზე”. ამ ხალხისთვის ივანიშვილი მანამდე იქნება მეწველი ძროხა, სანამ ახალ პატრონს არ მოძებნიან.
ყოფილმა პრემიერმა ბევრი ისაუბრა გაჭირვებაზე, მაგრამ ქვეყანაში გამეფებულ სიღარიბეზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ის პასუხისმგებლობას არც სისხლიან სპეცოპერაციებსა და ჩავარდნილ საგარეო პოლიტიკაზე გრძნობს.
ფაქტობრივად, გვითხრა ის, რომ 6 წელი პოლიტიკურ საღათას ძილში ამყოფებდნენ. ეს ადამიანი აპირებს, სათავეში კიდევ 12 წელი იყოს.
– 2030 წელი უცნაურად აქვს მას აჩემებული, მაგრამ არანაკლებ უცნაური განცხადება გააკეთა პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით. დარჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტია თავისი კანდიდატურის დასახელებას არ აპირებს და ერთ-ერთ ოპოზიციონერ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ყველაზე მეტი ეჭვი “ევროპული საქართველოს” კანდიდატ დავით ბაქრაძეზეა.
– არაფერი გამორიცხული არ არის. მმართველ პარტიას ტყუილად კი არ შევარქვი “ბოცნება”. ბოკერიას გუნდთან ივანიშვილს საეჭვოდ კარგი ურთიერთობები აქვს.
ის კარგად ხედავს, რომ “ოცნებაში” დასაყრდენი არა აქვს და ცდილობს, ბოკერიას ფრთასთან გამონახოს საერთო. არც ის არის შემთხვევითი, რომ “ევროპულ საქართველოს” პარლამენტში სასათბურე პირობები აქვს შექმნილი.
მმართველი პარტია საკუთარი კანდიდატურის შერჩევასაც შეეცდება, მაგრამ, თუ ვერ შეარჩევენ, ივანიშვილი მხარს დაუჭერს ბაქრაძეს.
– ამის გაკეთება მის იმიჯზე ცუდად არ იმოქმედებს?
– ამას პირდაპირ არ გააკეთებს, ისევე ფარულად დაუჭერს მხარს, როგორც ბოკერიას უჭერს. არ გამოვრიცხავ, მთაწმინდის ვარიანტი გაითამაშონ და ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი.
თავის გამოსვლაში ივანიშვილმა იმდენი აქო პარლამენტი, რომ ცხადია, მასზე დიდი გავლენა აქვთ ჩუგოშვილსა და კობახიძეს. ბიძინას პრეზიდენტობის კანდიდატად ძალიანაც უნდოდა ჩუგოშვილის კანდიდატურის დასახელება, მაგრამ ასაკმა არ შეუწყო ხელი.
– “ოცნების” ლიდერი ბანკებსაც დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა. ეს რას ნიშნავდა?
– ეს იმას ნიშნავს, რომ ცდილობს, ყველაფერი გიორგი კვირიკაშვილს დააბრალოს. რამდენიმე თვის წინ გითხარით, რომ ის მამუკა ხაზარაძის დახმარებით ცდილობდა პოზიციების გამყარებას. ყოფილი პრემიერის ქმედებებზე იმდენი ვისაუბრე, ტომები დაიწერება, მაგრამ ყველაფრის მისთვის დაბრალება არ შეიძლება.
ბანკებმა მართლა გადაჭამეს ქვეყანა და ხალხი, მაგრამ ეს ეროვნულ ბანკს უნდა დაერეგულირებინა. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ბანკებს ეროვნული ბანკი უწესებს რეგულაციებს. ეს თუ არ იცის, ძალიან ცუდია.
– ბანკებმა რომ ქვეყანა გადაჭამეს, ივანიშვილს ამის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ ჰქონდა?
– ამ ყველაფრის შესახებ ის საქმის კურსში იყო, მაგრამ პროცესებში არ ერეოდა. ასე იყო მანამ, ვიდრე საქმე ლამის მის ჩამოგდებამდე არ მივიდა.
ასეულობით მილიონის გაქრობაზეა საუბარი, ამდენი თანხა ასე უცბად არ გაქრებოდა. ამდენი ხანი რას უყურებდა ივანიშვილი, ან თავად რატომ არ უნდა აგოს ამაზე პასუხი? კვირიკაშვილი პრემიერად მან დასვა. მანვე მოიყვანა მთავრობაში ქუმსიშვილი. ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ მაშინ უნდა გაეგდო, პარლამენტში როცა თქვა, ბღუჯა ფული რომ დავინახე, გამაჟრიალაო.
დაიმახსოვრეთ, “ქართული ბოცნება” არის კულაკური ფსიქიკის მდაბიორების გაერთიანება. ისინი ორ საქმეში არიან გაწაფული – როგორ შეუძვრნენ ერთი მიმართულებით ივანიშვილს და როგორ გამოიყენონ ეს მდგომარეობა გამდიდრებისთვის. მეტი მათ არაფერი უნდათ და არც შეუძლიათ. გარდა ამისა, ეს ადამიანები ყოველივე კარგისა და ნიჭიერის მიმართ დაკომპლექსებული არიან.
მათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ, არსაიდან მოყვანილი აჭარის მთავრობის მეთაური ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მეჩეთის დადგმას რომ ითხოვს. ამ კულაკებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ, საქართველოს საზღვრები ყოველდღე რომ მცირდება. ფეხებზე ჰკიდიათ, დემოგრაფიული მდგომარეობა რომ უარესდება. საერთოდ აღარ ახსოვთ დაკარგული ტერიტორიები.
აი, ასეთი ხალხია სათავეში, ისინი ახლა კი უძვრებიან ივანიშვილს, მაგრამ, თუ დასჭირდათ, მას ჩამოაგდებენ და მეფე ლირივით ყველაფრის გარეშე დატოვებენ.
– ივანიშვილი მოიცილებს მათ თუ ისინი ჩამოაგდებენ მას?
– ივანიშვილი ამ ხალხს ვერ ჩამოიცილებს. ერთ ნაკადს გაუშვებს და მეორე ნაკადს მოიყვანს, სადაც ისევ კულაკური ფსიქიკის ხალხია.
– საკუთარი თავის მტერია, ასეთი ხალხი რომ მოჰყავს?
– საკუთარი თავის მტერი არ არის, მაგრამ ღირსეულ ადამიანებს არ იცნობს. მიჩვეულია მონებს და იმას, ხელებზე რომ კოცნიან. არა მყავს ეგ ძველი ბერძენი არისტოკრატი, ერთი ხელით დემოკრატიაზე ტრაქტატებს წერდეს, ხოლო მეორე ხელით ზურგს აფხანინებდეს მონებს.
ახლა სხვა დროა და ეს მონები გადაიყოლებენ მას. მისი ბედი იმდენად არ მაღელვებს, მაგრამ ამას ქვეყანაც გადაჰყვება და ეს არის უბედურება.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018