რევაზ არველაძე – “მარგველაშვილს არჩევნებს მეც მოვუგებ, რადგან მასზე მაგარი ვარ!”

“ახალი თაობის” კითხვებს უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე პასუხობს.
– ბატონო რევაზ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები კიდევ ერთხელ გახდა დაპირისპირების საგანი პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის. “ქართულ ოცნებაში” არ დარჩენილა არავინ, რომ მარგველაშვილი არ გაეკრიტიკებინა. თავში აუვარდაო, დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე, უზრდელიაო. განა რა თქვა ასეთი საქართველოს პრეზიდენტმა?
– პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ჯიბრში ჩაუდგეს “ქართულ ოცნებას” და იმაზე მაღლა დააყენოს თავის თავი. არ არის სწორი მისი ასეთი დამოკიდებულებები. არავინ არაფერს არ ელოდება. რატომ უნდა დაველოდოთ? მარგველაშვილი დააყენებს თუ არ დააყენებს თავის კანდიდატურას, ამას რა მნიშვნელობა აქვს “ქართული ოცნებისთვის”?! “ქართული ოცნება” მაინც დააყენებს იმისთანა ღირსეულ კანდიდატს, რომელთანაც, რა თქმა უნდა, მარგველაშვილი გვერდზე ვერ მოვა.
– ანუ უკვე იცით, ვინ იქნება “ოცნების” კანდიდატი?
– რამდენიმე კანდიდატი განიხილება. მე არ ვარ პოლიტსაბჭოს წევრი და მსგავსი საკითხების განხილვაში არ ვიღებ მონაწილეობას. თუმცა გეტყვით, რომ კანდიდატი იქნება ძალიან ღირსეული!
– რისი თქმა სურდა ამით მარგველაშვილს?
– ვითომ ყველაზე მაგარი ვარო.
– როგორ ფიქრობთ, გეგმავს, მეორე ვადით იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში?
– არ ვიცი, შეიძლება დააპიროს, შეიძლება არ დააპიროს. თუმცა იმაში დარწმუნებული ვარ, რომ მე რომ დავაყენო ჩემი კანდიდატურა, ნამდვილად მოვუგებ მარგველაშვილს.
– იმის თქმა გინდათ, რომ თქვენც მოუგებთ?
– მეც მოვუგებ რა, გგონიათ, რომ მე ნაკლები ვარ ვინმეზე თუ რა ხდება?! მე იმას კი არ ვგულისხმობ, რომ ის იმდენად სუსტია, რომ მე მოვუგებ, არა, ბატონო, მე ვარ მასზე გაცილებით ძლიერი!
– ღირსეული კანდიდატები განიხილება “ოცნებაშიო” და კერძოდ ვისზეა საუბარი ან მათ შორის თუა ბიძინა ივანიშვილი?
– ცდილობთ, რამე მათქმევინოთ. მე შეიძლება ვიცი, მაგრამ დღეს ამაზე არ დავიწყებ ლაპარაკს.
– რატომ? თუ იცით, გაგვიმხილეთ.
– არა, ადრეა ჯერ მაგაზე ლაპარაკი. იმ ვადაში, რომელიც მოცემულია პრეზიდენტის კანდიდატის წარდგენისთვის, “ქართული ოცნება” წარადგენს ღირსეულ კანდიდატს!
– ოპოზიცია კი გსაყვედურობთ, რომ არცერთ მთავრობას არ უქნია მსგავსი რამ, საზოგადოებას მასხრად იგდებს ხელისუფლება, როცა ბოლო წუთამდე არ ასახელებს საკუთარ კანდიდატსო. რა ჩაიფიქრა “ქართულმა ოცნებამ”, რატომ მიჰყავს სიტუაცია ბოლო მომენტამდე?
– რატომ ბოლო მომენტამდე? როგორც არის დადგენილი ვადები, როგორც არის განსაზღვრული კონსტიტუციით, იმ ვადებში წარადგენს. რა შუაშია აქ ან ადრე, ან გვიან. დადგენილ ვადებს არ დავარღვევთ.
– გაკეთდა მინიშნებები, რომ ახალი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში ვეღარ შევა. ეს უკვე გადაწყვეტილია?
– რა თქმა უნდა, ეს იქნება თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტი, ისე, როგორც ეს მარგველაშვილმა გადაწყვიტა. მე მიმაჩნია, რომ ამხელა სასახლე არ უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს. ეს სასახლე, თუ მეტი არა, ნაკლები ნამდვილად არ არის თეთრ სახლზე, სადაც 300 მილიონიანი ერის პრეზიდენტის რეზიდენციაა. მითუმეტეს, რომ, ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის მოვალეობები უფრო შეზღუდულია, ვიდრე ადრე იყო. ამიტომ ათონელის ქუჩაზე არსებული შენობა მშვენიერი სასახლეა, სავსებით საკმარისია იმ საქმიანობების განსახორციელებლად, რაც პრეზიდენტმა უნდა აკეთოს. გინდა დელეგაციების მისაღებად, გინდაც სხვა შეხვედრებისთვის, ყველანაირად მოწყობილია.
– რა ბედი ეწევა ძველ სასახლეს?
– თუ ახალი პრეზიდენტი ათონელის სასახლეში გადავა, მე არ ვიცი, რა ბედი ეწევა ავლაბრის სასახლეს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ცხადია, ამხელა სასახლე არ სჭირდება საქართველოს პრეზიდენტს.
– მარგველაშვილს ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზეო, განაცხადა თბილისის მერმა. ასე რატომ აგაფორიაქათ მისმა განცხადებებმა? იქნება აქვს მას გამარჯვების შანსი? საუბარია, რომ მის ირგვლივ ახალი კოალიცია იკრიბება. ხომ არ ეშინია მისი “ოცნებას”?
– “ოცნებას” ეყოლება ბევრად ღირსეული კანდიდატი. მას რისი იმედი აქვს, ნამდვილად არ ვიცი. სამწუხაროდ, ადამიანის თვისებაა ეს, რომ თავის თავზე ბევრად მეტი წარმოდგენა აქვთ ხოლმე, ვიდრე სინამდვილეში არიან. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.
– ბატონო რევაზ, “ოცნების” შიგნით მიმდინარე პროცესები საზოგადოებაში სერიოზული განხილვის საგნად იქცა. უმრავლესობიდან გაირიცხა დავით ჭიჭინაძე. რა ხდება დღეს “ქართულ ოცნებაში”? სერიოზულ შიდა დაპირისპირებებზე მიდის საუბარი. ასეა?
– არა, არანაირი შიდა დაპირისპირება არ არის. მე ჭიჭინაძესთან დაკავშირებით რამდენჯერმე დამისვეს შეკითხვა და შეგნებულად არ გავაკეთე არანაირი კომენტარი.
– რატომ?
– გამომდინარე იქიდან, რომ ჭიჭინაძეს არ დავლაპარაკებივარ. ის არ ჩამოსულა ქუთაისში. მე კი აქ ვარ. ამიტომ ვერ ველაპარაკე, რა მოხდა და როგორ მოხდა. ალბათ გაირკვევა ყველაფერი.
– რამდენად ადეკვატური იყო სასჯელი? მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო გაირიცხაო. ეს საკმარისი მიზეზი იყო უმრავლესობიდან გასარიცხად?
– არ მეშვებით. ალბათ იყო საკმარისი მიზეზი. ზოგადად ასეა, რომელი გუნდის წევრიც ხარ, მისი კრიტიკა ალბათ დახურულ ფორმატში უნდა ხდებოდეს და არა – საჯაროდ.
– გამოდის კულუარული ინფორმაციები, რომ შესაძლოა დაიშალოს უმრავლესობა და კვირიკაშვილის გუნდი ცალკე გავიდეს. ამაზე რას იტყვით?
– არა მგონია. მე მაგასაც ვერ ვიტყვი, თუ ვინ არის კვირიკაშვილის გუნდი.
– რას იტყვით იმ მინისტრებზე, რომლებსაც დღეს პროკურატურასთან აქვთ საქმე? ოპოზიცია ამ პროცესს აფასებს, როგორც პოლიტიკურ დევნას.
– მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკურ დევნასთან არანაირ კავშირში არ არის. რა არის პროკურატურის საქმიანობა? ეს არის გამოძიება, ხომ? თუ რაიმე ფაქტები არსებობს, პროკურატურა ვალდებულია, რომ ჩაატაროს გამოძიება. აქ მინდა-არმინდაზე არ არის საქმე.
ეტყობა, იყო რაღაცა ხელმოსაკიდი ფაქტი, ან იყო რაღაც ინფორმაცია მისული, რომლის გამოც დაიწყო ეს გამოძიება. ამაში რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. პროკურატურა ყოველთვის იძიებდა სამინისტროებში არსებულ დარღვევებს. ესეც ამას უნდა დავუკავშიროთ და არა – პოლიტიკურ დევნას.
– ეკონომიკის სამინისტროდან პროკურატურამ სრული დოკუმენტაცია ამოიღო. კითხვის ნიშნები ჩნდება, რადგან პროკურატურა სწორედ მათი გადადგომის შემდეგ დაინტერესდა. თუ დარღვევები იყო, სად იყვნენ მანამდე?
– ალბათ ახლა მიიღეს ეს ინფორმაცია პროკურატურაში. ან კონკრეტული ფაქტები ახლა გამოარკვიეს. რატომ ახლა და არა მაშინ, ამ კითხვებით კარგი იქნება, თუ თავად პროკურატურას მიმართავთ, რადგან მათ სრული ინფორმაცია ექნებათ, რატომ დაიწყეს ახლა ძიება. ჩემთვის ძნელია ამაზე ლაპარაკი.
– თუნდაც მღებრიშვილის გადადგომაც ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. ასე არ არის?
– კი, მაგაზეც არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მაგრამ მღებრიშვილმა თვითონ დაწერა განცხადება, პატარაძემაც თვითონ დაწერა.
– საუბარია, რომ ეს იყო ახალი პრემიერ-მინისტრის სურვილი, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე წასულიყვნენ. ასეა?
– ვერ გეტყვით. არც ეგ არის გამორიცხული, რადგან როდესაც ახალი მეთაური მოდის, მან, რა თქმა უნდა, უნდა მოიყვანოს ის ხალხი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ენდობა. ასე იყო ადრეც და ასე იქნება მომავალშიც. ეს ყველა ქვეყანაში ასეა.
– ყველა მინისტრი რომ არ შეცვალა?
– შესაძლებელია, მთელი გუნდი გაუშვას და შესაძლებელია, ნაწილი დატოვოს. ზოგიერთი მინისტრი კარგად ასრულებს თავის მოვალეობას და არ არის აუცილებლობა მისი შეცვლისა. ხომ იცით, როგორც ხდება, როდესაც კარგად არის აწყობილი საქმე და იქ შეცვლი მინისტრს, შესაძლოა, ამით გააფუჭო საქმე. ახალმა პრემიერმა გააკეთა ანალიზი, სად კარგად არის აწყობილი საქმე და სად ნაკლებად და შესაბამისი ცვლილებებიც გაატარა.
– დღემდე ისმის კითხვები კვირიკაშვილის წასვლასთან დაკავშირებით. რა შეეშალა კვირიკაშვილს ივანიშვილთან, რა ვერ აპატია მას ბიძინა ივანიშვილმა?
– არ ვიცი, შეეშალა რამე თუ არ შეეშალა. კვირიკაშვილმა თავადვე თქვა, ბოლო თვეებში აზრთა სხვადასხვაობა გვქონდაო. კონკრეტული მიზეზი არ ვიცი და ეს არც კვირიკაშვილს დაუკონკრეტებია.
– ჭიჭინაძე გარიცხეს, თუა მოსალოდნელი, რომ მისი ბედი სხვამაც გაიზიაროს? გედი ფოფხაძე ამჯერად გადარჩა, მას ბოდიში მოახდევინესო.
– თქვენ ახლა ისეთ შეკითხვებს მაძლევთ, რომ გინდათ, რაღაცნაირად ამიყოლიოთ ამ საუბარში. როდესაც არსებობს გუნდი, თანაც ეს არის მმართველი გუნდი, ნამდვილად არ არის კარგი, თუ შიდა პრობლემები გარეთ გამოდის. კი ბატონო, უთანხმოება შესაძლოა ბევრ საკითხში იყოს. თუ იქნება ასეთი შეურაცხმყოფელი ქმედებები, აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ სხვაც გაირიცხოს.
– კრიტიკის გულისთვის?
– ეს არ ყოფილა ჯანსაღი კრიტიკა. შესაძლებელია, ბევრს არ მოსწონდეს ის მდგომარეობა, რაც დღეს ქვეყანაშია, მაგრამ ამის გამო ქილიკს და ლანძღვას კი არ უნდა მოჰყვე, შენ თუ უკეთესი ხედვები გაქვს, თუ გამოსავალს ხედავ, მაშინ ადექი და შესთავაზე ხელისუფლებას, რომ მოდი ასე კი არა, აი, ასე გავაკეთოთ. კრიტიკაზე იოლი არაფერი არ არის. საქმის გაკეთებაა ძალიან ძნელი.
როდესაც ადამიანი რაღაცას აკრიტიკებ, მაშინ შენ უნდა იცოდე, იმის მაგივრად რა იქნებიდა სწორი. მე არ ვიცი, ბატონმა დავით ჭიჭინაძემ იცის თუ არა, რა იქნებოდა უფრო სწორი. ჭიჭინაძის საქციელს კრიტიკას ვერ დავარქმევ, ეს იყო შეურაცხმყოფელი განცხადებები კოლეგების მიმართ. თუ სხვაც მიბაძავს, არ არის გამორიცხული, რომ მისი ბედი სხვებმაც გაიზიარონ.
– შეძლებს ჭიჭინაძე, ახალი ფრაქცია შექმნას პარლამენტში? ამაზეც საუბრობენ უკვე.
– არ ვიცი, ამას შეეცდება თუ არა დავით ჭიჭინაძე. პირველ ეტაპზე ის დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება. თუ თანამზრახველები გამოუჩნდება, შეეძლება, შექმნას ფრაქცია. ახალი ფრაქციის შექმნას 6 კაცი სჭირდება. თვითონ და კიდევ 5.
– მოიძებნება თქვენს გუნდში დანარჩენი 5?
– არ ვიცი. ნამდვილად ვერ გეტყვით.
– როდის დაასახელებს “ოცნება” პრეზიდენტობის კანდიდატს?
– პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს აგვისტოს შუა რიცხვებამდე.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018