ბეჟან ნათელაშვილი – “სააკაშვილზე კარგი როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ მას კრიმინალი ალაგმული ჰყავდა”

ბეჟან ნათელაშვილი - "სააკაშვილზე კარგი როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ მას კრიმინალი ალაგმული ჰყავდა"რატომ ზრდიან საპენსიო ასაკს, დაიწყება თუ არა ბანკირების დევნა, რა კომპრომატები აქვთ მინისტრებს ივანიშვილზე, რა შემთხვევაში დასრულდება “”ოცნება”? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება.
ბეჟან ნათელაშვილი:
– ქვეყანა და მოსახლეობა ვდგავართ კლდის ქიმზე და პირდაპირ უფსკრულისკენ მივექანებით. ვიღაცებს ჰგონია, რომ არსებულ ვითარებას ახალი მთავრობა გამოასწორებს. ამის იმედად ყოფნა დაახლოებით იგივეა, წყალწაღებული ხავსს რომ მოეჭიდება. ამათ ხელში ხავსიც სანატრელი გახდა – პატარა ღელეებიც კი მილებში მიაქციეს და ჰესებს მიუერთეს.
ახალ მთავრობაზე რა იმედი უნდა დავამყარო, როცა კარდიოლოგი დაგვისვეს ეკონომიკის მინისტრად.
– ეკონომიკა ისეთ დღეშია, მართლა ექიმი სჭირდება.
– ექიმი სჭირდება, ოღონდ ეკონომიკის ექიმი და არა – სამედიცინო სფეროდან მოსული. ძალიან სამარცხვინო მთავრობა დაგვინიშნა ივანიშვილმა, მაგრამ მათი ატანა დიდი ხნით არ მოგვიწევს. რამდენიმე თვეში “ოცნება” დასრულდება. ხალხი ასეთ მთავრობას არ მოითმენს და შემოდგომისთვის სერიოზულ საპროტესტო ტალღას მივიღებთ. ხალხის მოთმინების ფიალა სავსე იყო და ეს მთავრობა ბოლო წვეთი აღმოჩნდა.
– ბახტაძე და მისი გუნდი ბოლო წვეთი თუ არის, შემოდგომამდე რას ელოდება ხალხი? ახლავე რატომ არ იწყება აქციები?
– ზაფხულობით, როგორც წესი, ფართომასშტაბიან აქციებს არავინ ატარებს. ამისთვის შემოდგომა და გაზაფხული არსებობს. ამიტომ ვამბობ, რომ გამოსვლები შემოდგომაზე დაიწყება. საჭიროების შემთხვევაში ზაფხულშიც გამოვა ხალხი. გამოვიდა კიდევაც, ივნისის დასაწყისში ხელისუფლება სერიოზულად შევაშინეთ. რუსთაველზე საკმარისი იყო, რამდენიმე ასეული კაცი გამოსულიყო. რომ სამთავრობო ცვლილებები განახორციელეს.
– ცვლილებები მართლა განახორციელეს, მაგრამ თანამდებობაზე ის ხალხი დატოვეს, ვის გადადგომასაც ხალხი ითხოვდა. ეს რისი მანიშნებელია?
– ხელისუფლება და ივანიშვილი არიან გამოუვალ მდგომარეობაში. ერთის მხრივ, საზოგადოების მოთხოვნაა, ხოლო მეორეს მხრივ კომპრომატები, რომლებსაც კონკრეტული მინისტრები ფლობენ. ჩემი აზრით, გიორგი გახარია და თეა წულუკიანი იმიტომ ვერ მოხსნა, რომ მათ კომპრომატები აქვთ.
– ვისზე აქვთ კომპრომატები?
– ივანიშვილზე და მის გუნდზე. ამ ინფორმაციების გასაჯაროება ყოფილი პრემიერის ინტერესებში არ შედის. ამიტომაც დატოვა გახარია და წულუკიანი. ვიმეორებ, ისინი ძალიან ბევრ სკანდალურ ინფორმაციას ფლობვნ.
– შს და იუსტიციის მინისტრები ივანიშვილს აშანტაჟებენ?
– ასე გამოდის. “ოცნების” მინისტრები კომპრომატებით ერთმანეთსაც აშანტაჟებენ.
– სკანდალური ინფორმაციებით თუ შესაძლებელია პოსტის შენარჩუნება, ირაკლი შოთაძემ რატომ ვერ მოახერხა ეს? კაცი მთავარი პროკურორი იყო და ბევრი რამე ეცოდინება.
– შოთაძესაც ბევრი კომპრომატი ჰქონდა, მაგრამ მის ხელთ არსებულ ინფორმაციებს ძალა არ ჰქონდა.
– რატომ არ ჰქონდა ძალა?
– ამ შემთხვევაში თავად შოთაძეშია პრობლემა. მგელს შესაძლოა ლომზე ძალიან მაგარი კომპრომატები ჰქონდეს. მაგრამ ლომს მაინც ვერ მოერევა. ასე დაემართა ყოფილ მთავარ პროკურორსაც. ის მგელიც კი არ გამოდგა და ამიტომაც ზვარაკად შესწირეს ივანიშვილის ტახტს.
ამ შოთაძეს კი ერქვა მთავარი პროკურორი, მაგრამ ამ უწყებას რეალურად სხვა პირები მართავდნენ.
– მაგალითად, ვინ?
– თუნდაც თეა წულუკიანი, ბიძინას საახლობლო. ინფორმაციები ჰქონდა კვირიკაშვილსაც, მაგრამ ვერც ის მოერია ბიძინას. მგელს რაც არ უნდა სერიოზული კომპრომატი ჰქონდეს, ლომს ვერ მოერევა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ლომსაც აქვს კომპრომატები მგელზე. ბიძინას იქეთ ჰქონდა კვირიკაშვილზე მასალები.
ივნისის თვეში რუსთაველზე ცოტა მეტი ხალხი რომ გამოსულიყო, “ქართული ოცნება” უკვე დასრულებული იქნებოდა. სამწუხაროდ, პოლიტიკოსები და საზოგადოება აყვნენ სუსის ნარატივს. იმ პერიოდში გახსოვთ, რა ამბავი ატეხეს, რომ მაჩალიკაშვილის და სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიტიკოსები არ უნდა მისულიყვნენ. არ მივიდნენ პოლიტიკოსები აქციაზე და აქციებიც ძალიან მალე დასრულდა. მთლად უშედეგოდ არ ჩაუვლია ამ პროტესტს, მაგრამ უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა.
– შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე, ისევ ვერ პოულობს სამართალს. დაპირება მისცეს, მაგრამ მისი შვილის მკვლელები ჯერ არ დაუკავებიათ. ის ამ დღეებში საგანგებო ბრიფინგის ჩატარებას აპირებს და, შესაძლოა, ისევ სთხოვოს ხალხს, გვერდში დამიდექითო. თქვენი აზრით, ხალხი კიდევ გამოვა?
– ხალხი აუცილებლად გამოვა, მაგრამ ზაზა სარალიძემ პოლიტიკოსებსაც უნდა სთხოვოს აქციაზე მისვლა. პოლიტიკოსების გარეშე საპროტესტო მუხტის აწევა და მისი შენარჩუნება უბრალოდ შეუძლებელია.
ივნისის აქციაში უამრავი შვილმოკლული მშობელი მონაწილეობდა. არ მეგონა, თუ ამდენი ადამიანი ეძებდა სამართალს. იმის გამო, რომ პოლიტიკოსები არ იყვნენ, ეს საპროტესტო აქცია პანაშვიდს დაემსგავსა.
– პოლიტიკოსები ხომ იყვნენ იმ აქციაზე, რატომ არაფერი არ გააკეთეს, რომ ეს ყველაფერი პანაშვიდში არ გადაზრდილიყო.
– პოლიტიკოსები იყვნენ, მაგრამ ისინი ტრიბუნასთან არავინ მიუშვა. ამიტომაც არ დაიდო სერიოზული შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე ისევ გამოვა ხალხი ქუჩაში და იმედია, მაშინ მაინც არ ჰკრავენ პოლიტიკოსებს ხელს. ქვეყანაში იმდენი სოციალური პრობლემაა, აქამდეც რომ არ მოხდა მშიერი ბუნტი, მიკვირს.
– სოციალურად დაუცველების დახმარების თემას შეეხო დეპუტატი გუგული მაღრაძე. მისი თქმით, უხერხულია, როცა 40-50 წლის ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს.
– სირცსვილი ისაა, რომ გუგული მაღრაძე ზის პარლამენტში. სირცხვილია ისიც. რომ 150 მუქთახორა დეპუტატს ვინახავთ. ქალბატონი გუგული არის დღეს “ოცნების” სახე, რაც მხოლოდ მისასალმებელია. ეს ამ ხელისუფლების დამთავრებაში დაგვეხმარება. ჩვენ რომ ცოტა ნორმალური საზოგადოება ვიყოთ, მარტო გუგულის განცხადებები იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლება შეგვეცვალა.
– ხელისუფლებამ საპენსიო ასაკის გაზრდაზეც დაიწყო საუბარი. ამაზე რას ფიქრობთ?
– რას ვფიქრობ და ეს ხელისუფლება გასაყრელია. რას ჰქვია საპენსიო ასაკის გაზრდა? ისედაც მაღალია ჩვენთან საპენსიო ასაკი. ევროპის ბევრ ქვეყანაში ქალები 55 წლის ასაკში გადიან პენსიაზე, მამაკაცები – 60 წლის ასაკში.
ამათ რომ ჰკითხო, გეზი ევროპისკენ აქვთ აღებული. ამ დროს საპენსიო ასაკსაც კი რუსული სტანდარტებით ადგენენ. პუტინის ხელისბიჭ ივანიშვილისგან მეტი არც იყო მოსალოდნელი. რუსი ოლიგარქი ყველაფერში რუსეთის ხელისუფლებას ბაძავს. ბოლო აქციაც რუსული მეთოდებით დაშალეს. მთავრობის წევრებადაც რუსეთგამოვლილი ხალხი დაგვისვა.
