არჩილ იაკობაშვილი: „გარემოს დაცვაზე და ბუნებრივი რესურსების მართვაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დანაწევრება შეცდომა იყო“

არჩილ იაკობაშვილი: „გარემოს დაცვაზე და ბუნებრივი რესურსების მართვაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დანაწევრება  შეცდომა იყო“ფინანსისტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი არჩილ იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ სამინისტროების შერწყმით შეიძლება უკუშედეგი მივიღოთ. იგი დასაბუთებული ანალიზით მიმართავს მთავრობას, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება არ შეიძლება.

არჩილ იაკობაშვილი:

“წვიმის ბრალი იყო მთის ჩამოშლა და წყალდიდობა… თუ წვიმა აღარ იქნება, ყველაფერი კარგად იქნება,” – ამშვიდებდა საკუთარ თავს და და გვაწყნარებდა ჭუბერში სტიქიის ადგილიდან ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც ექვსი წელიწადია ქართული ოცნების  მთავრობის წევრია.

რას უნდა ველოდოთ ამჯერად  ქართული ოცნების  მთავრობისგან?  წვიმის რეგულაციას, თუ პირდაპირ მთავრობის ბრძანებას ან პარლამენტის დადგენილებას სტიქიური შემთხვევების დროს წვიმის აკრძალვისთვის?

მაღალმთიან რეგიონებში რომ ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდებში თოვლის დნობა და ნალექის ზრდაა მოსალოდნელი, ეს გადასახადის გადამხდელებმა უნდა შევახსენოთ სახელმწიფოს?

როდესაც სახელმწიფო კომპეტენციები არ არის დეცენტრალიზებული, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი ცენტრალური მთავრობის დონეზე გარემოს დაცვის პოლიტიკა შერწყმულია აგრარულ პოლიტიკასთან, ხოლო ბუნებრივი რესურსების მართვა ეკონომიკის სამინისტროსთვის არის გადაცემული, ამით ხომ ხელისუფლება თავად მოექცა ვაკუუმში და შეზღუდა საკუთარი მოქმედების არეალი?

მომხდარმა წყალდიდობამ მდინარე ნენსკრაზე წარმოაჩინა სახელმწიფოს სერიოზული ჩავარდნები სტიქიური უბედურების ამოცნობის, დროულად რეაგირებისა და ზარალის მინიმიზაციის კუთხით.

სოფლის მეურნეობა არის ეკონომიკის ერთ–ერთი დარგი, რომელიც ორიენტირებულია პროდუქციის შექმნაზე, ბიზნესსუბიექტების მიერ მოგების რეალიზაციაზე, საექსპორტო ბაზრების ათვისებაზე და ა.შ.

გარემოს დაცვა გულისხმობს პრევენციულ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან, რომლებზეც ხარჯების გაწევა გამორიცხავს უკუგებაზე ორიენტაციას, და ემსახურება საზოგადოებისათვის იმ სერვისების მიწოდებას, რომლითაც თვითუზრუნველყოფა კერძო სექტორის მიერ არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ორგანიზაციულადაც შეუძლებელია.

ამიტომ ექსტერნალური ეფექტებისგან (და ექსტერნალური მოვლენებია გარემოს დაბინძურება, ბუნების სტიქიური მოვლენები და ა.შ.) თავდაცვის მიზნით სახელმწიფოსგან ყოვლად უპასუხისმგებლოა ინსტიტუციონალური დაჩეხვა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის დანაწევრება.

2018 წელს ნენსკრას წყალდიდობა იყო გაცილებით უფრო მასშტაბური, ვიდრე 2015 ვერეს წყალდიდობა, მაგრამ ალბათ ნაკლებადზარალიანი ელემენტარულად იმის გამო, რომ ნენსკრას გასწვრივ ურბანული დასახლებები არ არის, როგორც ეს მდინარე ვერეს შემთხვევაშია.

ვთხოვთ (ვთავაზობთ, ვურჩევთ, მოვუწოდებთ) მთავრობას დააბრუნოს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა ერთი პოლიტიკური ჭერის ქვეშ, როგორც ამას ევროკავშირის დირექტივები და ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, და ბუნებასთან დაკავშირებული ე.წ. გამაფრთხილებელი სისტემების ქსელი (გაზომვა, მონაცემთა შეგროვება, მონიტორინგი, წინასწარი შეფასება, გაფრთხილება–გავრცელება, ავტომატური რეაქცია, განგაში, ევაკუაცია, თანდათანობითი განმუხტვა)  მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითაროს.

ტექსტი სრულად გამოხატავს ავტორის პირად მოსაზრებებს