შოაიფ ბორზიევს 13 წელი მიესაჯა, რამაზ მარგოშვილს – 12, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს – 11, ზურაბ იდოიძეს – 10

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, შოაიფ ბორზიევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რამაზ მარგოშვილს – 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს – 10 წლით. ასევე 13 წელი მიესაჯა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებულ რუსლან შავაძეს, რომელიც ამჟამად ძებნაშია.
ადვოკატები აცხადებენ, რომ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

„მიგვაჩნია, რომ ეს განაჩენი უკანონო და უსამართლოა, ვინაიდან ის ბრალი, რაც წარდგენილი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, არანაირად არ დასტურდებოდა. სხვა რამ, რაც გამოიკვეთა, უნდა გადაკვალიფიცირებულიყო და აღნიშნულით უნდა გასამართლებულიყო შემდგომში“, – განაცხადა შოაიფ ბორზიევის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ.

დღევანდელ პროცესზე შოაიფ ბორზიევმა დუმილი დაარღვია. მან უარყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა და მხოლოდ საზღვრის უკანონო კვეთა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება აღიარა.

შოაიფ ბორზიევი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, 21 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის ჩატარებამდე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის.

ოთხი პირის – ზურაბ გორნაკაშვილის, რუსლან ალდამოვის, რამაზ მარგოშვილისა და ბადურ ჩოფანაშვილის დაკავება კი 26 დეკემბერს პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოხდა.

სუს-ის განცხადებით, დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

9 იანვარს ახმეტაში დააკავეს ზურაბ იდოიძე. სუს-ის ინფორმაციით, იდოიძემ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები თურქეთის ქალაქ ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

22 იანვარს სუს-მა ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი – ანატოლი ბერძენიშვილი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დადგენილია, რომ ანატოლი ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად.

რეგინფო

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018