რამაზ საყვარელიძე – “ივანიშვილი გარემოცვაზე მაღლა უნდა დადგეს და მაშინ მისი ტყვე არ გახდება”

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, “რას იტყვით “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე?
– “ქართული ოცნების” ეს თავგადასავალი დავით ჭიჭინაძით არ იწყება. ამ ამბავს წინამორბედი ჰყავდა და ეს გედევან ფოფხაძე იყო. მაშინ ფოფხაძის პროტესტმა გარკვეული ძვრები გამოიწვია და პარტიის შიგნით განხეთქილება დაიწყო. უკვე გასაგები იყო, ვინ რომელ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. ეს არ იყო მარტივი პროცესი. ეს ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებითაც დადასტურდა.
– პარტიის ლიდერებმა მაშინ გვითხრეს, რომ ამას არ უკავშირდებაო, მაგრამ ივანიშვილმა დაადასტურა.
– დიახ. მაშინ გედევან ფოფხაძესთან დაკავშირებული ამბავი თითქოს ამოიწურა, მაგრამ ცოტა ხანი გავიდა და მივიღეთ უფრო მძიმე სურათი ჭიჭინაძის ავტორობით. ე.ი. რაღაც ხდება პარტიის შიგნით, რაც არც ისე სასურველია. კი დაბრუნდა ივანიშვილი, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება.
– რატომ, როგორ ფიქრობთ?
– იმიტომ, რომ საქმე არც ფოფხაძეშია და არც – ჭიჭინაძეში. ამ ორი ადამიანის გარეშეც იარსებებს “ოცნება”, გნებავთ, უფრო მეტი ადამიანიც რომ წავიდეს, ეს რას დააკლებს “ქართულ ოცნებას”, არც არაფერს. აქ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ინციდენტები მიუთითებენ იმაზე, რომ რაღაც პროცესი მიდის, რაღაც ხდება და ეს მიდის პროტესტის ფონზე, რაც სირთულეებს წარმოშობს.
ჭიჭინაძემ კი თქვა, რომ არ მგონია ეს გადაწყვეტილება ივანიშვილს მიეღოო, მაგრამ ივანიშვილს დღეს პარტიაში რა ფუნქცია აქვს?! რა თქვა, რომ დაბრუნდა, რატომ დავბრუნდიო, ხომ ყველას ახსოვს?! პარტიის თავმჯდომარის რანგში დაბრუნდა, რიგით წევრად ან დამლაგებლად ხომ არ დაბრუნებულა?!
– თქვენ თქვით, რომ “ოცნებას” ამ ადამიანების წასვლით არაფერი დააკლდება, მაგრამ ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ ახალი ფრაქცია შეიქმნას – “ქართული ოცნება – 2012”. მარტო მე არ ვარ, სხვებიც არიანო. საკონსტიტუციო უმრავლესობას საფრთხე ხომ არ შეექმნება?
– არა მგონია. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ უკან წაიღო თავისი სიტყვები გედევან ფოფხაძემ, მან ბოდიშიც კი მოიხადა და თქვა, რომ ემოციურ ფონზე გააკეთა განცხადება კომკავშირთან დაკავშირებით. ჯერ-ჯერობით ასპარეზზე მხოლოდ დავით ჭიჭინაძეა გამოსული. ფოფხაძე მზად არის, შემრიგებლის თუ შუამავლის ფუნქციაც კი იტვირთოს, როგორც ეს თავის დროზე ჭიჭინაძემ იტვირთა. ფაქტი ერთია, დიახ, რაღაც პროცესი მიდის, მაგრამ მე არ მგონია, ეს პროცესი კარგი რამის მომტანი იყოს.
– ვოლსკიმ თქვა, რომ ჭიჭინაძის გარიცხვა პარტიული დისციპლინისკენ გადადგმული ნაბიჯია. მართლაც ასეა?
– ხშირად ვიშველიებთ ამერიკას, როგორც დემოკრატიის მაგალითს, მაგრამ არ გვახსოვს, რეალურად როგორ მუშაობს იქ დემოკრატია, მაგალითად, როგორ მუშაობენ პარტიები. დაირღვა დისციპლინა თუ არ დაირღვა – ასე არ არის იქ სტრუქტურირებული პარტია. პარტიის იდეა, პარტიის ცნება სხვანაირად არის გაგებული იქ. მთელი ამერიკა, რესპუბლიკელების ჩათვლით, დონალდ ტრამპს ლანძღავს, მაგრამ არავის თავში აზრად არ მოუვა, რომ ტრამპის რესპუბლიკური პარტიიდან გარიცხვის საკითხი დააყენოს. ჩვენ საბჭოური ინერცია მოგვყვება.
