სოზარ სუბარი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება? 

მაქსიმუმ, ერთ კვირაში სოზარ სუბარის უწყება, ანუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არსებობას შეწყვეტს. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ამ გაუქმების მიუხედავად, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ასევე, ოკუპირებულ რეგიონებს ყურადღებას არ მოაკლებს, რადგან სუბარის სამინისტროს ფუნქციები სხვადასხვა უწყებას, მათ შორის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და შს სამინისტროებს შეერწყმევა, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებობს მოლოდინი, რომ სამსახურს ათეულობით ადამიანი დაკარგავს, რადგან მაგალითად, აუდიტის სამსახური ყველა სამინისტროში არსებობს, შესაბამისად ე.წ. ლტოლვილთა გაუქმებული სამინისტროს აუდიტის თანამშრომლები ქუჩაში დარჩებიან. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებების სეკვესტრის გამო უმუშევრად დარჩენილებმა შესაძლოა, საპროტესტო აქციები გამართონ და ან კომპენსაცია ან სხვა უწყებებში დასაქმება მოითხოვონ.

რიგითი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, ქუჩაში გამოსვლა და საპროტესტო აქციების გამართვა სოზარ სუბარს არ მოუწევს, რადგან მას, როგორც კულუარებში ამბობენ, მალე ახალ თანამდებობაზე ვიხილავთ. ეს ახალი თანამდებობა კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორობა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან შონიას სოზარ სუბარი ჩაანაცვლებს.

ამ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ უმრავლესობის წევრები კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ აჭარის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, შონია გუბერნატორის პოსტს დატოვებს. კერძოდ, საუბარი იმაზეა, რომ ახალი პრემიერი მამუკა ბახტაძე წინამორბედის, გიორგი კვირკაკშვილის კადრებს იცილებს. კულუარებში ყველამ იცის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კვირიკაშვილის გარემოცვის წევრი იყო. შესაბამისად, მისი გადადგომაც არავის გაჰკვირვებია. ასევე, კვირიკაშვილის კადრად ითვლება ლევან შონიაც, რომელიც გუბერნატორად, როგორც ამბობენ, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახთან ახლობლობის გამო დაინიშნა თავის დროზე გუბერნატორად, თუმცა მან კვირიკაშვილთანაც დაალაგა ურთიერთობა. უფრო მეტიც, მოარული ინფორმაციით, ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლის მიმართაც საგამოძიებო უწყებებს კითხვის ნიშნები აქვთ, შონია და კვირკაშვილი, ასევე, ქუმსიშვილი და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე „ლევად“ ერთად „მოძრაობდნენ“.

ყველაფერ აქედან გამომდიარე, შონიას გადაყენება და მის ადგილას სუბარის გამწესება აბსოლუტურად ლოგიკურია, თუმცა ალოგიკურია, თუ რატომ არ იცილებს ამ წლების განმავლობაში „ოცნება“ სუბარს?

როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, სუბარს „ოცნებაზე“ კომპრომატების დასტა აქვს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სუბარი და ხორავას ქუჩის საქმის ფიგურანტი მირზა სუბელიანი ბიძაშვილები არიან. იმ დროს, როცა ვანო მერაბიშვილი საკნიდან უკანონოდ გაიყვანეს, სასჯელაღსრულების მინისტრი სუბარი იყო, მისი ბიძაშვილი მირზა სუბელიანი კი ამ უწყების გენინსპექციას ხელმზღვანელობდა. მართალია, მირზა სუბელიანი ხალხის პროტესტის მერე, როგორც იქნა, დააკავეს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის მერე ის საპროცესოთი გაათავისუფლონ.

სუბელიანი რომც არც გაათავისუფლონ, „ოცნებაზე“ შური, შესაძლოა, სავარძლის გარეშე დარჩენილ სოზარ სუბარს ეძია და მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ვიდეო, ასევე, სხვა კომპრომატები გამოექვეყნებინა. ამიტომაც, როგორც ამბობნ, სუბარს მმართველი გუნდი თვალის ჩინივით უფრთხილდება.

იმ ვერსიას, რომ სოზარ სუბარი შესაძლოა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი გახდეს, კიდევ ერთი ფაქტი ამყარებს: ჭუბერში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს, სუბარი შემთხვევის ადგილზე მამუკა ბახტაძეზე ადრე ჩავიდა, ანუ შეიძლება, ითქვას, რომ ამით სუბარმა მომავალი თანამდებობის რეპეტიცია გაიარა.

guriismoambe.com

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018