თალაკვაძე – “ახალ კაბინეტში 4 ახალი მინისტრი იქნება”

თალაკვაძე - "ახალ კაბინეტში 4 ახალი მინისტრი იქნება"საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში 4 ახალი მინისტრი იქნება. ცვლილება შეეხო განათლების, ფინანსთა, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს. დანარჩენი 6 უწყების ხელმძღვანელი უცვლელი დარჩება.

თალაკვაძის განმარტებით, ხვალინდელ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძე სხვა საკადრო გადაადგილებებზეც ილაპარაკებს და ცნობილი გახდება, ყოფილი მინისტრებიდან ვინ სად გააგრძელებს მუშაობას.

ახალ სამთავრობო შემადგენლობაზე კონსულტაციების ბოლო ეტაპი უკვე დასრულდა. პრემიერმა ჯერ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში წარადგინა საკუთარი სამთავრობო გუნდი.

„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. პრემიერმინისტრმა საპარლამენტო გუნდს წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, ახალი წევრებიც მათ შორის, რომლებიც იქნებიან მთავრობის შემადგენლობაში. ვიმსჯელეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და პრიორიტეტებზე, რომლებზეც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთანავე დაიწყება მუშაობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით კი, უმრავლესობამ პრემიერს მთავრობის შემადგენლობა დაუდასტურა.

„მინისტრობის კანდიდატებთან დაისვა მრავალი კითხვა, ყველა კითხვაზე პრემიერმა გასცა ამომწურავი პასუხი”,- ეს განცხადება მდინარაძემ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მდინარაძის თქმით, ხაზი გაესვა რეფორმებისა და ცვლილებების აუცილებლობას, გამოწვევებზე ადეკვატურ პასუხს და მუშაობის დაჩქარებულ დინამიკას.

„უმრავლესობამ საბოლოო ჯამში დაუდასტურა პრემიერმინისტრს განახლებული შემადგენლობა. სახელებს და გვარებს ვერ გავახმოვანებთ, რადგან ეს არის პრემიერმინისტრის პრეროგატივა”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მთავრობის ახალი შემადგენლობა 12 ივლისს 09:00 საათზე დასახელდება.

მინისტრობის კანდიდატებს და პრემიერმინისტრს დეპუტატები 13 ივლისიდან მოუსმენენ. მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

ამ დროისთვის საქართველოს დროებითი მთავრობა ჰყავს, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მესამე მოსმენით 5 ივლისს დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდა.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.