თინათინ ყენია – „დათოს ვუყვიროდი, ხომ მხედავ მეთქი, დედი, თვალები არ დახუჭო, ისუნთქე მეთქი… ლევანს ტანი სადარბაზოში ჰქონდა, ფეხები გარეთ, ვიღაცას ეჭირა“

თინათინ ყენია - „დათოს ვუყვიროდი, ხომ მხედავ მეთქი, დედი, თვალები არ დახუჭო, ისუნთქე მეთქი... ლევანს ტანი სადარბაზოში ჰქონდა, ფეხები გარეთ, ვიღაცას ეჭირა“თბილისის #51 საჯარო სკოლის დირექტორის და მისი მოადგილის დაკითხვა დახურულ რეჟიმში გრძელდება. სხდომის ღია ნაწილში კომისიის წევრებმა დირექტორს სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჰკითხეს. მათი კითხვები ასევე, შეეხებოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებს.

თბილისის #51 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, თინათინ ყენია აცხადებს, რომ საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დირექციას არ ჰქონია. ყენიამ კომისიის წევრის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საპირფარეშოში ინციდენტის შესახებ პოლიციის განყოფილებაში გაიგო. მისი თქმით, 1 დეკემბერს ის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა რადგან სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე ერთდღიან შვებულებაში იყო.

„სკოლის პირდაპირ გზის სავალ ნაწილთან იდგა 5-მდე ბიჭი, სასკოლო სპორტული ჩანთებით… ამ ბავშვებისთვის საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. ლევან დადუნაშვილი აივნის ქვევით იდგა თავის მეგობარ გოგონებთან ერთად, ძალიან მხიარულად იყო. მარჯვენა მხარეს დ. მ და დ. ღ რომლებიც კლასელები არიან და ზურგით იდგა დავით სარალიძე, ანუ კლასელები. თ. ჩ , ს.ფ და ა.ს ეს ბავშვები დგანან ერთმანეთისგან მოშორებით. ეს ხუთი ბიჭი რომელიც იდგა ქუჩაში დაიძრა და მოძრაობდნენ სკვერის გასწვრივ და გაიარეს. არანაირი კონტაქტი და კომუნიკაცია ჩვენ ბავშვებთან არ ხდებოდა.

გავიდნენ ჩიხში, რომელიც გადის ბაქრაძის ქუჩისკენ…

3-ის 11 წუთი იყო, როდესაც შემოვიდა ზარი, ჩვენი ფიზიკის პედაგოგის ნარგიზა ჯიაძის, რომელმაც მითხრა, რომ თინიკო ჩქარა ამოდი თარხნიშვილის ქუჩაზე, ბავშვები დაგვიხოცეს. ავიღე ტელეფონი და გავიქეცი… ვყვირი, მიშველეთ და მექანიკურად ვურეკავ მანდატურს, რომ პოლიცია გამოიძახეთ…

ყაზბეგის ქუჩაზე ასვლის პროცესში, გზა გადამიჭრა დ.ღ-მ სირბილით, რომელსაც აქვს სისხლი სახეზე, გადაირბინა ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით. ვფიქრობდი, რომ ეს კარგადაა, სირბილი შეუძლია და არ გავეკიდე. გავაგრძელე გზა, შვეუხვიე ხორავას ქუჩაზე, უამრავი ხალხი იყო.

პირველი, ვინც დამეტაკა, იყო ა.ბ ჩამავლო ხელი ტანსაცმელში, მითხრა, რომ არ დამტოვოთ, თქვენთან ვიქნები, მე ვნახე რაღაც, მითხრ,ა რომ წამოდით, ლევანი წევს იქ. მხვდება ორი პედაგოგი ჯიაძე და ღუღუნიშვილი და ვხედავ ჩვენ მოსწავლეს გ.ჯ 2-ს.

მივედი ლევანთან, რომელიც იქვა სადარბაზოში, ტანი სადარბაზოში ჰქონდა, ფეხები გარეთ, ვიღაცას ეჭირა. სულ სისხლიანი იყო, მოვკიდე ორივე მხარში ხელი. რომ შევეხე, ცუდად გადაწია თავი, ა.ბ-მ მითხრა, წამოდი ჩქარა, დათოსაც უჭირსო….

ძალიან ვჩხუბობდი, ვეჩხუბებოდი ხალხს. არ იყო მაშინ არც სასწრაფო და არც პოლიცია მოსული. შევედი თაღში და ვხედავ დათოს, რომელიც წევს ბოძთან. სისხლის მდინარეა… დავადექი ბავშვს თავზე და ვუყვიროდი, დათო, ხომ მხედავ-თქო. მივმართავდი დედიკოთი, იმიტომ, რომ კალთაზე მყავდა ეს ბავშვი გამოკერებული, დედამისი ემიგრაციაში იყიო, მეც დიდი ხანი ვიყავი ემიგრაციაში და გამოცდილი მქონდა, რა არის ეს. დათო შვილივით მყავდა „ხომ მხედავ მეთქი დედი, თვალები არ დახუჭო, ისუნთქე მეთქი…“

მერე ისევ გამოვიქეცი ლევანთან, უკვე რომ გამოვდიოდი არკიდან, სასწრაფო იყო მოსული და ლევანს ეხმარებოდნენ. მეორე მანქანაც მოვიდა, მერე მანდატურიც დავინახე, რომელიც სასწრაფოს მანქანაში შიგნით იყო შესული, იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს გაუჭირდა მისი აწევა, დიდი ბიჭი იყო დათო.

როგორც კი გავამგზავრეთ ორივე ბავშვი, პოლიციას ვთხოვე, წამოგყვებით მეთქი, წავიყვანე ა.ბ-ც, რომელიც არც მომცილებია და ავედით პოლიციის განყოფილებაში,“ – განაცხადა თინათინ ყენიამ.

ნიუპოსტი