ადვოკატი გირგვლიანი: „აღარ ვაგრძელებ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დაცვას“

ადვოკატი გირგვლიანი: „აღარ ვაგრძელებ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დაცვას“ადვოკატი დავით გირგვლიანი​ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს. ამის შესახებ ადვოკატმა პირველ არხს განუცხადა.

სავარაუდოდ, ადვოკატმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მედიით გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმადაც, ბრალდებულ მალხაზ კობაურს სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ლორა სმიტთან, მისი მცირეწლოვანი შვილი კი, მიბჯენით არის მოკლული.

„საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება.

ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზ კობაურის ინტერესებს.

ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა, რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი, მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე!

ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც თბილი სიტყვებისთვის, ასევე კრიტიკული ოპონირებისთვის.

მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას, თუმცა ვრჩები ჩემი ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული!

სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ!“, – განუცხადა დავით გირგვლიანმა პირველ არხს.