გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები ფოთის მოსახლეობას შეხვდნენ

გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები ფოთის მოსახლეობას შეხვდნენგაერთიანებული ოპოზიციის – ძალა ერთობაშიას პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები სამეგრელოს რეგიონში შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი ამჯერად ქალაქ ფოთის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივების თქმით, ძირითადი პრობლემა სოციალური სიდუხჭირე და ხელისუფლების მხრიდან სრული უყურადღებობაა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიის სახელმწიფო ხალხისათვის ლიდერის ნიკა მაჭუტაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის მთავარი მიზანია, რომ ქართული სახელმწიფო დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და სწორედ ესაა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო პოსტისათვის ბრძოლის მთავარი მიზანიც:

“ვმართავთ შეხვედრებს ჩვენს ძალიან მოტივირებულ თანამოქალაქეებთან, რომელთა მიზანი და დაუძლეველი სურვილი არის ის, რომ ივანიშვილს გამოსტაცოს ქართული სახელმწიფო და დაუბრუნოს ქართველ ხალხს. ეს არის ჩვენი ერთობის, ჩვენი კამპანიის და ამ საპრეზიდენტო პოსტისათვის ბრძოლის მთავარი მიზანი“- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ადამიანები გაერთიანებული ოპოზიციისგან ითხოვენ ცვლილებებს, გამარჯვებას და ამ გამარჯვების დაცვას:

„ეს არის ის დუხჭირი ცხოვრება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს თავს დაატყდა ამ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. ეს ადამიანები ითხოვენ დროულად ცვლილებებს, ეს ადამიანეი ჩვენგან პირდაპირ ითხოვენ გამარჯვებას და ამ გამარჯვების მხარდაჭერას და დაცვას. მე მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, ამ ხალხთან ერთად ეს არჩევანი დაცული იქნება.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ცვლილებებისა და გამარჯვებითვის ბრძოლა უკვე დაწყებულია:

„შეკითხვას როდის ვიმოქმედებთ, როდის გავიმარჯვებთ, როდის გადავაყენებთ ამ ე.წ ხელისუფლებას და როდის მივაღწევთ იმას, რომ ხელისუფლებაც პარლამენტიც და მთავრობაც იყოს რიგითი მოქალაქის დამცველი, ამაზე პასუხი გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს ერთი – ეს გზა, ეს გამარჯვება უკვე დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებით“- განაცხადა გრიგილ ვაშაძემ.

ნიუპოსტი