სოსო ცინცაძე – “სალომე ზურაბიშვილი “ოცნებისთვის” ყველაზე პრაგმატული გამოსავალია”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, ვიცე-სპიკერმა ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ უკეთესია თუ “ოცნებას” პარტიული კანდიდატი არ ეყოლება, რადგან მათ აქვთ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, თვითმმართველობებში ისინი არიან უმრავლესობით. “ოცნება” პოზიციებს თმობს თუ ეს დემოკრატიის ნიშანია?
– ივანიშვილმა ოთხ ადამიანს შესთავაზა კანდიდატობა. ორის დასახელება შემიძლია: დავით მაღრაძე და ლადო ჭანტურია, მაგრამ ორივემ უარი უთხრა. მე მათი უარი ნამდვილად არ გამკვირვებია.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რისი ნიშანია, რასაკვირველია აქ დემოკრატია არაფერ შუაშია. ეს არის პრაგმატული ნაბიჯი, სახის შენარჩუნებისთვის ეს გონივრული გადაწყვეტილებაა. “ქართული ოცნებისთვის” ძალიან მომგებიანი იქნებოდა ნეიტრალური კანდიდატის დასახელება. მაგალითად, პოეტის, მსახიობის, მეცნიერის, რომელსაც აქვს საზოგადოების მაღალი ნდობა და სოლიდურობა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ადამიანები თანახმა არ არიან, ამიტომ კანდიდატი ისევ პოლიტიკიდან იქნება. ჩუგოშვილი კი ამბობს, რომ მათი პარტიის წევრი რომ არ იყოს, უკეთესია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკასთან მათ კანდიდატს საერთო არაფერი არ ექნება. პირიქით.
რატომ დასჭირდა ამდენი ლოდინი ივანიშვილს, რომ კანდიდატი დაესახელებინა?! ამის მიზეზი მხოლოდ იმაში არ არის, რომ მას მარგველაშვილმა არ გაუმართლა და ეშინია. უმთავრესი მიზეზი არის “ქართული ოცნების” კლებადი რეიტინგი. ნდობის დეფიციტი, რომელიც ხრავს ხელისუფლებას.
დღეს ხელისუფლების ყველაზე დიდი ოპოზიცია არის უმუშევრობა, გაჭირვება და ის სოციალური ფონი, რომელიც 6 წლის თავზე ქვეყანაშია. რომელი პარტიული სახე უნდა დააყენოს ივანიშვილმა, რომ ამომრჩეველმა ნდობა გამოუცხადოს?! ვინ არის ასეთი “ოცნებაში”? დღეს ხელისუფლებას ოპოზიცია სულაც არ სჭირდება, ადამიანი გამოაღებს საკუთარ მაცივარს და ყველაფერი ნათელია. ამიტომ არის, რომ ამდენი ხანი მათ გაუჭირდათ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება.
ამიტომაც არის, რომ სახელდება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირდაპირ არ ასოცირდება პარტია “ქართულ ოცნებასთან”, ეს არის პრაგმატული და გონივრული ნაბიჯი. მთლად ისე არ არის, რომ უჭკუო ხალხი იყოს იქ, ეტყობა ბევრი იფიქრეს და ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
– სალომე ზურაბიშვილი თუ დასახელდა კანდიდატად, მარგველაშვილვით ისიც დამოუკიდებელ მანევრირებას ხომ არ დაიწყებს?
– არა, სალომე ზურაბიშვილი არ არის ბარიკადებზე ამსვლელი, მიუხედავად მისი ხისტი ხასიათისა. გიორგი მარგველაშვილი არის პოლიტიკოსი, მაღალი დონის პოლიტიკოსი. სიმართლე გითხრათ, თუ მარგველაშვილი პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს, ეს ქართული პოლიტიკისთვის, სახელმწიფოსთვის დანაკლისი იქნება, რადგან ჩვენ არ გვყავს პოლიტიკოსები ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. მე იმედი მაქვს, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
რაც შეეხება ქალბატონ ზურაბიშვილს, ის დღეს არის დამოუკიდებელი დეპუტატი, მაგრამ მითხარით, როგორი დამოუკიდებელია, მას “ოცნების” დეპუტატებისგან ვერ გაარჩევ! ის არის, რომ პარტიულობა არ უნდა. ეს არის პრაგმატული გადაწყვეტილება ერთის მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც.
