“ივანიშვილი კობახიძე-თალაკვაძის გუნდის ჩაძირვას აპირებს”

"ივანიშვილი კობახიძე-თალაკვაძის გუნდის ჩაძირვას აპირებს"რა პროცესები მიდის საპარლამენტო უმრავლესობაში, რას უმზადებს ივანიშვილი კობახიძეს და მის გუნდს, ვისზე შეგროვდა კომპრომატები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.
ლადო სადღობელაშვილი:
– ჯერ კიდევ გასულ წელს ვამბობდი, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ “ოცნებაში” დიდი არეულობა დაიწყებოდა. ეს ინფორმაცია თავად “ოცნების” წევრებისგან მქონდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ პარტიის გახლეჩვა 2018 წლის აგვისტოში მოხდებოდა.
“ოცნებაში” იმდენად ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ განხეთქილება ბევრად ადრე დაიწყო. დავით ჭიჭინაძის ამბავი მხოლოდ დასაწყისია. მალე მას ძალიან ბევრი დეპუტატი მიჰყვება.
საპარლამენტო უმრავლესობაში განსაკუთრებით იმით არიან აღშფოთებული, რომ ძალაუფლება ხელში არსაიდან მოსულმა ხალხმა ჩაიგდო. ირაკლი კობახიძის და თამარ ჩუგოშვილის ფრთა მთელ პარლამენტს თავზე მოაჯდა.
დეპუტატები ამის ატანას არ აპირებენ და ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რაც მიმდინარე წლის ადრიან გაზაფხულზე ვიხილეთ. მაშინ ძველმა მეოცნებეებმა არსაიდან მოსულების წინააღმდეგ გაილაშქრეს. მართლა ძნელი ასატანია, როცა უწარსულო ტიპი გმართავს. ამ უწარსულოებს დანარჩენი დეპუტატები არანამდვილებად მოიხსენიებენ.
– თავად რატომ მიიჩნევენ თავს ნამდვილებად?
– იმიტომ მიიჩნევენ ნამდვილებად, რომ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდნენ. როცა ისინი იბრძოდნენ, კობახიძე და მისი გუნდი ნაციონალებს ეხუტებოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ოცნებაში” ნამდვილებსა და არანამდვილებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა.
– არანამდვილების რიგებში რანაირად აღმოჩნდა გია ვოლსკი? ის “ოცნების” ძველი თაობის წევრია, ახლა კი ახლებთან არის სიამტკბილობაში.
– ვოლსკის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ყველამ იცის, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მას ნამდვილი მეოცნებეებისთვის არ უღალატია.
– აბა არანამდვილების გვერდზე რატომ დგას?
– მან მათთან ერთად მოაწერა ხელი პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გადაწყვეტილებას, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ის კობახიძის გუნდის წევრია. ადრე თუ გვიან ვოლსკიც დააფიქსირებს თავის პოზიციას. მისი პოზიცია ისეთივე მკაცრი იქნება, როგორიც რამდენიმე თვის წინ ნუკრი ქანთარიას ჰქონდა.
– რამდენიმე თვის წინ არანამდვილების მიმართ ქანთარია მართლა მკაცრი იყო,. მაგრამ ახლა მისი ხმა საერთოდ აღარ ისმის.
– ქანთარია ახლა გაჩუმებულია, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. ეს ადამიანი დიდი ხანია, რაც პოლიტიკაშია და იცის, რომ ზოგჯერ უნდა გაჩუმდე.
– დუმილი თანხმობის ნიშანიაო და ხომ არ ეთანხმება კობახიძის გუნდს?
– გამორიცხულია, ქანთარია ამ ნეობოლშევიკებს არასდროს დაეთანხმება. ის მხოლოდ იმიტომ დუმს, რომ იცის, რაც მოხდება.
– და რა მოხდება?
– რაც მოხდება, ნეობოლშევიკებისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება.
– ჯერ ყველაფერი ისე მიდის, როგორც მათ უნდათ.
– ჯერ ასე მიდის ყველაფერი, მაგრამ მალე სხვანაირ სურათს მივიღებთ.
– შეგიძლიათ გვითხრათ, რა სურათს მივიღებთ?
– როგორ არ შემიძლია. ახლაც იგივე მოხდება, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოხდა. “ოცნება” მაშინ საარჩევნო ბლოკით იყო წარმოდგენილი. ბლოკში რამდენიმე სუბიექტი შედიოდა.
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებით დააწინაურეს რესპუბლიკელები, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების დიდი უკმაყოფილება ახლდა თან. ამ რესპუბლიკელებს განსაკუთრებით ლანძღავდა თამაზ მეჭიაური. თავისი ხისტი პოზიციის გამო ის “ოცნებიდან” წავიდა.
პარტიის დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე მან ერთი საინატერესო იდეა გააჟღერა,  ბლოკში შემავალმა პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობაო. ცოტა ხანში რესპუბლიკელები კოალიციიდან წავიდნენ.
ახლაც იგივე ხდება – ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ნეობოლშევიკებს გადასცეს პარლამენტის მართვის სადავეები. დავით ჭიჭინაძე მათ მიმართ განსაკუთრებული სიხისტით გამოირჩეოდა. ნეობოლშევიკებს ვერც დანარჩენები იტანენ. “ოცნებაში” ბევრი მეგობარი მყავს და ისინი ხშირად მსაყვედურობენ, კობახიძესა და ჩუგოშვილთან ნუ გვაიგივებო.
ახლა ჭიჭინაძე “ოცნების” მიღმაა, მაგრამ ძალიან მალე ნეობოლშევიკები რესპუბლიკელების ბედს გაიზიარებენ. პარლამენტის კომკავშირული ბრიგადა ტყუილად ზეიმობს – ივანიშვილი მალე მათ რესპუბლიკელების გზას გაუყენებს.
– პირიქით რომ მოხდეს და ნეობოლშევიკებმა ჩამოიშორონ ბიძინა?
– ხუმრობთ? ივანიშვილს ესენი ვერ ჩამოიშორებენ.
– დარწმუნებული ხართ?
– სრულიად დარწმუნებული ვარ. ესენი ივანიშვილის გარეშე არაფერს არ წარმოადგენენ. რესპუბლიკელებიც დიდ გულზე იყვნენ, მაგრამ ბოლოს სად აღმოჩნდნენ, ყველამ ვნახეთ.
– როგორც ამბობენ, კობახიძის ფრთას კალაძე მფარველობს. კალაძე რესპუბლიკური პარტია არ არის. სხვა თუ არაფერი, მას ფულიც საკმაოდ აქვს.
– კალაძეს სერიოზული გავლენები აქვს, მაგრამ ივანიშვილთან ისიც ვერაფერს გახდება. ყოფილი პრემიერი იოლად დასამარცხებელი კაცი არ არის. თან არც ის დაგავიწყდეთ, რომ არსებობს კომპრომატები.
– ვისზე არსებობს კომპრომატები?
– იმ პირებზე, რომლებიც ხელისუფლებაში არიან. საქართველოში ლიდერები ყოველთვის კომპრომატებით მართავდნენ თავის ქვეშევდრომებს. შევარდნაძის დროს კომპრომატების ამბავი ნუგზარ ფოფხაძეს ჰქონდა ჩაბარებული. სააკაშვილის დროს ამ საქმეს ზურაბ ადეიშვილი კურირებდა. ივანიშვილსაც ეყოლება ასეთი კაცი.
კალაძეს ძალიანაც რომ მოუნდეს “ოცნების” ლიდერის წინააღმდეგ წასვლა, ვერ წავა. მასზეც იქნება საინტერესო ამბები შემონახული.
ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ, ნეობოლშევიკების ფრთას ივანიშვილი აუცილებლად ჩაძირავს. ყოფილ პრემიერს ეს გეგმა საპარლამენტო არჩევნების წინ ჰქონდა შედგენილი.
– ჩაძირვას თუ უპირებს, პოლიტსაბჭოში რატომ მოისვა გვერდით კობახიძის ფრთის წევრები?
– ნაკლებად ენდობა და იმიტომ. ამასთან, მათ არწმუნებს იმაში, რომ ძალაუფლებას აძლევს. ისინი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ.
– ივანიშვილის განზრახვას ვერ ხვდებიან ახალგაზრდები?
– კომკავშირლები ძალაუფლებით ისე ტკბებიან, სკამის გარდა, ვერაფერს ამჩნევენ. არადა, მათი ბედი გადაწყვეტილია, ისინი ჩაიძირებიან, ყოფილმა პრემიერმა ისინი გამოიყენა. კომკავშირლები უკვე აღარავის სჭირდება.
– რაში გამოიყენა?
– ამათი დახმარებით მოირგო კონსტიტუცია საკუთარ ტყავზე. აბა გავიხსენოთ, ახალი კონსტიტუციის მიღებამდე საპარლამენტო უმრავლესობაში რაიმე დაპირისპირება იყო? მსგავს მაგალითს ვერ გაიხსენებთ.
არადა ჭიჭინაძე და ქანთარია მაშინაც ისევე ვერ იტანდნენ კობახიძის ფრთას, როგორც ახლა. მაშინ იმიტომ დუმდნენ, რომ ივანიშვილისგან ნებართვა არ ჰქონდათ.
კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ივანიშვილს ძლიერი საპარლამენტო უმრავლესობა არაფერში არ სჭირდება და შედეგიც ვნახეთ.
– რა შედეგი ესაა, მხოლოდ ერთი კაცი გარიცხეს.
– ამ ერთ კაცს სხვებიც მიჰყვებიან. წლის ბოლომდე საპარლამენტო უმრავლესობას მინიმუმ ორი ფრაქცია დატოვებს.
– რომელი ფრაქციები?
– გეგიძის ფრაქცია და სოციალ-დემოკრატები. შესაძლოა, იმდენი ხალხი წამოვიდეს, რომ ახალი უმრავლესობა შექმნან, რაც პარლამენტზე ნეობოლშევიკების დიქტატს დაასრულებს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა