ბათუმში ბინა ბიტკოინით გაიყიდა

ბათუმში ბინა ბიტკოინით გაიყიდაბათუმში ბინა ბიტკოინით გაიყიდა – ტრანზაქციის შესრულებასა და ბინის მოძიებაში რუსეთის მოქალაქეს კომპანია Geoline დაეხმარა, რომელმაც ოფისი ბათუმში სულ ერთი თვის წინ გახსნა.

კომპანიის მმართველი პარტნიორი საქართველოში დიანა გუდინენკო bm.ge-სთან აცხადებს, რომ ბინის ღირებულებამ ბიტკოინებში 50 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი შეადგინა. ბინის მფლობელი კი ყაზახეთიდან იყო.

მისი განმარტებით, ბიტკოინით ბინის ყიდვის შესაძლებლობას მომხმარებელს მათი საიტი აძლევს, სადაც კლიენტმა ფილტრებში ბინის ფართთან, ადგილმდებარეობასთან ერთად გადახდის ფორმაც უნდა მიუთითოს.

როგორც კომპანიის წარმოამდგენელი ამბობს, ბინის მყიდველი თავადაც კრიპტოვალუტებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ის სასიამოვნოდ გაოცებული იყო, როდესაც ნახა, რომ „საქართველოში კრიპტოვალუტით უძრავი ქონების შეძენა შესაძლებელია“.

Geoline-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მსგავსი ფორმით ბინის შეძენის მსურველი არაერთი ადამიანია ბელოპრუსიიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან და ა.შ.

„ბელორუსიიდან არის ძალიან დიდი დაინტერესება, მათ სურთ საქართველოში ინვესტირება, მაგრამ აფერხებთ თანხის გადმორიცხვის პროცედურები, რადგან მათთვის საჭიროა ბევრი პროცედურის გავლა საკუთარ ქვეყანაში. იგივე პრობლემები აქთ არაბებსაც. თანხის გადმორიცხვის დროს მათ უწევთ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორიცაა: რატომ ახორციელებთ ინვესტიციას სხვა ქვეყანაში და არა საკუთარში? კრიპტოვალუტების გამოყენებისას კი ყველაფერი მარტივია: ამ დროს მათ ვერავინ აკონტროლებს, ამიტომ ეს ამარტივებს პროცედურას და თან ბანკში აღარ იკარგება საკომისიო“,- აცხადებს დიანა გუდინენკო bm.ge-სთან საუბრისას.

მისი განმარტებით, არაფერია არალეგალური იმაში, რომ უძრავი ქონების გაყიდვა კრიპტოვალუტებში ხდება და ეს ისეთივე ტრანზაქციაა, როგორიც მაგალითად „ბარტერი“.
დიანა გუდინენკოს თქმით, მათ ოფისები აქვთ ისრაელში, პოლონეთში, ბელორუსში და ა.შ. საქართველოში ჯერ მხოლოდ ბათუმში არიან წარმოდგენილები, თუმცა, ფართს და კადრებს უკვე თბილისშიც ეძებენ.