რა დაინახა ვანგამ საქართველოზე – რიცხვი 20 და ოთხი მეფე – კახა ბასილია: ,,ვფიქრობ, ვანგამ ჩვენი ქვეყნის ოთხი პრეზიდენტი იგულისხმა”

ბულგარელი ნათელმხილველისა და სახალხო მკურნალის, ვანგას, სახელი მის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მისი არაერთი წინასწარმეტყველება ასრულდა, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომი, ფაშიზმის დამარცხება, თავდასხმა ამერიკის პრეზიდენტ ჯონ კენედიზე, “ამერიკელი ძმების (სავარაუდოდ, ტყუპი ცათამბჯენების) დაცემა რკინის ჩიტებით” და სხვა.

ამბობენ, რომ სტალინის სიკვდილი ვანგამ ნახევარი წლით ადრე იწინასწარმეტყველა, რის გამოც დააპატიმრეს და მხოლოდ საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ გაათავისუფლეს. ბულგარელმა მეცნიერმა, გეორგი ლოზანოვმა, 25 წლიანი დაკვირვების შედეგად ვანგას 7000-ზე მეტი ასრულებული წინასწარმეტყველება აღნუსხა, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ნათელმხილველის ყველა პროგნოზი არ გამართლებულა.

ვანგა, იგივე ვანგელია პანდევა გუშტეროვა (ქალიშვილობის გვარი – სურჩევა, სხვა ვერსიით დიმიტროვა), 1911-1996 წლებში ცხოვრობდა. სიმბოლურია, რომ სახელი ვანგელია ბერძნულად “კეთილ ამბავს” ნიშნავს.

ვანგას ცხოვრება იდუმალებითაა მოცული. ცნობილია ის, რომ მძიმე ბავშვობა განვლო. სოფელში, გლეხის ოჯახში იზრდებოდა. 12 წლის გოგონა საშინელმა ქარიშხალმა აიტაცა და შორს მოისროლა, რის გამოც თვალისჩინი დაკარგა. სამაგიეროდ, გაეხსნა “გონების თვალი”, შინაგანი ხედვა. 29 წლის ასაკში უკვე წინასწარმეტყველებდა. მასთან ბედის საკითხავად უამრავი ადამიანი მიდიოდა მთელი მსოფლიოდან, მათ შორის – სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირებიც.

1987 წელს, ბულგარეთში ყოფნისას, ვანგასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა საქართველოს კარატესა და საბრძოლო ხელოვნებათა ლიდერს, კახა ბასილიას. მაშინ ის 23 წლის იყო. ამ შეხვედრიდან დატოვებულ მოგონებებსა და შთაბეჭდილებებს კახა ბასილია “სარკესთან” იხსენებს.

კახა ბასილია:

– ვანგასთან ჩემი საქმიანობით მოვხვდი. კარატეში ბავშვობიდან ვვარჯიშობდი. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ლვოვის ინსტიტუტში ჩავაბარე. საბჭოთა კავშირში კარატეს კრძალავდნენ, სპორტის სახეობად არ აღიარებდნენ, ევროპაში კი დაშვებული იყო. მოგეხსენებათ, ლვოვი უკრაინის სასაზღვრო ქალაქია – შესაძლებლობა მომეცა, მემოგზაურა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ახალ-ახალი ინფორმაცია მომეძიებია კარატეში.

ჩეხოსლოვაკიაში შავი ქამარიც მოვიპოვე. 80-ანი წლების საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი შავი ქამრის მფლობელი ვიყავი კარატეში. ლვოვის ხე-ტყის ინსტიტუტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, კარატეს სექციაც გავხსენი, ვავარჯიშებდი. ეს ლვოვში ერთადერთი სექცია იყო სპორტის ამ სახეობაში, ჩემთვის კი – საყვარელი საქმე და შემოსავლის წყაროც. ჩემთან ვარჯიშობდნენ ლვოვის უნივერსიტეტის სტუდენტები სხვადასხვა სოციალისტური ქვეყნებიდან.

ჩემი საყვარელი სპორტსმენი იყო ბულგარელი ბორის ბორისოვი, ბობის ვეძახდი. ზაფხულობით მეპატიჟებოდა თავის ოჯახში ბულგარეთში, ქალაქ ბლაგოევგრადში. ვისვენებდით და თან ვვარჯიშობდით. ბებიამისი ეკლესიას უვლიდა, პატრონობდა და ვანგასთან ახლობლობდა. ბობის დედა და ვანგას შვილობილი, დიმიტრი, თანაკლასელები იყვნენ და ოჯახებით მეგობრობდნენ. ვანგა ბლაგოევგრადიდან დაახლოებით 80 კმ-ში, სოფელ რუპიტეში იღებდა ხალხს.