თავის დროზე ჰიტლერმა გადაწყვიტა, რომ ძალიან სტრუქტურირებული ყოფილიყო პარტია სრულიად გასაგები მიზეზებით, იგივე მიზეზი ჰქონდა მუსოლინისაც, მაგრამ მერე დასავლეთმა ჩათვალა, რომ ასეთი პარტიული წარმონაქმნი მათ ავტოკრატიამდე მიიყვანდა.
– შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პარტია გაწმინდოს იმ პირებისგან, რომლებსაც უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიციები აქვთ?
– ბიძინა ივანიშვილი დღეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არის ის ფიგურა, რომელიც სასურველია, რაც შეიძლება თავისუფალი იყოს. ლიდერებს ყოველთვის ეტმასნებიან მომხრეთა ის ჯგუფები, რომლებიც ლიდერის იზოლაციას ცდილობენ.
– გარემოცვაზე მიანიშნებთ, როგორც თავის დროზე იყო შევარდნაძის, სააკაშვილის გარემოცვა?
– დიახ, რომელიც ყოველთვის არსებობს, არც შევარდნაძის გახსენება გვინდა და არც სააკაშვილის, ისტორიას რომ გადავხედოთ, მთელი ისტორია ნებისმიერი ლიდერისა თუ მეფისა, თავის ტკივილად ექცევა ხოლმე გარემოცვა. მისი გარემოცვისგან შევიწროებულმა მაო ძედუნმა ხუნვეიბინები გამოიგონა. ამ ფაქტს იცნობს ისტორია. გარემოცვა საკმაოდ სერიოზული მოვლენაა, ასე მარტივად ნუ უყურებთ ამ ფენომენს.
– შეიძლება მართლაც გარემოცვის ტყვეობაშია ივანიშვილი?
– არაფერი არ არის გამორიცხული. ერთ-ერთი გზა გარემოცვისგან თავისუფლების შენარჩუნების არის ის, რომ დაპირისპირებული ძალები შეინარჩუნო და იმათ დაპირისპირებაზე ააგოს ლიდერმა თავისი თამაში. საკმარისია, ლიდერმა რომელიმე მხარე აიღოს, რომ ის იმ მხარის ტყვე გახდება უმოკლეს ხანებში და იძულებული იქნება, მათ დაჰყვეს.
ეს ყველაფერი ისტორიისთვის ძალიან ნაცნობი სიუჟეტია. ამიტომ არ არის სასურველი მისი განმეორება, მით უფრო ივანიშვილისთვის ძალიან ადვილია, რომ შუა წერტილი დაიკავოს და არ გადაიწონოს რომელიმე მხარეს.
– გამორიცხავთ, რომ ეს იყოს კვირიკაშვილის თამაში? კვირიკაშვილს უმრავლესობაში დასაყრდენი დეპუტატები ჰყავდა, ერთ-ერთი ჭიჭინაძეა. შეიძლება ის კვირიკაშვილის თამაშს თამაშობდეს?
– გამორიცხვით, რა თქმა უნდა, ვერაფერს გამოვრიცხავ. პოლიტიკა ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ყველა რაუნდი პოლიტიკისთვის ბუნებრივია, უცხო ნამდვილად არ არის. თუმცა, ამის მიუხედავად, ამოცანა ამოცანად რჩება.
მთელ ამ პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის გასათვალისწინებელი: წინ საპრეზიდენტო არჩევნებია. იმ ნიჰილისტური განწყობების ფონზე, რომელიც ამომრჩეველშია, სულ ადვილია, სახელისუფლო ძალის კონკურენტებმა ამით ისარგებლონ და ეს დაპირისპირება სათავისოდ გამოიყენონ. ამას ხომ ვერავინ ვერავის დაუშლის?! ეს ფაქტები იქნება გამოყენებული პროვოცირებისთვის და შავი პიარის ასაგორებლად, მით უფრო სულ ცოტა დრო დარჩა საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
ეს არ აისახება არც კვირიკაშვილზე, არც ჭიჭინაძეზე და არც ივანიშვილზე, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატზე, უშუალოდ არა, მაგრამ ირიბად ნამდვილად აისახება და გავლენას იქონიებს. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018