– ვინაიდან გენდერი იქნება განმსაზღვრელიო, კობახიძემ, შეიძლება მაია ცქიტიშვილი იყოს…
– არა მგონია, რადგან ქალბატონი მაია ცქიტიშვილი არის იქ, სადაც დღეს ყველაზე მეტად არის ის საჭირო. ამიტომ ვამბობ, რომ ივანიშვილს მხოლოდ ზურაბიშვილი შერჩება, როგორც ყველაზე პრაგმატული გამოსავალი.
რაც შეეხება ქალბატონ ცქიტიშვილს, ივანიშვილი მას ყველაზე მეტად ენდობა. სწორედ ცქიტიშვილის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაყვანა იყო სიგნალი, რომ რაღაც ისე არ არის, ამიტომ არ მგონია, რომ ივანიშვილი ცქიტიშვილს შეელიოს. თუ ცქიტიშვილი დასახელდება, მაშინ ეს იქნება მთავრობისთვის დანაკარგი. ცქიტიშვილი იქ არის საჭირო სადაც არის. ინფრასტრუქტურის სამინისტრო არის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სამინისტრო, ამიტომ იქ არ შეიძლება “ვიღაცის” მიშვება.
– ისე, რას იტყვით ყოფილ მინისტრებზე, რომლებზეც ძიება მიდის? ვიღაცეები პოლიტიკას უკავშირებენ.
– არა, მე გამოვრიცხავ აქ პოლიტიკას. ბოლო 6 წლის მანძილზე ქვეყანაში რომელი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა?! რომელი ავტობანი დაიგო, ან რომელი ქალაქი აშენდა ან რომელი აეროპორტი ან დიდი პორტი?! არც ერთი, როგორც ვიცით.
ქობულეთი ვერა და ვერ იქცა თანამედროვე სტანდარტის დასასვენებელ ქალაქად. ეს ერთი პატარა მაგალითია, ხომ შეიძლებოდა, რომ გაკეთებულიყო, ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი რომ იყოს. უცხოელ ტურისტებს კი არა, ქართველებს არ უნდათ იქ დასვენება, არადა შეიძლებოდა გაკეთებულიყო. რომელი საქმე გაკეთდა ამ კუთხით? ბიუჯეტი კი გაიხარჯა. ისიც გვითხრეს, რომ რომელიღაცა უკრაინულ კომპანიას ერიცხებოდა მილიონები, ის კი საქმეს არ ასრულებდა. ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
აქ სერიოზულად დგას საკითხი: ან ამ ბატონებმა ყველა ამ კითხვას პასუხი უნდა გასცენ ან მილიონების უკან დაბრუნება მოუწევთ. ცხადია, მე უდანაშაულობის პრეზუმციას არ ვარღვევ, აქ საუბარია იმ კითხვებზე, რომლებიც ხალხს აქვს. ეს კითხვები კი პასუხს საჭიროებს.
– ბატონო სოსო, მარგველაშვილზე უნდა გკითხოთ, როგორ ახსნით პრეზიდენტის გადაწყვტილებას, როდესაც რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა და პოლიტიკურ პროცესზე უარი თქვა?
– მოვისმინე, თითქოს მარგველაშვილი-ივანიშვილის დაპირისპირება თამაშია, არა, ნამდვილად ასე არ არის. შეუძლებელია. შეიძლება პიროვნულად მოეწონა თორნიკე რიჟვაძე, ვერ გეტყვით, რა იყო მისი მოტივატორი ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, მარგველაშვილის პოზიცია არ იყო გადამწყვეტი. მაინც აირჩევდნენ იმას, რომელსაც უმრავლესობა დაასახელებდა. შეიძლება ის ახალგაზრდა კაცი მართლაც არ არის პიროვნულად ცუდი ადამინი და მარგველაშვილი ცდილობს, რომ ობიექტური იყოს.
– თუ წასვლის წინ კარი არ გაიჯახუნა?
– პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იმდენჯერ გაიჯახუნა კარი, რამდენი კარიც პრეზიდენტის სასახლეს აქვს.
– ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიტიკურ პროცესზე თქვა პრეზიდენტმა უარი.
– გასაგებია, მაგრამ რას მოიტანდა ეს პოლიტიკური პროცესი? საკონსტიტუციო კრიზისს, რომლითაც არც ქვეყანა მოიგებდა და არც არავინ. საბოლოო ჯამში მაინც ის დაინიშნებოდა, რომელიც ენდომებოდა “ქართულ ოცნებას”. მე ვფიქრობ, რომ ამას გაგებით მოეკიდა პრეზიდენტი და ამიტომ თქვა უარი ამაზე.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018