“სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე აღარაა, ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება მხარი დაუჭიროს” – რას ფიქრობს ავთანდილ დემეტრაშვილი

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის საკითხზე საუბრობს.
– ბატონო ავთანდილ, კულუარული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” კანდიდატი არ ეყოლება და ის მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, როგორც ეს საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ის ვერ დარეგისტრირდა ორმაგი მოქალაქეობის გამო. დღეს რას ამბობს კონსტიტუცია მოქალაქეობასთან და ბინადრობის ცენზთან დაკავშირებით?
– სალომე ზურაბიშვილი უკვე აღარ არის საფრანგეთის მოქალაქე, ის საქართველოს მოქალაქეა. რაც შეეხება ბინადრობის ცენზს, კონსტიტუცია შემდეგს ადგენს: კანდიდატი საერთო ჯამში 5 წელი უნდა ცხოვრობდეს საქართველოში და ასევე არჩევნების დღემდე სულ ცოტა 3 წელი უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში. ზუსტად ვერ გეტყვით, ბოლო 3 წელი ცხოვრობდა თუ არა საქართველოში. პარლამენტის წევრი გახდა 2016 წელის ნოემბერში, 2 წელი გამოდის, მაგრამ შეიძლება საპარლამენტო არჩევნებამდე 1 წელი ცხოვრობდა საქართველოში. დანარჩენი კუთხით ის სრულად აკმაყოფილებს კონსტიტუციის მოთხოვნებს, მაგალითად, ასაკობრივ ცენზს, მოქალაქეობის საკითხს.
– სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა დატოვა?
– დიახ. მე ეს ინფორმაცია მის პირად ადვოკატთან გადავამოწმე. ის აღარ არის საფრანგეთის მოქალაქე. თუ მას დღესაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მაშინ, რასაკვირველია, არავინ გაატარებს რეგისტრაციაში.
– როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება მმართველმა ძალამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს და საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს?
– თუ “ქართულ ოცნებას” გადაწყვეტილი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი, მაშინ ეს მისი მხრიდან საკმაოდ გონივრული ნაბიჯი იქნება.
– რატომ?
– “ქართული ოცნების” მიმართ საზოგადოებაში საკმაოდ ნეგატიური განწყობა არსებობს, რასაც ვერ ვიტყვით სალომე ზურაბიშვილზე. ზურაბიშვილი აღიქმება “ოცნების” სატელიტად, მაგრამ ასეთი უარყოფითი აურა მის მიმართ, რამდენადაც მე ვიცი, ხალხში არ არის, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს კარგად გააზრებული ნაბიჯია.
– მმართველ ძალას კანდიდატის პრობლემა ჰქონდა? ერთ-ერთი ბოლო ვერსიით, ეს შეთავაზება მიიღო ევროსასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, მაგრამ მან უარი თქვა.
– ამომრჩეველთა გარკვეულ რაოდენობაში, “ქართული ოცნების” წევრის მიმართ, შეიძლება უარყოფითი არა, მაგრამ ნიჰილისტური განწყობა ნამდვილად არსებობს. ამიტომ პირდაპირ “ოცნების” რიგებიდან კანდიდატის დასახელება გარკვეულ რისკებს ნამდვილად შეიცავს.
ეს საპრეზიდენტო არჩევნები უფრო აპოლიტიკური და უპარტიო კანდიდატების არჩევნები იქნება. ამიტომ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ “ქართულ ოცნებაში” იფიქრეს, რომ გარედან ყველაზე კარგი ვარიანტი სწორედ სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა.
თავის დროზე “ოცნებამ” ზურაბიშვილს დეპუტატის მანდატი აჩუქა, რადგან კონკურენტი არ დაუყენა. ზურაბიშვილსაც მადლიერების განცდა არ დავიწყებია. მისი პოლიტიკური პოზიციები არსებითად არ განსხვავდება “ქართული ოცნებისგან”. თუ არ ჩავთვლით ახალ კონსტიტუციის პროექტს, სადაც ის არ ეთანხმებოდა “ქართულ ოცნებას” პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებში, სტატუსის დაკნინებაში და ა.შ.
რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, ლადო ჭანტურია ჩემი მეგობარია. მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ლადო ამ შეთავაზებას არ დათანხმდებოდა. თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ლადო ევროპის სასამართლოში 10 წლით არის მოსამართლედ არჩეული, პრეზიდენტს 6 წლით ვირჩევთ. მეორე, რა შედარებაა სტრასბურის მოსამართლის ხელფასსა და საქართველოს პრეზიდენტის ხელფასს შორის. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე კორექტივს შეიტანდა მის ამ გადაწყვეტილებაში. ბოლოს და ბოლოს რატომ უნდა ჩამოვიდეს, რომ ათონელის რეზიდენციაში შევიდეს?! ეს გამორიცხულია. ლადოს სხვა ბევრი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა.
– სალომე ზურაბიშვილი არ არის რბილი ხასიათის პოლიტიკოსი, ამდენად, “ოცნებამ” შეიძლება მარგველაშვილზე უფრო ხისტი პრეზიდენტი მიიღოს. ეთანხმებით?
– დიახ, მე არ გამოვრიცხავ, რომ ის ხისტი პრეზიდენტი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს აქტიური შესაძლებლობები საკანონმდებლო პროცესში, აღმასრულებელ სფეროში. სალომე ზურაბიშვილი ძალიან აქტიური ფიგურა არის. არასდროს ერიდება პოზიციის დაფიქსირებას, ამდენად, მე არ გამოვრიცხავ, რომ ცოტა გაუგებარი იყოს მისთვის კონსტიტუციის ახალი მოთხოვნები. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, სახელმწიფოში პირველი პირია და ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. ამდენად, ის არასდროს მოერიდება თავისი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ მმართველ გუნდთან გადაიზრდება თუ არა კონფრონტაციაში მისი დამოკიდებულება, ეს სხვა საკითხია.
კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: როგორი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კონფიგურაცია ქვეყანაში 3%-იანი საარჩევნო ბარიერის და პოლიტიკური ბლოკების ფონზე.
– ალბათ მეტი პარტია შევა პარლამენტში.
– რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება გახდეს საჭრო. სწორედ ამ ფონზე პრეზიდენტის როლი წამოვა წინა პლანზე, მიუხედავად თითქოსდა მისი მოკრძალებული უფლებამოსილებისა, მოქმედებების ფართო არეალი ეხსნება.
– ახალი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციას დაიკავებს, თუ ეს მის ვინაობაზე იქნება დამოკიდებული?
– ეს დამოკიდებულია, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი თუ აირჩიეს, ის ალბათ გადმოვა, მაგრამ ალეკო ელისაშვილი თუ აირჩიეს, ის არ გადმოვა. ბოლოს და ბოლოს, რა არის პრეზიდენტის რეზიდენცია ასეთი, ის ხომ არა, რომ უფრო კომფორტულია, არა, რასაკვირველია, ეს არის სიმბოლო. მაგალითად, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში პარლამენტის სასახლე არის მითითებული და არა ქალაქი, განსხვავებით წინა რედაქციისგან, სადაც პირდაპირ ქუთაისი იყო მითითებული.
ამდენად, 2018 წლის საგაზაფხულო სესია უკვე თბილისში გაიხსნება და საბოლოოდ გადაწყვეტილია, რომ პარლამენტი თბილისში გადმოვა.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018