იმისთვის, რომ ბოლოს მოსკოვი არ გახდეს ჩვენი დედაქალაქი, ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და ეს კურსი გააპროტესტოს.
– ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ლიდერია საჭირო. ეს ლიდერი ჯერ არ ჩანს.
– ხალხი ისეა გამწარებული, ლიდერი აღარ სჭირდება. ივნისის დასაწყისში ლიდერების გარეშე გამოვიდა ათასობით ადამიანი გარეთ. ჩვენი საზოგადოება უნდა მიეჩვიოს, საკუთარი უფლებების დასაცავად თავად უნდა იბრძოლოს. ისიც უნდა გაითავისონ, რომ აქციაზე ხაჭაპურს აღარავინ მიუტანს. შიმშილი თუ არ შეუძლია, სახლიდან წამოიღოს ყველი და პური.
დავიმახსოვროთ, რომ ის ტიპი, რომელიც აქციაზე ხაჭაპურს და ყავას დაურიგებს ხალხს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ ხალხისგან შეეცდება ტორტის და ვისკის ფულის ამოღებას.
ძალიან მიკვირს, რატომ ითმენს ჩვენი ხალხი ამდენს. შიმშილობას და დაცინვას ეგუებიან, მაგრამ მომატებულ კრიმინალს მაინც როგორ არ აპროტესტებენ? დღე ისე არ გავა, რამდენიმე მძიმე დანაშაული არ მოხდეს.
– მომატებული კრიმინალი მართლაც სერიოზული პრობლემაა. თქვენი აზრით, რისი ბრალია ეს? 
– იმის, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს. როცა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშლება, იქ კრიმინალიც აყვავდება. ამაშიც ვემსგავსებით რუსეთს. ივანიშვილის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი, პუტინი, კრიმინალების დახმარებით მართავს სახელმწიფოს. საქართველოშიც იგივე ხდება.
არავის არ ვაშინებ, მაგრამ კრიმინალური ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. ამის შეჩერება მხოლოდ ხალხს შეუძლია. ხალხი უბრალოდ ვალდებულია, რომ ეს მოღალატეები სახლში გაუშვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო საერთოდ არ გვექნება.
სააკაშვილზე კარგი როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ მისი მმართველობის დროს ასე არ ხდებოდა. ამ ადამიანს ძალიან ბევრი გადაცდომა ჰქონდა, მაგრამ კრიმინალები ალაგმული ჰყავდა.
– ლეიბორისტებს ისედაც სააკაშვილთან კავშირს გაბრალებენ და ამ განცხადების მერე კიდევ უფრო მჭიდროდ დაგაკავშირებენთ მათთან.
– სააკაშვილზე რაც ვთქვი, ეს არის პირადად ჩემი პოზიცია. ის ხალხი, ვინც ლეიბორისტებს ნაციონალებთან კავშირს აბრალებს, არის შეურაცხადი და სუსის დაქირავებული. სააკაშვილის მთავარი ამოცანა ლეიბორისტული პარტიის განადგურება იყო. ჩვენთვის ღია ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული.
– ბრძოლა შეიძლება ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ლეიბორისტები საკმაოდ ტკბილად ებაასებოდით ნაციონალებს. ნიკა მელია ხშირად სტუმრობდა თქვენი პარტიის ოფისს.
– ნაციონალების გარდა, ჩვენს ოფისში გამართულ კრებაზე სხვა ოპოზიციური პარტიებიც მოდიოდნენ. რაც შეეხება ნიკა მელიას, მას ნაციონალად ვერ აღვიქვამ. ის ამ პარტიაში ბოლოს მივიდა. მას სისხლში არ გაუსვრია ხელი. სისხლში გასვრილ ნაციონალებთან “ქართული ოცნება” არის მჭიდრო კავშირში და მათი დახმარებით ინარჩუნებენ ხელისუფლებას.
შემოდგომაზე ძალიან მარტივად შეიძლება შეიცვალოს ეს სურათი. შალვა ნათელაშვილი თუ გახდა პრეზიდენტი, ქვეყანაში ძალიან საინტერესო ამბები დატრიალდება.
– ნათელაშვილი “ოცნებას” მართლა სისხლს გაუშრობდა.
– სისხლის გაშრობამდე არ მივიდოდა საქმე. ეგზიტპოლების გამოცხადება დამთავრებული არ იქნებოდა, ქოცები ბარგს ჩაალაგებდნენ და გაიქცეოდნენ. პირველი ივანიშვილი გავარდებოდა.
მას იმდენი დანაშაული აქვს ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი, რომ სამუდამო პატიმრობა ელოდება. ისეთი რაღაცები ჩაიდინა, თვით შაჰ-აბასიც კი გააოგნა.
– ადრე გვითხარით, შაჰ-აბასი საფლავში ტრიალებს, საქართველოს აოხრებაში როგორ მაჯობესო.
– მართლა ტრიალებს შაჰ-აბასი საფლავში. მან აღა-მაჰმად-ხანი და მურვან ყრუც აიყოლია. სამივენი საფლავში ტრიალებენ და ჩივიან, ოლიგარქმა ივანიშვილმა როგორ გვაჯობაო!

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა