რა დოკუმენტი გადაუგზავნა ქუმსიშვილმა საგამოძიებო სამსახურს

გახდა თუ არა ყოფილი პირველი ვიცე პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნილი წერილი პროკურატურაში მისი გამოკითხვის მიზეზი?!

BM.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც 2018 წლის 12 თებერვლით თარიღდება და რომელსაც ხელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი აწერს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისთვის გაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტის დანართი 128-გვერდიანია, მაგრამ ამ ეტაპზე BM.ge-ის ხელში ჩაუვარდა თავფურცელი, რომლითაც ირკვევა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გარკვეული ეჭვი შეიტანა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების სათანადოდ აღჭურვაში, რომლებიც აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მხრიდან აკრედიტდაციის მოწმობის მიღების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას შეძლებდნენ და შესაბამისად, ამ საკითხით დაინტერესების თხოვნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს თავად ქუმსიშვილის უწყებამ მიმართა.

კერძოდ, სამინისტროს ეჭვები შეეხებოდა კონკრეტულად იმას, რომ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადასვლისათვის არსებულ ცენტრებს – შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული აღჭურვილობის შეძენისთვის 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელებული უნდა ჰქონოდათ შესაბამისი ანგარიშსწორება სათანადო აღჭურვილობის ღირებულების სულ მცირე 10%-ის ოდენობით და არსებული მდგომარეობით, განმცხადებელთა გარკვეულმა ნაწილმა აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების დასტურად განცხადებასთან ერთად წარმოადგინა 2017 წლის 11 დეკემბრით ან უფრო ადრეული პერიოდით დათარიღებული აღჭურვილობის მიმწოდებლის მხრიდან გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერი.

იმის მტკიცება, რომ 20 დღის წინ სწორედ ამ საკითხზე დაიბარა პროკურატურამ ყოფილი პირველი ვიცე პრემიერი გამოკითხვაზე, რთულია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პროკურატურის ინფორმაციითვე, გამოძიება მარტიდან მიმდინარეობს და თან დიმიტრი ქუმსიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში აცხადებდა, რომ პროკურატურამ ის მის მიერვე გადაგზავნილ საქმეზე გამოკითხა, არაა გამორიცხული, რომ საკითხი სწორედ ტექდათვალიერების ცენტრების საქმეს შეეხება და ყოფილი პირველი ვიცე პრემიერი პროკურატურამ იმ საქმეზე გამოკითხა, რითაც დაინტერესება თებერვალში თავად ქუმსიშვილმა ითხოვა.

ამასთან, როგორც BM.ge-ის სანდო წყარომ განუცხადა, პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროსგან, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრისგან და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვას გეგმავს.

“ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროკურატურის გამომძიებლები აღნიშნული უწყებებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვით შემოიფარგლებიან. მოვლენათა განვითარება სწორედ იმ მასალების შესწავლაზეა დამოკიდებული”, – აცხადებს წყარო.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენს დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი შესაძლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები. თავად ყოფილი პირველი ვიცე პრემიერი კი აცხადებს, რომ მის მიმართ არსებული ბრალდებები აბსურდულია.

“სამწუხაროდ, ვერ ვასახელებ, მაგრამ ეს არის საქმე, რომელიც ჩვენ თავად გადავგზავნეთ საგამოძიებო სტრუქტურებში, ჩემი სამინისტროში ყოფნის დროს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” სატელეფონო ჩართვისას.

თელარა გელანტია

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018