გიორგი ვაშაძე – “მარგველაშვილისგან საერთოდ რას უნდა ველოდოთ, აღარ ვიცი”

გიორგი ვაშაძე - "მარგველაშვილისგან საერთოდ რას უნდა ველოდოთ, აღარ ვიცი"“ახალი თაობის”კითხვებს კოალიცია “ძალა ერთობაშია”-ს წევრი გიორგი ვაშაძე პასუხობს.
– ბატონო გიორგი, ოპოზიციის დიდი ნაწილი აკრიტიკებს პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომ იგი საგრძნობლად აჭიანურებს არჩევნების თარიღის გამოცხადებას, ხელისუფლებას გაურიგდა და მის წისქვილზე ასხამს წყალსო. თქვენც ასე ფიქრობთ?
– დიახ, ასეა. ძალიან სამწუხაროა, რომ მარგველაშვილი ხელისუფლების და “ქართული ოცნების” თამაშს თამაშობს, ისევე, როგორც აჭარის შემთხვევაში იყო. ისევ იგივე თამაშს აგრძელებს. უკვე კრიტიკულ ზღვრამდე მივიდა არჩევნების თარიღის დასახელების დრო და ამ ორ-სამ დღეში უნდა დაასახელოს.
– რა თამაშის წესებია ეს, რა ხდება?
– ძალიან მარტივია, “ქართული ოცნება”, როგორც თვითონ ივანიშვილმა თქვა საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული კანდიდატთან დაკავშირებით, თუ რა სტრატეგიით წავლენ ამ არჩევნებში. აქედან გამომდინარე პრეზიდენტი მათი თხოვნით არ იღებს გადაწყვეტილებას არჩევნებთან დაკავშირებით.
– ანუ როდესაც პრეზიდენტი გამოაცხადებს თარიღს, “ოცნებასაც” უნდა ჰყავდეს კანდიდატი?
– როგორც მინიმუმ თარიღის დასახელებამდე ჩამოყალიბებულები რომ იყვნენ კანდიდატთან დაკავშირებით.
– რა ხდება დღეს “ოცნებაში”, რატომ ვერ ჩამოყალიბდნენ?
– “ოცნება” არის ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში. “ოცნების” მიმართ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ არის უკიდურესად კრიტიკული განწყობა საზოგადოებაში და, შესაბამისად, ფიქრობენ, რა სტრატეგია იქნება მათთვის უფრო მომგებიანი. თავის გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი დაუშვა, რომ შესაძლებელია, ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ეს არის ზუსტად გამოძახილი ხალხის განწყობის, რომელიც ქვეყანაშია.
– ოპოზიციურ კანდიდატში მათი სატელიტი პარტიები იგულისხმა?
– არა, მან კარგად იცის, რომ სატელიტ პარტიებს რაც უნდა ფული აძლიოს, ისინი დიდ რეიტინგს ვერ აიღებენ. აქ მთავარი შიში არის გაერთიანებული ოპოზიციის, ანუ ჩვენი კანდიდატის – გრიგოლ ვაშაძის.
– კეთდება შეფასებები, რომ ასეთი კარგი შანსი ოპოზიციას “ოცნების” მმართველობის პირობებში არ ჰქონია, რაც ახლა ამ არჩევნებზე ეძლევა. რატომ, რა შეიცვალა? კარგავს ძალაუფლებას “ქართული ოცნება”?
– ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს მთავრობა აუცილებლად უნდა გაუშვას, ეს არის დროის საკითხი, როდის მოხდება ეს ყველაფერი. უკიდურესად რთულია, დამძიმებულია ეკონომიკური და სოციალური ფონი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, რთულია “ქართული ოცნების” მდგომარეობაც. თვითონ გამოვიდა ივანიშვილი და თქვა, რომ ქვეყანა უფრო გავაღარიბეთ, უფრო მეტი ვალი ავიღეთ და კორუფციამ მოიმატა ქვეყანაში. ეს სამი საკითხი თვითონ დაასახელა და რატომ დაასახელა, იცით?!
– რატომ?
– კონსულტატებმა ურჩიეს, რომ ჯობია, შენ აღიარო პრობლემებიო. თორემ რომ ეთქვა, არც კორუფციაა, ეკონომიკა ვითარდება და გაჭირვება მცირდება ქვეყანაშიო, გაცილებით მეტი კრიტიკა იქნებოდა და გაცილებით დიდი ნეგატივი იქნებოდა მასთან მიმართებაში.
– გადაბრალებას ჰქონდა ადგილი, განტევების ვაციც მოძებნა.
– ესეც საარჩევნო სტრატეგიის და ესეც მათი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია, რომ ვინმეს ხომ უნდა დააბრალონ ის კატასტროფა, რაც ხდება ქვეყანაში და დააბრალეს კვირიკაშვილს.
– ეს რამდენად უშველით?
