პოლიციელს, რომელმაც ფოთში ნაზიმ გუზანოვი მოკლა, მოსამართლე ნატრული აკობიამ პატიმრობა შეუფარდა

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულის სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრალდებულის უფლებადამცველმა შუამდგომლობა პოლიციელის გირაოს სანაცვლოდ გამოშვების შესახებ დააყენა, თუმცა მოსამართლე ნატრული აკობიამ არ დააკმაყოფილა.
ბრალდების მხარის სამეგრელო -ზემო სვანეთის პროკურორის, დავით პაპავას განმარტებით, საქმეში არსებული რამდენიმე მოწმე და ამოღებული ნივთმტკიცება იძლევა იმის საფუძველს, რომ მიემართათ სასამართლოსთვის აღნიშნული შუამდგომლობით.
“მოცემულ ეტაპზე არსებობდა ის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულს წარდგენოდა ბრალი 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით. საქმეში არსებული მტკიცებულებებები იძლევა იმის საფუძველს, რომ ბრალდების მხარეს მიემართა სასამართლოსთვის, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო წინასწარი პატიმრობა. რაც შეეხება მტკიცებულებას, მათი გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ. შემიძლია გითხრათ, რომ საქმეში არსებობს მტკიცებულება იმის დასასაბუთებლად, რომ ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი დანაშაული. არაერთი მოწმის ჩვენება არის საქმეში, ამოღებულია სხვა ნივთმტკიცებაც“, – განმარტა დავით პაპავამ.
რაც შეეხება ბრალდებულის ადვოკატს, იოსებ ჯანაშიას, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა გამბედავი.
„პროცესზე არ განუხილავთ არანაირი მტკიცებულება. მოხდა ისე, რომ სასამართლომ ერთგვარი გაუბედავი როლი ითამაშა. მაშინ, როდესაც აბსოლუტურად უარგუმენტო თემები იქნა მოყვანილი. იყო ერთ-ერთი არგუმენტი, რომ ბრალდებული არის აფხაზეთიდან დევნილი და ის შეიძლება მიიმალოს, თუმცა სასმართლომ თავის განმარტებაში გაამახვილა ყურადღება მომეტებულ საზოგადოებრივ ინტერესზე. თემა გამართლდა იმით, რომ თუ არის პირი გარდაცვლილი და ის არის პოლიციელის ხელით გარდაცვლილი, არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვები საზოგადოების მხრიდან. პირი აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მოთავსებული წინასწარ პატიმრობაში“, – აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.
თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრებოდა. როგორც ადვოკატმა განმარტა, მას ტვინის შერყევა აქვს და მისი გადაადგილება არ არის რეკომენდებული.
ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს ბრალი 116 -ე მუხლით გუშინ გადაუკვალიფიცირდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. თავდაპირველად გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის არეში დაზიანება მიაყენა ერთ პირს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აღნიშნულის გამო პროკურატურამ პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018