დავით საგანელიძე – “ბორჯომი-ლიკანი ყაზახებისგან 5 მილიონით იაფად გამოვისყიდეთ”

დავით საგანელიძე - "ბორჯომი-ლიკანი ყაზახებისგან 5 მილიონით იაფად გამოვისყიდეთ"“სასტუმრო “ბორჯომი-ლიკანი” ყაზახი ინვესტორებისგან 5 მილიონით იაფად გამოვისყიდეთ, ვიდრე მისი თვითღირებულება იყო” – ამის შესახებ “ანალიტიკის“ ეთერში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს იყო ფონდისთვის საკმაოდ კარგი გარიგება, რადგან რეალურად იმაზე ნაკლები თანხა გადაუხადეს ინვესტორს, ვიდრე მან ამ სასტუმროს მშენებლობა-განვითარებაში ჩადო.
“ჩვენ მიწის ღირებულებაშიც კი ჩავუთვალეთ ის თანხა, რაც თავიდან ჰქონდათ მათ გადახდილი” – განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, ის, თუ რომელი საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს სასტუმროს მენეჯმენტს, წლის ბოლოს გაირკვევა.
“დროებით ამ სასტუმროს ქართული მენეჯმენტ-კომპანია მართავს. უკვე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის მიზნით, რაშიც რვა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ამჟამად აქედან სამი კომპანიაა დარჩენილი, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ესენია: “ინტერკონტინენტალი“, “მერიოტი“ და “სვისოტელი“. ჩვენ მათ მოვთხოვეთ კონკრეტული პირობების წარმოდგენა შემოდგომაზე და წლის ბოლომდე, მათ შორის ერთ-ერთს შევარჩევთ“ – განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდმა ყაზახი ინვესტორებისგან სასტუმრო “ბორჯომი-ლიკანის” წილი ოფიციალურად 21 ივნისს გამოისყიდა, რის შემდეგაც სასტუმროს 100% აქციების მფლობელი გახდა. მანამდე შპს “კმგ-სერვის საქართველო” და “საპარტნიორო ფონდი“ “ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის” აქციების 50-50%-ს ფლობდნენ. შპს “კმგ-სერვის საქართველოს” 100%-იან წილს კი თავის მხრივ, ყაზახური კომპანია “ყაზმუნაიგაზ-სერვისი“ ფლობდა.