– მე ვფიქრობ, რომ ეს არ უშველით. ყველამ ყველაფერი იცის! კვირიკაშვილი იყო ჩვეულებრივი ჭანჭიკი ბიძინა ივანიშვილისთვის და როცა აღარ დაჭირდა, გაუშვა და ყველაფერზე მას შეაწმინდა ხელები. ყველამ იცის, რომ საქართველოში ყველაფერს აკონტროლებს ივანიშვილი, მათ შორის საკუთარი სუს-ით, ყველას თვალს ადევნებს, ვინ რითია დაკავებული და ასე შემდეგ.
– კეთდება შეფასებები, რომ “ოცნებას” ეშინია, დააყენოს საკუთარი კანდიდატი. რატომ ეშინია, ფიქრობენ, რომ წააგებენ და გამოსავალი დამოუკიდებელ კანდიდატში იპოვეს?
– “ოცნება” ფიქრობს, რომ ძალიან რთული არჩევნები იქნება. ყველა იმ მარიონეტ კანდიდატს, რომელსაც ისინი მოიაზრებენ, არავის ცალკე არანაირი რეიტინგი არა აქვს, აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა და აქედან გამომდინარე არ უნდა, რომ რისკზე წავიდეს.
ასევე ამით უნდა, რომ ნიველირება მოახდინოს საპრეზიდენტო არჩევნების, თითქოს ეს არ არის მნიშვნელოვაი არჩევნები, რომ ძალიან ცოტა ადამიანი მოვიდეს არჩევნებზე და თავისი ადმინისტრაციული რესურსით გაიყვანოს ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი.
– ექსპერტთა ნაწილის მიაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმობს “ოცნება” პრეზიდენტის სავარძელს. თქვენ რას ფიქრობთ?
– რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ფულს დახარჯავენ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გავიდეს დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ მათ აქვთ გეგმა ბე.
– რაში მდგომარეობს გეგმა ბე?
– გეგმა ბე არის, რომ თუ წააგო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ეს არ ჩაითვალოს “ქართული ოცნების” წაგებად, რომ სახე შეინარჩუნონ. აი, ეს არის მათი სტრატეგია. სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი იქნება მათი კანდიდატი, ვითომ დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა, ბოლო დღეებში თუ არაფერი შეიცვალა.
– თავად მარგველაშვილი თუ დააყენებს საკუთარ კანდიდიატურას?
– მისგან საერთოდ რას უნდა ველოდოთ, აღარ ვიცი. არჩევნების დანიშვნასაც გვიჭიანურებს, იქ აჭარაში ხელი მოუწერა ხელისუფლებას. მთელი ოპოზიცია გაერთიანდა, წარდგენილი იყო არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა და “ოცნების” კანდიდატზე მოაწერა ხელი და შემდეგ დაცინვაც მიიღო მათგან.
– ანუ გადამწყვეტ მომენტებში მარგველაშვილი “ოცნების” თამაშს თამაშობს?
– დიახ, ასეა. ზუსტად იგივე გააკეთა გასულ წელსაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, როცა მთელი ოპოზიცია შეიკრიბა პრეზიდენტთან, ხელი მოეწერა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოთხოვნებს, ეს არ გაიზიარა ხელისუფლებამ, მიიღო კონსტიტუცია ისე, როგორც თავად ჰქონდა გადაწყვეტილი და ამ კონსტიტუციას, ოპოზიციასთან კონსულტაციის გარეშე, ეგრევე მოაწერა ხელი მარგველაშვილმა! იქაც კი გამოიჩინა არათანმიმდევრობა და ეს იყო მართლაც საბოლოო სახის ჩვენება მარგველაშვილის.
კიდევ ერთი კომპონენტი ამ არჩევნების ზუსტად აქედან გამომდინარეა, რომ ეშინია ივანიშვილს, მარგველაშვილისნაირი მარიონეტი რომ დააყენოს, იცის, რომ ხალხი მხარს აღარ დაუჭერს. ხალხს ყელში ამოუვიდა ასეთი უსახური პრეზიდენტი, როგორიც დღეს გვყავს!
– მივა ეს არჩევნები მეორე ტურამდე?
– ჩვენ ვიბრძვით პირველ ტურში მაღალი შედეგის და პირველ ტურშივე გამარჯვებისთვის. მეორე ტურზე ვისაუბროთ პირველი ტურის მერე. საერთოდ მეორე ტურზე საუბარი ოპოზიციის მხრიდან არასწორი მგონია. ეს არის ასევე “ქართული ოცნებისთვის” სასურველი თამაში, როცა ბევრი ოპოზიციონერი კანდიდატია და ხმების დაქსაქსვა ხდება.
მათი მიზანია, არ მოხდეს კონსოლიდაცია ოპოზიციის და რაც შეიძლება ცოტა ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და ამ ფონზე პრეზიდენტად გაიყვანოს ის, ვინც მას უნდა. სამწუხაროდ, ამ თამაშში, ნებით თუ უნებლიეთ, ბევრი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა