ვახტანგ ძაბირაძე – “ქართულ ოცნებას” გამოეყოფა ჯგუფი, რომელიც ივანიშვილს დაუპირისპირდება”

ვახტანგ ძაბირაძე - "ქართულ ოცნებას" გამოეყოფა ჯგუფი, რომელიც ივანიშვილს დაუპირისპირდება"პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, როგორ შეიძლება “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელოს იმ ფონზე, რასაც ვხედავთ. რა პროცესს გადის დღეს მმართველი პარტია?
– ქართული პოლიტიკური რეალობისთვის ეს პროცესი უცხო არ არის. ხელისუფლებაში მოდის ძალა საარჩევნო ბლოკით. 4 წლიანი მმართველობის შემდეგ ანუ ერთი ციკლის შემდეგ, როგორც წესი, ეს ბლოკი იშლება. შემდეგ რჩება ლიდერი პარტია და მეორე პერიოდში იწყება გამოკრისტალება, გამოკვეთა მმართველი ელიტის. ასე იყო შევარდნაძის დროს, ასე იყო სააკაშვილის დროს. ასეა ახლა და აქ არაფერი სიახლე არ არის.
საინტერესო არის, ივანიშვილმა კვირიკაშვილზე რომ თქვა: მხოლოდ ორ კაცთან ახერხებდა ურთიერთობასო. დანარჩენ უმრავლესობას საუკეთესო შემთხვევაში ნეიტრალური ეჭირა მასთან ურთიერთობაში, მეორე ნაწილი კი საერთოდ იგნორირებას უკეთებდა. რატომ? იმიტომ, რომ კვირიკაშვილი გუნდის ლიდერად ვერ იქცა. ლიდერი ყველა შემთხვევაში ივანიშვილია. ბრძოლა ივანიშვილის კარზე პირველი ვეზირობისთვის მიდიოდა. დღესაც იგივე გრძელდება, მერე რა, რომ კვირიკაშვილი არ არის.
მთელი თამაში მიდის იმაზე, თუ ვინ დააკომპლექტებს 2020 წლის საარჩევნო სიას. ეს იყო ბრძოლის მთავარი მიზეზი და ამ ბრძოლაში ყველა თავ-თავისი სტრატეგიით იყო ჩართული და დღესაც ჩართულია. ივანიშვილმა რაც უნდა გააკეთოს, ეს ბრძოლები მაინც გაგრძელდება.
– ეს რაუნდი მოიგო კობახიძემ და მისმა გუნდმა?
– შეიძლება ითქვას, მაგრამ აქ ეს პროცესი არ გაჩერდება და შემდეგ ეტაპზე ვინ წამოიწევს წინა პლანზე, არავინ არ იცის. ივანიშვილი მშვენივრად ხვდება, რომ ამ პროცესს ასე მარტივად ვერ შეაჩერებს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ დაპირისპირების მიზეზი იდეები, იდეოლოგია და მსოფლმხედველობა არ არის. აქ საუბარია ინტერესებზე და ძალაუფლებაზე.
თუ ამ ხალხის ინტერესები არ იქნება დაკმაყოფილებული, ისინი ამ ინტერესების დაკმაყოფილებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში კვირიკაშვილის მომავალი განმსაზღვრელი აღმოჩნდეს, ანუ ვიღაცეებისთვის ეს სიგნალი იყოს. კვირიკაშვილი, ქუმსიშვილი, ალავიძე იქნებიან თუ არა პასუხისგებაში მიცემულები, ამაზე ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელი შეიძლება აღმოჩნდეს?
– რა თქმა უნდა! მნიშვნელოვანია, რა მიდგომა იქნება: მოვიშორეთ და აწი რაც უნდათ, ის უქნიათ! თუ ეს იქნება სერიოზული სიგნალი სხვებისთვის.
– დღეს მართვის სადავეები ვის ხელშია, კობახიძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო გუნდის ხელში თუ ივანიშვილის? ივანიშვილმა თქვა კვირიკაშვილზე, გუნდმა მითხრას და გადავდგებიო. გამოდის, მთლად კანონი არ ყოფილა მისი სიტყვა.
– უცნაური სიტუაციაა შექმნილი. კონსტიტუციურად და სამართლებრივად არავინ ეკითხება ივანიშვილს, თუნდაც როგორც პარტიის თავმჯდომარეს, პრემიერი გადადგება თუ არ გადადგება. თუ ივანიშვილს მთავრობის საქმიანობაში უნდა ჩარევა, მაშინ პრემიერი გახდეს. ივანიშვილს საპარლამენტო მმართველობა რაღაც უცნაურად ესმის. საერთოდ, კონსტიტუციაც უცნაურად ესმის.
– და პროცესებს ვინ მართავს?
– რა თქმა უნდა, ივანიშვილი. რა ლოგიკაა, რომ პარტიის თავმჯდომარეს აქვს უფლება, პრემიერ-მინისტრი გადააყენოს. რომელ მმართველობაშია ეს მიღებული?! რასაკვირველია, გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს.
საქმეებში არ ვერევიო, არც ერთხელ არ დამირეკია კვირიკაშვილისთვისო, ეს იცით, რას მახსენებს? ერთხელ შევარდნაძემ თქვა, ვერც ერთი მინისტრი ვერ იტყვის ჩემზე, რომ ვურეკავ და ნათესავებისთვის დახმარებას ვთხოვ. რად უნდა დარეკვა, როდესაც იცის მინისტრმა, რომ შევარდნაძის ნათესავია მასთან სათხოვნელად მოსული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კვირიკაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ მას პარლზმენტი კი არ გაუშვებდა სახლში, ივანიშვილი გაუშვებდა. კიდევ შეიძლება კითხვები ისმოდეს?!
– თავის დროზე მოქალაქეთა კავშირი გაიყო, მართალია, მოგვიანებით, მაგრამ ნაციონალური მოძრაობაც გაიყო. უნდა ველოდოთ “ოცნების” გაყოფას?
– მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ჯგუფი, რომელიც მიხვდება, რომ მისი ინტერესების დაკმაყოფილება არ ხდება, გამოეყოს “ქართულ ოცნებას”. ნაწილი ხმაურით წამოვა და კარსაც გაიჯახუნებს, ნაწილი საერთოდ შეიძლება ისე წამოვიდეს, რომ პოლიტიკას ჩამოშორდეს.
წარმოუდგენელია, “ქართულ ოცნებაში” ფუნდამენტალური გადახალისება არ მოხდეს. თუმცა, ამ წუთში მსგავსი სვლები არ იქნება, ეს უფრო სამომავლოდ მოხდება. ამ დროისთვის უკვე გამოიკვეთება, თუ ვინ იქნება წამყვანი პარტიაში და ვინ გადის ოპოზიციაში. ეს პროცესი აუცილებლად დაიწყება.
თუ პრობლემების გააზრება ვერ მოხდა და ვერ შეძლო ივანიშვილმა არსებული სურათის შემოტრიალება, მაშინ ამას “ქართულ ოცნებაში” გუნდის შიგნით ვიღაცეები გაიაზრებენ და თავად გახდებიან თავისივე გუნდის ოპოზიცია და დაუპირისპირდებიან ივანიშვილს და იმ ჯგუფს, რომელიც იმ დროისთვის იქნება. ეს პროცესი გარდაუვალია.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა