”ვაგონებში დაკვამლიანება იყო, ჰაერი ჩაიხუთა, სუნთქვა ჭირდა” – რა მოხდა საბურთალოს ხაზზე

''ვაგონებში დაკვამლიანება იყო, ჰაერი ჩაიხუთა, სუნთქვა ჭირდა'' - რა მოხდა საბურთალოს ხაზზე ”ჯი-ეიჩ-ენს” მეტროს ერთ-ერთი მგზავრი დაუკავშირდა, რომელმაც დღეს დილით, საბურთალოს ხაზზე მომხდარი ინციდენტის შესახებ უამბო.

„დაახლოებით, 12:00 საათზე, ვაჟა-ფშაველადან სადგურის მოედნის მიმართულებით მიმავალი მეტროს ვაგონი გვირაბში გაჩერდა. დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში არავინ არაფერს გვეუბნებოდა. ვაგონებში საშინელი კვამლი გამოვიდა, ჰაერი ჩაიხუთა, სუნთქვა ჭირდა. საშინელი პანიკა ატყდა, ერთი ქალი ხან სასწრაფოში რეკავდა, ხან სახანძროში, გაგვიყვანეთო, ითხოვდა. ძლივს დავამშვიდეთ.

შემდეგ ტექნიკოსები მოვიდნენ, ვაგონიდან ვაგონში დარბნოდნენ, არავის არაფერს ეუბნებდონენ, ხალხი პანიკაში იყო, რამე მაინც გვითხარითო, ყვიროდნენ.

შემდეგ, მემანქანემ მიკროფონში თქვა, რომ ტექნიკური პრობლემა იყო. საერთო ჯამში, მატარებელი 20-25 წუთი იყო გაჩერებული. ბოლოს, როგორც იქნა, რაღაც მოგვარდა და მატარებელიც ძალიან ნელა დაიძრა, ჰაერიც გაიტუმბა“, – აცხადებს მგზავრი.

სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადეს, რომ მეტროში დაკვამლიანება არ ყოფილა. მათი განმარტებით, მატარებლის ვაგონის კომპრესორი გამოვიდა მწყობრიდან, რასაც სპეციფიკური სუნი აქვს და რაც შესაძლოა,მგზავრებმა კვამლად აღიქვეს.

„სადგურის მოედანზე მატარებელს კომპრესორი დაუზიანდა, მისი ჩიხში გადაყვანა და სათადარიგო  მატარებელის შემოყავანა მოხდა.  დაკავმლიანება არ ყოფილა, შესაძლოა, მგზავრებმა ეს დაკვამლიანებად აღიქვეს, მაგრამ როცა კომპერსორი მწყობრიდან გამოდის, მას სპეციური სუნი მოჰყვება. მგზავრებისთვის საფრთხის შემცველი არაფერი ყოფილა.

როცა სერიოზული დაზიანებაა, მგზავრების დაცვა, ვაგონების გამონთავისუფლება ოპერატიულად ხდება. ამ მომნენტში მემანქანე ცდილობდა მატარებლის მწყობრში მოყვანას.  როცა ვეღარ შეძლო, სადისპეჩეროს დაუკავშირდა, სანამ დამხმარე მოძრავი შემადგენლობა მივიდა, მატარებელი იყო გაჩერებული.

მაქსიმუმ, 7-8 წუთი იყვნენ გაჩერებულები, უბრალოდ, როცა მატარებელი გვირაბში ჩერდება, გარკვეული დისკომფორტია მგზავრებისთვის“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.