გიორგი გაბოძე – ”ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს მიხეილ კალანდიას ვიცავ, მისი დაცვის არანაირი სურვილი არ მაქვს”

გიორგი გაბოძე - ”ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს მიხეილ კალანდიას ვიცავ, მისი დაცვის არანაირი სურვილი არ მაქვს””ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს მიხეილ კალანდიას ვიცავ, მისი დაცვის არანაირი სურვილი არ მაქვს”, – ამის შესახებ თბილისის პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი გაბოძემ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გაბოძეს და “ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს შორის დიალოგი წარიმართა იმასთან დაკავშირებით, უნდა წაეყენებინა თუ არა პროკურატურას ბრალი მ.კ.-სთვის დანაშაულში თანამონაწილეობასთან დაკავშირებით. პროკურორი აცხადებს, რომ ბრალის წაყენების საფუძველი მტკიცებულებების საფუძველზე არ იყო.
“ძალიან ცუდ მდგომარეობაში გამოვდივარ, თითქოს მ.კ.-ს ვიცავ და ამის არანაირი სურვილი არ მაქვს. რეალურად ჩემს პოზიციას ვიცავ. ძალიან არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ მისი ადვოკატი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, მიწევს ჩემი პოზიციის დაცვა, რაც გამოდის, რომ თანხვედრაშია დაცვის პოზიციასთან“, – მიმართა გაბოძემ ოთარ კახიძეს.

მან თქვა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მ.კ-ს ტანსაცმელი გადაყრილი იყო.

”თუ არ იქნებოდა გადაყრილი, უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა და ეს ტანსაცმელი უნდა ამოღებულიყო”, – განაცხადა გიორგი გაბოძემ.
კომისიის წევრი ირაკლი აბესაძე დაინტერესდა იცოდა თუ არა იმ ფაქტის შესახებ, რომ მ.კ.-ს სისხლიანი ტანსაცმელი ინახებოდა სახლში და რატომ არ მოხდა მისი ამოღება.
„3 დეკემბერს, მ.კ თავისივე ჩვენებაში ეუბნება გამომძიებელს, რომ მაისური, რომელიც მას ეცვა, იყო სისხლიანი, გამოიცვალა მეზობელთან ყოფნისას და მეზობელმა ეს მაისური მისცა მ.კ-ს ძმას, ლუკა კალანდიას. 3 დეკემბერს, ასევე იკითხება ლუკა კალანდია, რომელსაც არაფერს ეკითხებიან ამ ტანსაცმელზე, თუ სად წაიღო მან მ.კ-ს ტანსაცმელი. არც ერთ ოფიციალურ ჩვენებაში არ ფიქსირდება, რომ მან ტანსაცმელი გადაყარა.

22 დეკემბერს, ლუკა კალანდიას განმეორებითი დაკითხვის შემდეგ ის უკვე გამომძიებელს ეუბნება, რომ სისხლიანი მაისური გაირეცხა სახლში და დღესაც ჩვენს სახლში ინახებაო. ანუ 3 დეკემბერს გამომძიებელმა იცის და მას შეუძლია ამოიღოს ტანსაცმელი, თუმცა ამას არ აკეთებს. დამეთანხმებით, რომ არასწორად თქვა გამომძიებელმა, როდესაც გითხრათ, რომ ეს ტანსაცმელი გადაყრილია და ვერ აღმოვაჩინეთო?“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
„ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ჩატარებულიყო ყველა ობიექტის ჩხრეკა, ვინც მონაწილეობდა ინციდენტში, მათ შორის ნათესავების და მეზობლების. თუ რაღაცნაირად ამის სტანდარტი იქნებოდა, რომ იქ გადამალეს მტკიცებულებები.
თუმცა რა ტიპის მოქმედებები ჩატარდა, ეს უკვე განსაზღვრული იყო პროკურორის და გამომძიებლის მიერ. ეს იყო გამომძიებლის შესაფასებელი“, – განაცხადა გიორგი გაბოძემ.

მან სხდომაზე ვიდეოჩანაწერების შესახებაც ისაუბრა.

”გავეცი რეკომენდაცია, რომ ერთი კილომეტრის რადიუსით ამოღებულიყო ვიდეო კამერის ჩანაწერები”, – განაცხადა გიოეგი გაბოძემ.

კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დაინტერესდა, თუ რატომ არ მოხდა ვიდეო კამერების ამოღება მიმდებარე ქუჩებიდან, კერძოდ სვანიძე-გუდაური-ჯანაშიას ქუჩებიდან, იმ ადგილებიდან, რა მარშრუტითაც გადაადგილდნენ ხორავას ქუჩის 4 ნომრიდან გამოსული მოზარდები.
გიორგი გაბოძის თქმით, ეს კითხვა მას არ ეკუთვნის, რადგანაც მან აღნიშნული რეკომენდაცია გასცა, თუმცა, გადაწყვეტილებას კონკრეტულ შემთხვევაში იღებს საქმის პროკურორი და გამომძიებელი.

ინტერპრესნიუსი