”ქმარიც მყავს და საყვარელიც. ორივე მიყვარს, ორივე მინდა” – რა იგრძენით, როცა ქმარს უღალატეთ?

ღალატი, სიცრუე, ორმაგი ცხოვრება, პროტესტი, სიყვარული, სინანული, პატიება – ეს სიტყვები ჩვენი ცხოვრების თანმდევია. ოჯახის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. ჩვენი დედების თაობა მეტს ითმენდა და, შესაბამისად, ინარჩუნებდა კიდეც მყარ ოჯახს. დღეს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა შეიცვალა, არავის სურს დათმობა, რასაც ხშირად ოჯახის ნგრევა მოჰყვება.

რატომღაც, ისე ხდება ხოლმე, რომ ღალატი უფრო კაცისთვის არის დამახასიათებელი და აქედან გამომდინარე, თითქოს ეპატიება კიდეც. ქალებს ამასთან დაკავშირებით თავიანთი აზრი აქვთ, მეტიც, ზოგი ცოლი ქმარს ისე ღალატობს, წარბსაც არ იხრის.

ქმარს უღალატეთ? რა იგრძენით?

* * *

ეკა, 20 წლის:

– ქმარი სასტიკად მექცეოდა, მცემდა, რამდენჯერმე სახლიდან გავიქეცი, მაგრამ მატერიალური მდგომარეობა არ მაძლევდა ცალკე ცხოვრების საშუალებას. ერთ მშვენიერ დღეს სკაიპში ბიჭი გავიცანი. ჯერ მხოლოდ ვსაუბრობდით, შემდეგ შევეჩვიეთ ერთმანეთს და როცა შეხვედრა მთხოვა, დავთანხმდი. დათო მივლინებაში იყო და ამიტომაც გავბედე. სანდრომ კაფეში დამპატიჟა. გავერთე, ჩემი პრობლემები დამავიწყდა. მერე კიდევ შევხვდით. მივხვდი, რომ მიზიდავდა და ვეღარაფერი შემაჩერებდა. ერთი სული მქონდა, სასტუმროში როდის დამპატიჟებდა. დადგა ნანატრი დღე. საოცარი იყო მასთან სექსი. ერთი წუთითაც არ მინანია, თუმცა, ურთიერთობა გავწყვიტე, რადგან ერთი ღამე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დათოზე შური მეძია. გავთავისუფლდი, აღარ ვიტანჯები, გულში ჭკუა ვასწავლე და მიხარია. მე გავიმარჯვე.

ნინო, 30 წლის:

– ბედს არ ვუჩივი, კარგი ქმარი მყავს, არაფერს მაკლებს, მაგრამ ვიცი, ჩუმ-ჩუმად მღალატობს. ჩემს დაქალებს როცა ვესაუბრები ამის შესახებ, დამცინიან, ადექი და შენც უღალატე, ახლა მოდაშია, ქმარი ცალკე ერთობა, ცოლი – ცალკე და მერე ქმარიც გაგიტკბება და მასთან სექსიცო. არა, ღალატი არ შემიძლია. ეს ჩემთვის მიუღებელია. მე დედა ვარ, ბიჭებს ვზრდი, ქმარს როგორ ვუღალატებ?

ხათუნა, 40 წლის:

– სიყვარულით არ გავთხოვილვარ, ქმარი გამირიგეს. შვილი არ მეყოლა. ადრე სხვა ბიჭი მიყვარდა. ღალატზე არ მიფიქრია, მაგრამ 2 წლის წინ შემთხვევით შევხვდი ძველ შეყვარებულს. ეშმაკი შემიჯდა თუ რა იყო, არ ვიცი, მასთან ურთიერთობის აღდგენა მომინდა. დავურეკე. ზურასაც სურდა ჩემი ნახვა. დაიწყო რომანტიკული საღამოები, მივხვდი, მისი დაკარგვა აღარ მინდოდა. დღემდე ვხვდებით ერთმანეთს. ვიცი, ვაშავებ, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია.

ქეთი, 47 წლის:

– ქმარიც მყავს და საყვარელიც. ორივე მიყვარს, ორივე მინდა, ვერც ერთს ვერ დავთმობ! რას ვაშავებ? ბოროტი არ ვარ. რა მოხდა, თუ ჩემს ცხოვრებას ჩემითვე ვილამაზებ. გაზზე მისაბმელად გავთხოვდი? არ უნდა გავიხარო? სექსუალური ქალი ვარ, ლამაზი, სიყვარული მწყურია, რა ვქნა? ქალები შურიანები არიან. ზოგს არავინ ჰყავს და სხვისი ბედნიერება არ უხარია. მე სულ კარგ ხასიათზე ვარ და სხვასაც ამასვე ვუსურვებ. გაიხარეთ, ქალებო, როგორც შეგიძლიათ!

ეთერი, 60 წლის:

– ღალატი? რას ამბობთ, არასდროს გამივლია გულში. ქმარი მიყვარდა, ვაფასებდი, არც ეჭვიანი ვყოფილვარ. მერე რა, გაერთოს-მეთქი, ვფიქრობდი. ბედნიერი ოჯახი გვაქვს, შვილები გზაზე დავაყენეთ, დაოჯახდნენ. ახლა მე და რეზო მარტო ვცხოვრობთ და სიბერის არ გვეშინია. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მის სახეზე სიკეთეს ვხედავ და მეც სითბოთი ვპასუხობ. არ მრცხვენია ქმრის თვალებში ჩახედვის, პირნათელი ვარ, მისთვის ვიცხოვრე და შვილებისთვის. ბედნიერების შეგრძნება არ მტოვებს. ყოველთვის როდი მილხინდა, მაგრამ ცხოვრების არასდროს შემშინებია. ვინც მოითმენს, ის მოიგებს. ვისაც მომავლის იმედი აქვს, ის საწადელს აუცილებლად მიაღწევს.

ლაურა, 70 წლის:

– ორი კაცი მყავდა – ქმარი და საყვარელი. ლამაზად ვიცხოვრე, დათიკო ხელისგულზე მატარებდა, საყვარელი ლექსებს მიძღვნიდა. სავსე იყო ჩემი ცხოვრება სიყვარულით, არაფერი მაკლდა. ახლა ბებია ვარ. კარგი შვილები გავზარდე. ქმარი დიდი ხნის წინ გარდამეცვალა. როცა ამქვეყნიდან წავიდა, დავიფიცე, სხვა კაცს აღარ შევხვდები-მეთქი. მხოლოდ მის მუზად დავრჩი და დღემდე ასეა – შოთა კვლავ მიწერს ლექსებს და სიბერეს მიმსუბუქებს. სიყვარული არ კვდება.

თაკო, 35 წლის:

– ერთხელ დაქალები ვისხედით და განვლილ ცხოვრებას ვიხსენებდით. უმეტესობა გამოტყდა, რომ ქმარს ძველ შეყვარებულთან უღალატა. მე ვერ გავბედე თქმა. დიდი ხნის წინ მეც შევხვდი ძველ სიყვარულს. სამჯერ შევცოდე. მერე კახასთან ურთიერთობა გავწყვიტე, რადგან ქმარი მიყვარდა და გიო ღალატს არ იმსახურებდა. შვილებისაც მრცხვენოდა, რას იფიქრებდნენ, რომ გაეგოთ. ვერ მოვისვენე. ეკლესიაში წავედი და მღვდელს აღსარება ჩავაბარე. არც ამან მიშველა. მაშინ მოძღვარი არ მყავდა. წლების შემდეგ, როცა სისტემატურად დავიწყე ტაძარში სიარული, ოდნავი შვება ვიგრძენი. ახლა ჩემი მოძღვარი მყავს, რომელიც სწორ გზას მაჩვენებს. დავმშვიდდი, წარსული აღარ მტანჯავს. მთავარი ის კი არ არის, რომ აშავებ, არამედ ის, რომ წრფელი გულით ინანიებ და ცოდვის ჩადენა აღარ გინდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018