მასთან მაშინდელი ბულგარეთის ცკ-ის გენერალური მდივნის ქალიშვილი მეგობრობდა, წინასწარმეტყველი რჩევებს აძლევდა. მოსალოდნელი საშიშროების შესახებაც გააფრთხილა. სამწუხაროდ, ქალმა არ გაითვალისწინა და დაიღუპა.

ვანგა თავისი სახსრებით რუპიტეში სამლოცველოს აშენებდა. ბობის დედა არქიტექტურის სფეროში მუშაობდა, დროდადრო ჩადიოდა მასთან და მშენებლობას მეთვალყურეობდა.

— საინტერესოა, ვანგას მიერ აშენებულ ტაძარში ღვთისმსახურება თუ აღევლინება.

– ბულგარეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, როგორც ითქვა, არქიტექტურული ფორმის და მოხატულობის თავისებურებათა გამო კანონიკურად არ ცნო, ეკლესიად არ აკურთხა. ამის მიუხედავად, სამლოცველოს მაინც ჰყავს მოძღვარი და მრევლი, დღემდე ხალხის ნაკადი არ წყდება. შესანიშნავი ტაძარია, წმინდა პარასკევას სახელს ატარებს.

სამღვდელოება ვანგას წინასწარმეტყველების უნარს საღვთოდ არ მიიჩნევს, არადა ვანგა რელიგიური იყო, მარხვასაც ინახავდა. ასკეტურად ცხოვრობდა ძალიან უბრალო სახლში, ფულთან შეხება არ ჰქონდა. ფინანსურ და საორგანიზაციო საქმეებს მისი შვილობილი უძღვებოდა. ვანგა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისივე აგებული ტაძრის ეზოში დაკრძალეს. 2008 წელს მის საცხოვრებელ სახლში, სოფელ პეტრიჩში, სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

— ბულგარეთში ცნობილ ნათელმხილველთან შეხვედრის შანსი მოგეცათ და გამოიყენებდით…

– ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რისი გაგებაც მსურდა, იყო – შევიდოდა თუ არა კარატე 1988 წელს ოლიმპიურ თამაშებში. კარატისტებს განსაკუთრებული მოლოდინი გვქონდა ამის. ბობის დედას ვთხოვე, ეკითხა ეს ვანგასთვის.

– რუსეთიდან მყავს სტუმარი, ბორისის კარატეს მასწავლებელი და ეს საკითხი აინტერესებს, – უთხრა ბობის დედამ ვანგას (ზოგადად საბჭოთა კავშირს უცხოეთში რუსეთად აღიქვამდნენ).

– ეგ ადამიანი რუსეთიდან არ არის, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდანაა, ჩვენი სულიერად მონათესავე ერიდან, მომიყვანე, პირადად დაველაპარაკები, – მოულოდნელად უპასუხა ვანგამ. თუმცა უნდა ითქვას, მას უყვარდა რუსეთი, ფიქრობდა, რომ რუსეთს რაღაც მისია ჰქონდა.

— ვანგასთან შეხვედრას ალბათ მღელვარებაც ახლდა.

– წესი იყო, წინასწარმეტყველების მსურველს ღამით შაქრის ნატეხები უნდა დაგედო ბალიშის ქვეშ და მეორე დღეს ვანგასთან მიგეტანა – წინასწარმეტყველებაში ეხმარებოდა. შაქარი თავქვეშ კი დავიდე, მაგრამ ნერვიულობისგან წაღება დამავიწყდა. დაგვხვდა უზარმაზარი რიგი. მეორე შესასვლელიდან შემიყვანეს, რომლითაც ოჯახის წევრები სარგებლობდნენ, აქედან შეჰყავდათ მასთან განსაკუთრებული სტუმრები, მაღალჩინოსნები, მთავრობის მეთაურებიც. “კაგებე”-ს გადაცმული თანამშრომლები სიტუაციას აკონტროლებდნენ.

ვანგა ყველას იღებდა განურჩევლად. როგორც მითხრეს, ადრე უფასოდ ემსახურებოდა ხალხს, მხოლოდ საჩუქრებს სჯერდებოდა, თუ მისცემდნენ. მერე (1967 წლიდან) სახელწიფომ ნათელმხილველი ოფიციალურ მოხელედ გააფორმა და ხელფასიც დაუნიშნა – 200 ლევი (ბულგარული ფულის ერთეული). ვანგას მომსახურებისთვის კი ასეთი ტარიფი დააწესა: სოციალისტური ქვეყნის მოქალაქე იხდიდა 10 ლევს, ხოლო კაპიტალისტური ქვეყნის – 50 დოლარს. შემოსულ თანხას სახელმწიფო იღებდა.

— როგორი იყო თქვენი შეხვედრა ამ მისტიკურ ადამიანთან?

– დათქმულ დროს შევედი. ვანგას შუადღის შესვენება ჰქონდა. ნახევრად ბნელ, მოსასვენებელ ოთახში ტახტზე იჯდა მთვლემარე. ხილვებში იყო. 76 წლისა გახლდათ.

შესვლისთანავე ვიგრძენი დიდი მისტიკური ენერგია. აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების მრავალ ოსტატს შევხვედრივარ, მაგრამ მსგავსი სიმძლავრის ენერგია არ მიგრძვნია. ძალიან დავითრგუნე, ყელში ბურთი გამეჩხირა, სიტყვა ვერ დავძარი.

ვანგამ თავადვე დამიწყო ლაპარაკი იმ თემებზე, რაც წინასწარ მქონდა დალაგებული გონებაში. ძალიან უბრალო და უშუალო საუბარი სჩვეოდა, ბებიასავით, ამიტომ “ბაბა ვანგას” ეძახდნენ. ნახევარ საათზე მეტ ხანს მელაპარაკა, თუმცა 2-3 წუთად მომეჩვენა. დროის შეგრძნება დავკარგე, გონება გამეთიშა. არ გამოვრიცხავ, რომ ვანგა ჰიპნოზის ელემენტებსაც ფლობდა… რომ წამოვედი, მისი ნათქვამიდან აღარაფერი მახსოვდა. ერთადერთი, რაც გონებაში მიტივტივებდა, იყო რიცხვი 20.

ვანგამ მითხრა, სადაც სწავლობ (ეკონომიკურზე სწავლას გულისხმობდა) და შენი საყვარელი საქმე სრულიად სხვადასხვაა, ტყუილუბრალოდ დროს რატომ კარგავ, მიჰყევი შენს გზას (ანუ კარატეს), ნუ გადაუხვევ, დაიმახსოვრე რიცხვი 20, მასთან არის დაკავშირებული ის, რაც გარდაქმნას, წარმატების პიკს მოგიტანს, მაშინ დაიწყება შენი ოცნებების ასრულებაო.

თავი ვიმტვრიე, რას აღარ დავუკავშირდე ეს რიცხვი, მაგრამ ვერაფერს მივხვდი. დროთა განმავლობაში მიმავიწყდა კიდეც. ზოგადად, ყველაფერი, რაც ვანგამ მიწინასწარმეტყველა, დროდადრო მახსენდებოდა, უმეტესად მაშინ, როცა ასრულებას იწყებდა ან უკვე სრულდებოდა.

— ამ იდუმალი 20-ის საიდუმლო გაცხადდა?

– კარატე არ შეიტანეს არც 2012, არც 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. 2016 წელს მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის ლიდერი გახდა თომას ბახი, რომელმაც შეცვალა წესები ახალი სახეობების მიღების თაობაზე. ეს საკითხები იმავე წლის აგვისტოში უნდა განეხილათ. მაისში შევხვდი მსოფლიო კარატეს ფედერაციის პრეზიდენტ ანტონიო ესპინოზას. მან მითხრა, სასწაული უნდა მოხდეს, რომ აგვისტოში საკითხი კარატეს სასარგებლოდ გადაწყდეს და 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში შეიტანონო.

სწორედ მაშინ გამახსენდა ვანგას დასახელებული 20. მივხვდი, რა ოცნებაც უნდა ამისრულდეს ამ რიცხვთან დაკავშირებით. გამეღიმა და ესპინოზას ვუთხარი, ასპროცენტიან გარანტიას გაძლევთ, რომ კარატე 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში შევა-მეთქი. გაოცებული მიყურებდა. მართლაც, აგვისტოში კარატე შეიტანეს 2020 წლის ოლიმპიურ პროგრამაში. ბატონმა ესპინოზამ პირველად მე მახარა ეს მნიშვნელოვანი ამბავი.

— გილოცავთ, მართლაც სასიხარულო ფაქტია! ჭიდაობა, ძიუდო, ტაეკვონდო, ფარიკაობა – საბრძოლო ხელოვნებათა ოლიმპიური სახეობებია. სპორტული კარატე ათეულობით წელი რატომ ვერ მოხვდა ამ სიაში?

– ზოგადად კარატე თავისი არსითაც ხომ თავდაცვის სისტემაა და მაღალ მორალურ პრინციპებზე დგას. კარატეს პრობლემა ისაა, რომ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია და უდიდესი ორგანიზაცია აქვს. კარატეში ოფიციალურად რეგისტრირებულია ას მილიონზე მეტი ადამიანი.

ყველა დიდოსტატს ჰქონდა თავისი სკოლა, ორგანიზაცია განსხვავებული სტილით, თავისი წესებით. ვერ შეჯერდნენ. თაობის შეცვლა დასჭირდა, რომ კარატეს ლიდერებს ამბიციები გვერდზე გადაედოთ და საერთო წესებზე შეთანხმებულიყვნენ. საგულისხმოა ისიც, რომ 2020 წლის ოლიმპიურ პროგრამაში ჩართეს სწორედ მსოფლიო კარატეს ფედერაცია, რომლის პრეზიდენტია ანტონიო ესპინოზა. ჩვენც მისი წევრი ვართ, თუმცა დღესდღეობით მსოფლიოში კარატეს სხვა ორგანიზაციებიც მოქმედებს.

— როგორც ვიცი, ვანგამ საქართველოს მომავალიც გიწინასწარმეტყველათ.

– მითხრა, შენს ქვეყანას დიდი განსაცდელები, სისხლისღვრა, მსხვერპლი ელოდება, მაგრამ ოთხი მეფის შემდეგ აღმავლობას და აღორძინებას დაიწყებსო. მაშინ, 1987 წელს, ომსა და უბედურებას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ მომდევნო, 90-იანმა წლებმა ყველაფერი დაადასტურა.

მეფის ხსენებამაც გამაოცა. ვფიქრობ, ოთხ მეფეში ვანგამ ქვეყნის ოთხი მეთაური, ოთხი პრეზიდენტი იგულისხმა. დარწმუნებული ვარ, 2020 წლიდან საქართველოში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება, აღორძინების ეპოქა დაიწყება. ჩემი მიზნები, ოცნებები, ჩემი საქმიანობაც ხომ ჩემს ქვეყანასთანაა დაკავშირებული. ვანგამ ეს ფართო მასშტაბებში დაინახა. დიდი პროცესები დაიწყება, ველოდები, ამისთვის ენერგიას ვინახავ.

— თქვენს პირად ცხოვრებაზე გითხრათ რამე, რაც აგისრულდათ?

– ვანგას რომ შევხვდი, 23 წლის ვიყავი. მყავდა საცოლე ლვოვში. ხელის მოწერას მაისში ვგეგმავდით, მაგრამ საცოლის დედამ გადაგვივადა – მაისში ქორწინებას ოჯახური ბედნიერება არ მოაქვს, ხვავიანი ოქტომბერი ჯობიაო. საცოლის დედა ბაზრობის დირექტორი იყო, ძალიან ვუყვარდი, მაფასებდა, პერსპექტიულ სასიძოდ მთვლიდა… ვანგამ მითხრა, რომ ეს საქმე ჩაიშლებოდა. მართლაც, უმნიშვნელო მიზეზის გამო დავცილდით. იყო კიდევ ცალკეული შემთხვევები…

— თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ვანგამ რა გითხრათ ისეთი, რაც წარმოუდგენლად გეჩვენათ, მაგრამ აგიცხადდათ?

– ვანგამ მითხრა: “შენ, რომელიც იქნები პირველი, შენს ქვეყანაში მაინც დაბრუნდები და იქნები ბოლო”. ეს წინასწარმეტყველებაც ამიხდა, არადა ვერაფრით წარმოვიდგენდი.

ვიყავი ლვოვის ტრადიციული კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე უკრაინის საბრძოლო ხელოვნებათა ორგანიზაციის პრეზიდენტი, მქონდა ბინა ლვოვში, მანქანა. საქართველოში ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, ყველაფერი დავტოვე, ქონება გავყიდე და სამშობლოში დავბრუნდი, ჩემი ძალა და ენერგია ჩემი ქვეყნისთვის რომ მომეხმარებინა. ამასობაში მოხდა ინფლაცია და მთელი ფული გამიუფასურდა. გავკოტრდი.

დავიწყე მუშაობა სახელმწიფო დაცვაში მიზერულ ხელფასზე – 15 კუპონზე, რომელიც სამგზავროდაც არ მყოფნიდა. კაცი, მით უფრო ქართველი, უფულოდ ძალიან ცოდოა, ითრგუნება, დეგრადაციას განიცდის, მოტივაციას კარგავს.

თბილისში ჩამოვიდა გერმანიის მოქალაქე, ქართველი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთში საქმიანობდა. აქ დაუყენეს სახელმწიფო დაცვა, 100 დოლარს გვიხდიდნენ. მაშინ ქუჩებში გადაადგილება სახიფათო იყო, ბიზნესმენი გვერდიდან არ მიცილებდა. დაინტერესებული იყო აღმოსავლური ფილოსოფიით და ამან უფრო დაგვაახლოვა.

შემომთავაზა, მოსკოვში დაგასაქმებო. წავყევი, ჯიბეში მხოლოდ 20 დოლარი მედო. დავიწყე მუშაობა მოსკოვში, მის კომპანიაში ყარაულად. მოულოდნელად მოვლენები ისე განვითარდა, რომ კომპანიის დირექტორად დამნიშნა. 1993 წელს ამირჩიეს მსოფლიოს შოტოკან კარატე-დოს ფედერაციის რუსეთის ფილიალის პრეზიდენტად. რუსეთში თანამედროვე კარატეს ილეთები შევიტანე. მქონდა სახელი, პატივი – რუსებს უყვართ ლიდერები. შევიძინე ბინა და მანქანა მოსკოვში.

შრომა დამიფასდა, სასწაულებრივად მომემართა ხელი. ასე აცხადდა ვანგას მორიგი წინასწარმეტყველება: “შენს ქვეყანაში ძლივს ივლი, მაგრამ სხვის ქვეყანაში გახდები არწივი!”.

— შემდეგ კვლავ დაბრუნდით და სათავეში ჩაუდექით ქართულ კარატეს, ასევე საქართველოში საბრძოლო ხელოვნებათა გაერთიანებას – კონფედერაციას. ბულგარელმა წინასწარმეტყველმა ეს გზაც მიგანიშნათ?

– ვანგამ მითხრა, ისევ დატოვებ ყველაფერს, შენს ქვეყანას დაუბრუნდები და თავიდან დაიწყებო. მოსკოვში გავიცანი ზურაბ ჟვანია, რომელმაც ღრმა აზროვნებით და ცოდნით დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა. მან დამარწმუნა, რომ ჩვენს ქვეყანას ვჭირდებოდი. დავბრუნდი და ყველაფერი ნულიდან დავიწყე.

ჩემს ცხოვრებაში სასწაულებრივი მოვლენები მოხდა, რომელთაც ვერაფრით წარმოვიდგენდი. ვანგამ ამის შესახებ მითხრა. ბევრი რამ ამიხდა. ახლა 2020 წლის მოვლენებს ველოდები. მწამს, რომ გამოჩნდება ძალა და ენერგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვითარებისკენ წაიყვანს.

— ჩნდება კითხვა: თუკი ყველაფერი ბედისწერით გაწერილია, სადღაა არჩევანი და ადამიანის თავისუფალი ნება?

– არჩევანი დიდია. ვანგამ მითხრა, ყოველი გაუაზრებელი ნაბიჯი დამანგრეველი იქნება შენთვის, ნუ გადაუხვევ იმ გზას, რითიც მიდიხარ და მაშინ მოვა ის, რასაც ელოდებიო. ბევრჯერ შემეძლო შემეცვალა ჩემი გზა, წავსულიყავი ხელისუფლებაში ან ბიზნესში. მაშინ ალბათ ჩემს ცხოვრებაში სხვაგვარი მოვლენები მოხდებოდა… დღეს მაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო.

დაბოლოს, აღვნიშნავ, რომ “სარკე” პირველი ქართული ჟურნალია, რომელიც თავის დროზე ჩემს პირველ წარმატებებს აშუქებდა – ამისთვის მადლიერი ვარ. გილოცავთ 20 წლის იუბილეს, ყოფილიყავით მუდამ ლიდერი!

ნანა კობახიძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018