დავით ჭიჭინაძე – ”არიან კოლექტიური ზარდიაშვილები, რომელთაც აბდაუბდა წარსული აქვთ”

დავით ჭიჭინაძე - ”არიან კოლექტიური ზარდიაშვილები, რომელთაც აბდაუბდა წარსული აქვთ”როდესაც არიან კოლექტიური ზარდიაშვილები, რომელთაც აბდაუბდა წარსული აქვთ, შეიძლება ასეთი ადამიანები ეთიკის საბჭოში ვიხილოთ და მათ მიერ მიღებული კანონებით ვიცხოვროთ?! – აღნიშნული კითხვით უმრავლესობის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა, სადაც ახალი რეგლამენტის პროექტს განიხილავენ.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა დეპუტატთა ეთიკის წესების ამოქმედება და ეთიკის საბჭოს შექმნის ინიციატივაა.

„ჩვენ საარჩევნო დაპირებებს ვაძლევთ ამომრჩეველს, შემდეგ ამ დაპირებებს არ ვასრულებთ და ამაზე არ არსებობს არავითარი სანქცია. ჩვენ უფრო მეტი ვალდებულებები გაგვაჩნია, როცა ამომრჩეველს რაღაცას ვპირდებით. მაგალითად 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი დაპირდა ამომრჩეველს, რომ მას ექნებოდა დეპუტატის გამოძახების უფლება“, – მიმართა ჩუგოშვილს დავით ჭიჭინაძემ, რომელმაც კოლეგებს შესთავაზა, რომ სანქცია სწორედ მიცემული დაპირებების შეუსრულებლობაზე განისაზღვროს.

რაც შეეხება დეპუტატთა ეთიკის წესების დადგენის ინიციატივას, ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრთა ნაწილი ფიქრობს, რომ დეპუტატების ეთიკა უნდა შეაფასოს ამომრჩეველმა და არა თავად დეპუტატებმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული ნაწილი ეთიკის საბჭოს ამოქმედებას მხარს არ უჭერს.