არმაზ ახვლედიანი: „აჭარიდან ვიწყებთ მძლავრ სახალხო მოძრაობას, რომელიც მოედება ქვეყნის ყველა რეგიონს და წერტილს დაუსვამს უიმედობას!“

არმაზ ახვლედიანი: „აჭარიდან ვიწყებთ მძლავრ სახალხო მოძრაობას, რომელიც მოედება ქვეყნის ყველა რეგიონს და წერტილს დაუსვამს უიმედობას!““დროა, გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და ერთად გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე პროტესტი ამ ანომალიური მმართველობისა და დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ!” – ამ მოწოდებას ფეიუსბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი და საზოგადოებას მიმართავს ერთობლივად მოინახოს ვითარებიდან გამოსავალი.„ძვირფასო თანამოქალაქენო,

მოგმართავთ ყველას, ასაკის, მსოფლმხედველობრივი თუ პარტიული ხედვის მიუხედავად!

ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ საქართველო დიდ განსაცდელშია და არასწორი გზით მიდის!

ყველას, ვისთვისაც სულერთი არაა ქვეყნისა და ხალხის უკიდურესი გასაჭირი!

ყველას, ვინც ხედავთ, რომ ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის უფსკრულია, ყრუ კედელია, რომელიც ჩვენივე უყურადღებობის, გულგრილობისა და შემგუებლობის შედეგად ასე მზაკვრულად აღმართა მმართველმა ჯგუფმა!

ყველას, ვისაც მოგბეზრდათ სიცრუესა და ფარისევლურ გარემოში ცხოვრება, რასაც ასე უტიფრად გვახვევს თავს ხელისუფლება!

ყველას, ვინც აცნობიერებს, რომ უსამართლობამ და არადემოკრატიულმა მმართველობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია!

ყველას, ვინც ფიქრობს, რომ დროა, ერთად ვუთხრათ „არა“ ხელისუფლების დანაშაულებრივ, ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას!

ყველას, ვინც აცნობიერებს, რომ ქვეყნის უბედურება არამხოლოდ მანკიერი მმართველობაა, არამედ უპირველესად, მანკიერი სისტემაა, რომელიც ასაზრდოებს ამ მმართველობას და კლავს ქვეყნის, ხალხის, ჩვენი ოჯახებისა და თითოეული ჩვენგანის ნორმალურ განვითარებას!

დროა, გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და ერთად გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე პროტესტი ამ ანომალიური მმართველობისა და დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ!

დროა, დავასრულოთ წარუმატებელი და მეტად სახიფათო ექსპერიმენტების პირობებში შეურაცხმყოფელი არსებობა, დავძლიოთ უიმედობა, შემგუებლობა და სამართლებრივი, დემოკრატიული გზით, გადაუდებლად დავიწყოთ საქართველოს გამოყვანა ჩიხიდან, ზრუნვა და შრომა მისი სწორი, სწრაფი და ღირსეული განვითარებისათვის!

პირველად, საქართველოს უახლეს ისტორიაში, გთავაზობთ არა გამზადებულ რეცეპტს მძიმედ დასნეულებული ქვეყნის გადასარჩენად, არამედ უნიკალურ, სამართლიან შესაძლებლობას, ყველამ, ხელისუფლებაში მყოფი არაერთი წესიერი, პროფესიონალი და გულანთებული ადამიანის ჩათვლით, ვინც მზად ვართ ამ უბედობის ჟამს, ერთად, უანგაროდ შევეხიდოთ საერთო საქმეს, განზე გადავდოთ განსხვავებულობა და დაპირისპირება, განვსაზღვროთ ამ ჩიხიდან გამოსვლის სწორი გზა, ჩამოვაყალიბოთ დანაშაულებრივი, ჩაკეტილი წრის გარღვევისა და ღირსეული მომავლის პრაგმატული გეგმა!

ღვთის წყალობით და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, დავამტკიცებთ, რომ ეს შესაძლებელია, რომ ხალხის კეთილგონივრულ ნებას და მტკიცე სურვილს წინ ვერაფერი აღუდგება!

ჩვენ შევიკრიბებით ბათუმში. ზუსტ დროს და ადგილს მალე შეგატყობინებთ. სწორედ ბათუმიდან და აჭარიდან ვიწყებთ მძლავრ სახალხო მოძრაობას, რომელიც მოედება ქვეყნის ყველა რეგიონს და წერტილს დაუსვამს უიმედობას! აიძულებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაითვალისწინოს საქართველოს მოქალაქეთა ნება!

ჩვენ ვერავის გადავუხდით მგზავრობის საფასურს შეკრებაზე მოსასვლელად, არც არავის მივცემთ ფუჭ დაპირებას! ამ შეკრებაზე მოსულთ, ამ დიდი საქმის თანამონაწილეებს ხომ მხოლოდ ქვეყნის გადარჩენის იდეა გვაერთიანებს და არაფერი სხვა! ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ხალხის ურყევ ნებას წინ ვეღარ აღუდგება ვერც დიდი ფული და ვერც კორუმპირებული, მოძალადე სახელისუფლებო სისტემა!

ვაჩვენოთ ამ მთავრობას, რომ ჩვენი კანონიერი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, მისი მმართველობის დრო სულ მალე ამოიწურება და ხალხის სამართლიანი განაჩენის აღსრულებას ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს!

ქვეყნის და თითოეული თქვენგანის უანგარო მსახურებისთვის მუდამ მზადმყოფი,

არმაზ ახვლედიანი

27 ივლისი, 2018 წელი“ – ნათქვამია არმაზ ახვლედიანის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.