რომელი ბიზნესმენის დაყაჩაღებას გეგმავდნენ ჩატაევთან ერთად ლიკვიდირებული პირები

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულმა რამაზ მარგოშვილმა სასამართლო პროცესზე მორიგი სკანდალური ინფორმაცია გაახმოვანა.ბრალდებულმა თქვა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები ასლანბეგ სოლტ ახმედოვი და იბრაჰიმ ადაშევი ერთ-ერთ ბიზნესმენზე თავდასხმას და დაყაჩაღებას გეგმავდნენ. ამ საქმის ერთ-ერთ ინიციატორად კი ბრალდებულმა შავლახ ქავთარაშვილი დაასახელა, რომელსაც მარგოშვილის მტკიცებით, ახმედ ჩატაევის ვალი ჰქონდა.

ცნობისთვის, შავლახ ქავთარაშვილი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მარგოშვილთან ერთად დააკავეს, თუმცა მას არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება აქვს შეფარდებული, რადგან გამოძიებასთან ითანამშრომლა.

„ნიუპოსტი“ რამაზ მარგოშვილის ადვოკატს, ინგა ბოლოთაურს ესაუბრა. უფლებადამცველი ადასტურებს, რომ ბიზნესმენზე თავდასხმა იგეგმებოდა, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

„რამაზ მარგოშვილმა ამ საკითხზე ისაუბრა, უბრალოდ, მე არ მაქვს უფლება, დავასახელო კონკრეტული გვარები. , რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ეს ადამიანები საქმის ერთ-ერთ მოწმესთან ერთად გეგმავდნენ თავადსხმას. სწორედ ამ მოწმის ინიციატივა იყო, განეხორციელებინათ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაზეც თქვენ მესაუბრებოდით,“ – აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე ჰქონდა თუ არა ლილოში დასაქმებულ ბიზნესმენს, რომელზეც თავადასხმა იგეგმებოდა, კავშირი აჰმედ ჩატაევის ბიზნესთან, რომელსაც ტერორისტი საქართველოში ფლობდა, უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ პირს ჩატაევთან შეხება არ ჰქონია.

„ეს საქმე თალაკვაძეს არ უკავშირდება, არც იმ 3 000 000 დოლარს, რაზეც ითქვა. ეს არის სხვა ეპიზოდი და მარგოშვილი ამ ეტაპზე ამხელს იმ მოწმეს, რომელმაც მარგოშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცა“- განმარტა ბრალდებულის ინტერესების დამცველმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018