სოსო ცინცაძე: “ქართული ოცნება” ორად გაიყოფა, ივანიშვილი ამას შორიდან უყურებს”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, მინისტრთა კაბიბეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით თითქოს შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ “ქართული ოცნების” ოფისში კვლავ იქნება შეხვედრა საკადრო საკითხებზე. როგორ ფიქრობთ, გუნდში არსებული არაერთგვაროვანი დამოკიდებულება საკადრო საკითხებზე უფრო მასშტაბური გახდება?
– “ქართული ოცნების” გუნდში წინააღმდეგობა უკვე აშკარად არის გამოკვეთილი და ამის დამალვა სასაცილოც აღარ არის. სააკაშვილის დროს რას ემყარებოდა გუნდის ე.წ. ერთსულოვნება? ფასეულობები, ღირებულებები, პრინციპები ჰქონდათ საერთო?! რასაკვირველია, სულაც არა – შიშს ემყარებოდა. დღეს შიში არ გამქრალა, მაგრამ საგრძნობლად შემცირდა. როგორც კი შიში შემცირდა, ხალხი გათამამდა. საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ სვლა ბევრს მობეზრდა, ამის ნიშნები პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჩვენ უკვე ვიხილეთ – “ავტობუსისა და ლიმუზინის დეპუტატების” შედარებისას.
ჯერ ახალი კაბინეტის შემადგენლობა ცნობილი არ არის, მაგრამ საზოგადოებამ უკვე იცის, რომ წულუკიანი არსად მიდის, მეტიც, ის გაერთიანებულ სამინისტროს უხელმძღვანელებს. კახიშვილი კი ამ დროს უმუშევარი რჩება. მე რატომღაც მაინც მეგონა, რომ კახიშვილი იქნებოდა მთავარი პროკურორი, რადგან ის ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო “ოცნებისთვის”. შალვა თადუმაძე კარგი ბიჭია ანუ ცუდ საქმეებში არ არის გარეული, მაგრამ ის მაინც არის წულუკიანთან ასოცირებული, მათ ნათელ-მირონობა აკავშირებთ და ამას ვერ უარყოფენ. ამიტომ ვამბობ, რომ კახიშვილი იდეალური არჩევანი იქნებოდა დღეს ხელისუფლებისთვის. თუმცა, არათუ პროკურორად, საერთოდ უმუშევრად ტოვებენ.
ეს ძალიან ცუდი გზავნილია. მე არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებაში” ამ საკითხზე ერთსულოვნება იყოს, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იქნებოდა.
– ვიღაცეები აპროტესტებენ მთავრობაში წულუკიანის დარჩენას, ეს აშკარაა.
– დიახ, მაგრამ მეორე ნაწილი ამბობს, რომ ის ძლიერია და ძლიერი არ უნდა წავიდეს. იმას კი არ ამბობენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა ჩააგდო და ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. უკვე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გვითხრა, შეიძლება მაპ-ზე ფიქრი თუ სასამრთლო სისტემის რეფორმას მიხედავთო.
უმრავლესობის ბევრი დეპუტატი ვერც კი აცნობიერებს, რომ სასამართლოში დღეს არსებული ვითარება თავად ხელისუფლებას გამოუთხრის ძირს.
წულუკიანი როდესაც პარლამენტში მივიდა, მას ზარდიაშვილმა უთხრა, ქალბატონო თეა, როგორ მოახერხეთ, რომ სასამართლო სრულად განთავისუფლებულიყო!
ამ მლიქვნელობამ პარლამენტში ვანო მერაბიშვილის მისვლა გამახსენა, რომელსაც ერთ-ერთმა ნაციონალმა დეპუტატმა ჰკითხა – თქვენ ის მერაბიშვილი არ ხართ, რომელმაც მოახერხა და ეზოებიდან მანქანებს აღარ იპარავენ! ქურდობა გააქრეთ!
ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ეს კი არ უნდა მოახერხონ მინისტრებმა, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, მათ სწორედ ამაში ვუხდით ფულს, რომ მათ ეს გააკეთონ.
ასეთი გამოსვლები, მით უფრო პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან, მით უფრო 21-ე საუკუნეში, თითქოს დემოკრატიულ სახელმწიფოში უბრალოდ ამაზრზენია. დეპუტატს, რომლის უმთავრესი ფუნქციაც აღმასრულებლის კონტროლია, თავის დანიშნულებაზე წარმოდგენა არ აქვს. თუმცა, ისეთი დეპუტატებიც არიან, რომლებიც სათქმელს პირდაპირ ამბობენ, როგორც ეს ქალბატონმა მაჭავარიანმა გააკეთა.
“ქართულ ოცნებაში” ახლა დუღილის პროცესია, მაგრამ როდესაც რაღაც მაგრად დუღს, ქვაბს თუ სახურავი არ მოხადე, აუცილებლად გადმოვა.
– რისი თქმა გინდათ, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება?
– წარმოუდგენელია, რომ გაგრძელდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ “ქართული ოცნება” ორად გაიყოს. ამის ნიშნები უკვე არის და თანაც სერიოზული ნიშნები.
– როგორც ეს თავის დროზე მოქალაქეთა კავშირში მოხდა?
– დიახ, მაგრამ მაშინ ერთ მხარეს იყვნენ ახალგაზრდები, რეფორმატორები და მეორე მხარეს – შევარდნაძის მომხრეები. დღეს რა ხდება, ერთ მხარეს არიან ისინი, ვისაც შიგნით არ მოსწონთ რაღაცეები, ვისაც ასევე არ მოსწონს კვირიკაშვილის გაშვება და მეორე მხარეს არიან ვითომ ახალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა ისინი არიან ხელისუფლებაში, მორჩა და დამთავრდა.
– და ამ დროს ივანიშვილი სად არის?
– ივანიშვილი შორიდან დგას და ამ ყველაფერს აკვირდება, მდუმარედ აკვირდება. მე მაინც მგონია, რომ ივანიშვილი მათ კიდევ აცლის, კიდევ მისცემს ცოტა დროს, კიდევ დააკვირდება და შემდეგ უკვე არ გამოვრიცხავ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მართლაც დანიშნოს. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ივანიშვილს მიჰყავდა, ვადამდელი არჩევნების საკითხი განიხილეს კიდეც.
ისე, მცირე მთავრობის კონცეფცია მხოლოდ მთავრობის შემადგენლობის შემცირებას სულაც არ გულისხმობს, ეს ერთიან კონტექსტში უნდა იქნას გააზრებული და ეს მიდგომა პარლამენტმაც უნდა გაიზიაროს. არ შეიძლება, სამინისტროები აღარ არსებობდეს და პარლამენტში არარსებული სამინისტროს კომიტეტი იყოს, ეს სრული აბსურდი და გაუგებრობა იქნება. კი, გასაგებია კომიტეტის თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების კომფორტი, ხელფასები, პრემიები, მანქანები, პირადი მძღოლები, მომსახურება, და ა.შ. მაგრამ ახალმა პრემიერმა ამ აბსურდზე რაღაც უნდა თქვას.
– როგორი იქნება ახალი პრემიერი, მისი წინამორბედების მსგავსი თუ მეტი პოლიტიკური წონა ექნება მას?
– ჯერ ბახტაძეს მხოლოდ სუბიექტური სიმპატია-ანტიპატიის დონეზე ვიცნობთ. ბახტაძე არ გვინახავს, როგორია, რა თვისებები აქვს, მაგალითად, აღელვების დროს, რთულ სიტუაციაში როგორ იქცევა, შეუძლია თუ არა საკუთარი თავის გაკონტროლება.
ეს ყველაფერი პიროვნულია, მაგრამ ბევრი რამე სწორედ პიროვნული მონაცემებიდან მოდის. მის შესაფასებლად სულ ცოტა 6 თვე მაინც არის საჭირო, მაგრამ ასეთ ახალგაზრდა ადამიანს თუ ალექსანდრე მაკედონელისა და ნაპოლეონის ნებისყოფა და რკინის ნერვები არ აქვს, ის რეფორმატორად ვერ იქცევა. რეფორმების აუცილებლობა კი გარდაუვალია.
პოლიტიკური წონა რომ მოიპოვოს, ამისთვის ბახტაძეს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
– და რა არის ეს ნაბიჯები?
– რეფორმები! ნეპოტიზმმა წალეკა ქვეყანა, ამისგან თუ არ განვთავისუფლდით და რეალური რეფორმები თუ არ გატარდა, მაშინ დიდი ხნით უკან დავბრუნდებით. თუ მართლაც გაატარა რეფორმები, მაშინ გარკვეულ წონას შეიძენს, მაგრამ გაბედავს კი?! ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
ისე, ერთიც კია – ძალიან ცუდი სასტარტო ველი ხვდება ბახტაძეს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. საშინაო პოლიტიკაში ჭუბერის ამბები, ბრიუსელის ნატოს სამიტი, სადაც მორიგი იმედგაცრუებისთვის ვართ განწირულები, მაგრამ კვლავ გვეტყვიან ომახიანად, რომ ავღანეთში თქვენი ბიჭები გვჭირდება! ძალიან ცუდია ქვეყნის იმიჯისთვის ხადას ხეობაში მომხდარი საშინელი უბედურება. “ოცნება” ვერანაირი პიარით ვერ გადაფარავს ამერიკული ოჯახის ამოწყვეტის ამ საშინელ ტრაგედიას.
საქართველოს უსაფრთხო იმიჯი ვიღაცამ ერთი ხელის მოსმით ნაცარტუტად აქცია. ეს არის შავი ლაქა, რომელსაც არ ვიცი, რა ამოიყვანს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018