შალვა შავგულიძე – “მთავარ პროკურორად ხელისუფლება მისთვის მისაღებ კანდიდატს დანიშნავს”

შალვა შავგულიძე - "მთავარ პროკურორად ხელისუფლება მისთვის მისაღებ კანდიდატს დანიშნავს"მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი შალვა შავგულიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორის შერჩევის ტელევიზიით ტრანსლირება უნდა მოხდეს.
– ბატონო შალვა, 11 ივლისს საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატს მოუსმენს. “ევროპული საქართველო” ამ სხდომის პირდაპირ ტრანსლირებას ითხოვს. თქვენი პოზიცია როგორია?
– აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი მოთხოვნაა, ვინაიდან დემოკრატიული მმართველობა გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობაა. საზოგადოებამ უნდა მოისმინოს, როგორ წარიმართება საპროკურორო საბჭოში გასაუბრება მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან. საბჭოს წვერები რა კითხვებს დასვამენ, რას უპასუხებს თითოეული კანდიდატი, საერთო ჯამში რა კრიტერიუმებით იქნება შეჯამებული სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება რითი იქნება მოტივირებული საბჭოს წევრების მიერ.
– შოთაძის გადადგომას წინ რა პროცესებიც უძღოდა, გასაგებია, მაგრამ დღეს რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის, თუ როგორი პროკურორი იქნება არჩეული?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია განსაკუთრებით დღეს ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს პირი, რომელიც კონტროლირებადი იქნება, მმართველი პოლიტიკური ძალის ნებას იქნება დამორჩილებული. წლების მანძილზე ვიღებთ სწორედ ასეთ პროკურორებს, ასეთი პროკურორების მიერ ნახელმძღვანელები საქმიანობა კი საზოგადოებაში პროტესტს იწვევს, რადგან ის უკანონოა.
ამ ყველაფერს ის ცუდი კანონი განაპირობებს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. ამ კანონის ძალით პროკურატურა ინსტიტუციურად სრულად მმართველი პოლიტიკური ძალის ნების კონტროლს დაექვემდებარა. ამ კანონის მიღება როდესაც ხდებოდა პარლამენტში, მე მაშინ პარლამენტის წევფრი გახლდით და ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ვეწინააღმდეგებოდით, ვცდილობდით, რომ ეს კანონი არ მიეღო მმართველ ძალას. ვენეციის კომისიასაც ძალიან კრიტიკული დასკვნა ჰქონდა, პირდაპირ ჩანაწერი იყო, რომ ეს კანონი არ პასუხობს პროკურატურის დეპოლიტიზაციის მოთხოვნას, რაც დღეს უმთავრესი პრობლემაა პროკურატურის სისტემისთვის.
– არასამთავრობო სექტორის პოზიციაზე რას იტყვით, რომელიც პროცესს აპროტესტებს?
– რასაკვირველია, მე ვეთანხმები არასამთავრობო სექტორს, რომ ეს კანონი შესაცვლელია.
პროკურატურის ცუდ საქმიანობაზე, ისევე, როგორც მთლიანად სასამართლო სისტემის რეფორმის ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირმა უნდა აიღოს და ეს არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ამდენად, ლოგიკური და სამართლიანია მოთხოვნაა, რომ ის აღარ უნდა იყოს მთავრობის შემადგენლობაში, მაგრამ მე არ ვეთანხმები არასამთავრობო სექტორს საკითხის ისე დაყენებაში, რომ ვიდრე თეა წულუკიანი მინისტრის თანამდებობაზე რჩება, ვიდრე არ მივიღებთ ახალ კანონს, მანამდე არ გვაინტერესებდეს, თუ როგორი პერსონა იქნება მთავარ პროკურორად დანიშნული.
მხოლოდ საზოგადოებრივმა წნეხმა, ხალხის საპროტესტო მუხტმა, სოლიდურმა, მრავალრიცხოვანმა საპროტესტო აქციამ ხელისუფლება აიძულა, რომ მთავარი პროკურორი გადაეყენებინა. ამას გამოყენება სჭირდებოდა. საჭირო იყო მეტი აქტიურობა ოპოზიციური სპექტრის მხრიდან, რომელმაც საერთოდ აღარ იაქტიურა. მან პროცესს იგნორირება გაუკეთა. ეს სერიოზული შეცდომა იყო მათი მხრიდან. არასამთავრობო სექტორს, რომელიც ამ პროცესს საერთოდ გაემიჯნა, ბოლომდე უნდა ებრძოლა. პროფესიულ წრეებს, იურიდიულ საზოგადოებას უფრო უნდა ეაქტიურათ, რომ ჩვენ საზოგადოების მხრიდან ფართოდ მხარდაჭერილი კანდიდატები წარგვედგინა.
საზოგადოებრივი წნეხი არ უნდა ჩამქრალიყო და ხელისუფლება უნდა გვეიძულებინა, რომ რეალურად საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი პირი დაენიშნა პროკურორად. ხელისუფლებამ მთავარი პროკურორი შეწირა იმ პროცესს, რომ მეტი პოლიტიკური ფასი არ გადაეხადა.
დღეს ხელისუფლება კომფორტულ მდგომარეობაშია, რომ ისევ მისთვის სასურველი პირი დანიშნოს პროკურორად.
– ასეთია თქვენი მოლოდინი?
– შექმნილ ვითარებაში ცოტა დემოკრატიულობა რომ შესძინოს ამ პროცესს, ეს შეუძლია საბჭოს ტრანსლირებას, მაგრამ ეს ბევრს არაფერს შეცვლის.
– 11 ივლისს საპროკურორო საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, რა მოლოდინი გაქვთ?
– გულწრფელად რომ გითხრათ, ვინაიდან არ ყოფილა სოლიდური მხარდაჭერა არასახელისუფლო კანდიდატის მიმართ, ხელისუფლება მისთვის სასურველ კანდიდატს დანიშნავს პროკურორად და ამაში ნაკლებ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. სამწუხაროდ, წარმატებული პირველი ეტაპი ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი საზოგადოების მიერ.
– გამორიცხავთ, რომ ვინაიდან მთავარი პროკურორობა მოქმედ პროკურორ ნადარეიშვილს უნდოდა, საპროკურორო საბჭომ თადუმაძის კანდიდატურა ჩააგდოს?
– ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი, ლოგიკა მკარნახობს, რომ ხელისუფლებას არ უნდა გაუჭირდეს საკუთარი კანდიდატურის არჩევა, მით უფრო, ამ ფონზე.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა