გიორგი სეთურიძე – ”ალავიძის წინააღმდეგ შავ პიარს აგორებენ”

გიორგი სეთურიძე - ”ალავიძის წინააღმდეგ შავ პიარს აგორებენ”ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრების მთავარ პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ თუ ზურაბ ალავიძის ან დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობისას ჩატარებულ ტენდერებზე შეკითხვები არსებობს, მათ პასუხი უნდა გაეცეს.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვა, ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე პოლიტიკური შურისძიებაა და ახალმა მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ საჩვენებელი პროცესის ჩატარების დავალება მიიღო. ევროპულ საქართველოში კი ამბობენ, რომ შესაძლოა საქმე მსხვილ კორუფციულ გარიგებას შეეხებოდეს.

მთავარ პროკურატურას შეკითხვები ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ალავიძეს, სავარაუდოდ, გზების მშენებლობასა და ტენდერებთან დაკავშირებით აქვს. “ქრონიკამ” საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი სეთურიძე ჩაწერა, რომელმაც თანამდებობა ახალი მინისტრის (მაია ცქიტიშვილის) მისვლიდან სამ დღეში დატოვა.

გიორგი სეთურიძე დღეს ზურაბ ალავიძის წინააღმდეგ შავ პიარზე საუბრობს. სეთურიძის თქმით, არამართებულია შეკითხვები მისი ერთ-ერთი მოადგილის კერძო კომპანიაში გადასვლასთან დაკავშირებითაც. საუბარია სეთურიძის ყოფილ მოადგილეზე გივი ჩოჩიაზე, რომელიც თურქულ კომპანიაში მას შემდეგ გადავიდა სამუშაოდ, რაც ამ კომპანიამ მისი მოადგილეობის დროს მრავალმილიონიანი კონტრაქტი მოიგო.

17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე  2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. ალავიძემ თანამდებობა 2018 წლის 30 მარტს დატოვა, მის ადგილზე მაია ცქიტიშვილი დაინიშნა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრად 2016-2017 წლებში დაინიშნა და იყო საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი. თუმცა 2017 წლიდან ქუმსიშვილმა ისევ ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლა. ის ამ თანამდებობიდან ქუმსიშვილი მას შემდეგ გადადგა, რაც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დატოვა პოსტი. მალევე ცნობილი გახდა, რომ ახალი პრემიერის მამუკა ბახტაძის დროებით სამთავრობო გუნდში მისი კანდიდატურა აღარ მოიაზრებოდა.

იმედინიუსი