“ივანიშვილი შეგუებულია, რომ მიდის” – აკაკი ასათიანი: “მთელი მისი ინტერვიუ თავის მართლება იყო”

"ივანიშვილი შეგუებულია, რომ მიდის" - აკაკი ასათიანი: "მთელი მისი ინტერვიუ თავის მართლება იყო"“ახალი თაობის” კითხვებს ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი პასუხობს.
– ბატონო აკაკი, ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლა აქტუალობას კვლავაც არ კარგავს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მართვის სადავეები ხელიდან გაექცა, ახლა მის დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უკვე გვიანია. რას იტყვით თქვენ?
– მე მგონია, რომ თვითონაც შეგუებულია. შეგნებულად თუ შეუგნებლად თვითონაც გაცნობიერებული აქვს, რომ მიდის თვითონაც და მისი ხელისუფლებაც. თვითონ მიდის ხელისუფლებიდან, თორემ სადაც უნდა, იქ წავიდეს, მისი საქმეა.
– თქვენ ეს დაინახეთ?
– რა დანახვა ამას უნდოდა, მთელი საათი თავს იმართლებდა. ან ხეებზე რამდენი ილაპარაკა, დამნაშავე არა ვარო. პანორამაზე ილაპარაკა, ხეებზე და ყველა წინადადების მერე თავს იმართლებდა. გუნდი პატივს არ სცემს და მსგავსი განცხადებებით ის ცდილობდა ყველაფრის სხვისთვის გადაბრალებას. გადააბრალა კიდეც კვირიკაშვილს და თუ რამე მიღწევა იყო კვირიკაშვილის დროს, ის ბახტაძეს გადააბრალა, რომელიც ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ბახტაძეს რამდენიმე სწორი ინიციატივა აქვს.
– რომელ ინიციატივებს გულისხმობთ?
– იგივე სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებაა ჩვენი შანსი, რომ არ უნდა დაიბეგროს. ეს ყველაფერი სწორია, მაგრამ ბახტაძე იმ 7,5%-ს, რაც ივანიშვილმა თქვა, ვერანაირად ვერ მიაღწევდა. კვირიკაშვილი მისდევდა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ეს შედეგს მოიტანდა, მაგრამ მისმა აპოლიტიკურობამ გახადა ეს თემა აქტუალური.
– კვირიკაშვილის სახით განტევების ვაცი მოიძებნა?
– რატომღაც ასე გადაწყვიტეს და ეს კვირიკაშვილი რომელიმე შემოპარული რაზმის მეთაური ხომ არ იყო, ან დივერსანტი. ეს იყო ქართუ ბანკიდან მოყოლებული, ივანიშვილის თანამშრომელი, ეს იყო ეკონომიკის მინისტრი, იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოლო ორწელიწადნახევარი პრემიერ-მინისტრი. აღმოჩნდა, რომ თურმე არ უჯერებდა მას. კვირკაშვილმა ხელის წამოსარტყმელად ვერ გაიმეტა საკუთარი თავი და შეეწინააღმდეგა ივანიშვილს, რაც არ აპატია. ივანიშვილის გამოსვლა იყო გულწრფელი, ამას ბევრი აღნიშნავს, მაგრამ ეს იყო მარცხის წინ შეწყალების თხოვნა.
– ასე დაინახეთ?
– მე ასე გავიგე. მას არაფრის შეცვლა არც უნდა ამას ვეღარც გააკეთებს. მას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს პოლიტიკაზე. მას ისეთივე ილუზია გაუჩნდა თავის დროზე, რაც ბევრ ჰქონია და შემდეგ მწარედ გაწბილებულა. პოლიტიკა და ბიზნესი რაღაცით ჩამოგვანან ერთმანეთს. მსგავსება მათ შორის დაახლოებით ისეთივეა, როგორიც ჩოგბურთსა და ბადმინტონს შორის. იქაც ბადეა, აქაც ბადეა, მოედანია, ჩოგნებია, მაგრამ ჩოგბურთის ბურთი რომ მოხვდეს კაცს, სერიოზულ ტრავმას მიაყენებს, ბადმინტონის ბურთი კი ქარივითაა, ვერაფერს დაგიშავებს. აი ეს სხვაობაა, ჩოგბურთი ძალიან მძიმეა, ბადმინტონი კი თავის შესაქცევია.
– ასეა პოლიტიკა და ბიზნესიც?
– დიახ და ივანიშვილი ამ საქმეს მიუდგა ბიზნესის პრინციპით. ეგონა, რომ როგორც ქართუ ჯგუფი მისი სამფლობელოა, იგივეს გადმოიტანდა ამ საქმეშიც. მით უმეტეს ვხედავთ, რა სიბინძურეა ზედაპირზე, მე სიღრმეებში არ ჩავდივარ, იმაზე ვსაუბრობ, რაც ზედაპირზეა.
– რა სიბინძურეზე საუბრობთ?
– მთელ მთავრობას კრედიტები აქვს ქართუ ბანკში. წარმოგიდგენიათ ეგეთი მთავრობა თქვენ?! რად უნდა ან პარტიის თავმჯდომარეობა, ან პრეზიდენტობა, ყურებით ჰყავს დაჭერილი ყველა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
– ბანკი და კრედიტი ახსენეთ და მან მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს და თიბისი ბანკები. ამ ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანაო. ეს როგორ გაიგეთ?
– რა საინტერესოა, როდის აღმოაჩინა ეს ამბავი?! თავიდან იყო გულმხურვალე, გულშემატკივარი და ახლა რა შეიცვალა?! თვითონვე არ მიუშვა ეს სადავეები?!
– მაშინ რა მოხდა, რა შეიცვალა?
– მან ჩათვალა, რომ კვირიკაშვილს ფინანსური ინტერესები ჰქონდა ხაზარაძესთან. მე ნამდვილად არ ვიცი, ხაზარაძეს და კვირიკაშვილს რა ურთიერთობა აქვთ. მე რამდენადაც ვიცი, ნორმალური. ასე მეც ვიცნობ ხაზარაძეს და სხვათაშორის პატივსაც ვცემ, იმიტომ, რომ ძალიან უნარიანი ბიზნესმენია ნამდვილად. შეიძლება კვირიკაშვილს მეტი ჰქონდა, ცხადია, იქ ერთობლივი პროექტები იყო. ფაქტია, რომ მან კვირიკაშვილის დამოუკიდებლობა და განსხვავებული აზრი ვერ აიტანა. ყველაზე დიდი პრობლემა იცით, რა გამოჩნდა ამ ინტერვიუდან?!
– რა?
– ამდენი ილაპარაკა ამ პრობლემებზე, ვითომ როგორ განიცდის, თურმე ღამეები არ ეძინა ხალხის სიღარიბის გამო. ბევრჯერ ახსნა, თუ რატომ გლეჯს ხეებს, რაშიც, სიმართლე გითხრათ, მე დანაშაულს ვერ ვხედავ, მაგრამ ძალიან კომიკურია. თუ ასე უნდა ხეების დარგვა, აგერ არის იპოდრომი, რომელიც მისი საკუთრებაა და თუ ხალხზე ზრუნავს, სწორედ იქ გააკეთოს პარკი. სულს მოათქმევინებდა თბილისელებს.
– რატომ ისაუბრა ასე თავის მართლების რეჟიმში, რაიმე საფრთხის მოლოდინშია?
– რა თქმა უნდა, ხედავს. დააკვირდით, რა თქვა, როცა დემოკრატია წინ მიდის და ეკონომიკა ასე ჩამორჩება, ეს დესტაბილიზაციის საფრთხეაო. მას დესტაბილიზაცია აწუხებს თავისი თავის მიმართ, თორემ სახელმწიფოებრივად კი არა. სულ ილაპარაკა საკუთარ თავზე და გუნდზე. გუნდის დაშლის საფრთხე იყოო. მე სულ არ მაინტერესებს მისი გუნდი! ის გუნდი უკვე დაშლილია და განწირულია. აქ მთავარი სხვა რამე იყო.
– რა იყო მთავარი?
– კარგი, ეს უბედურებები ყველაფერი გვჭირს და დააბრალა კვირიკაშვილს და ქუმსიშვილს. აგვიგეთ, მაგრამ რას აპირებს? პარტიის თავმჯდომარეა, მმართველი პარტიისა, ერთი სიტყვა თქვა, სად არის გამოსავალი, რამით დააიმედა საზოგადოება?! ხომ შეილებოდა ეთქვა, როგორ აპირებს ამის გამოსწორებას?! ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს და კიდევ კარგი, არ თქვა, რადგან იტყოდა ახალ სისულელეს, წინასწარ შემიძლია ვთქვა.
ამიტომაც გაურბის ამაზე საუბარს. არასდროს არ ამბობს, რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ ვითარების გამოსასწორებლად. ამიტომ თავს იმართლებდა, ქვეცნობიერად გრძნობს, თუ რამდენად სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, ეს მონაგონია, რაც ახლა არის, გაცილებით სერიოზული პრობლემები ექნება.
– რას ცდილობს, პასუხისმგებლობის არიდებას?
– ნამდვილად ასეა და მერე გვეტყვის, რომ ვიღაცეებმა შეაპარეს ეს ხალხი, რომ მოატყუეს. როგორც მარგველაშვილზე თქვა, რომ მოატყუა და მოაჯდა პრეზიდენტის სავარძელს.
– პრეზიდენტი ახსენეთ და ეს თემაც საკმაოდ აქტუალურია. რატომ მიდის საუბარი დამოუკიდებელ კანდიდატზე?
– ვინ უნდა ჰყავდეთ კანდიდატად. ოთხი კაცი ჩამოთვალა და ვინ შეიძლება იყოს იქიდან პრეზიდენტი?! ახლა ცდილობს, რომ ეს დემოკრატიით გაამართლოს. ზოგი ამბობს, რომ ელჩებმა წაუყენეს ულტიმატუმი. რითაც არ უნდა გაამართლოს, ფაქტი არის სახეზე, 6 წლის მმართველობის თავზე პარტიას არ ჰყავს პიროვნება, რომელიც შეიძლება დააყენონ პრეზიდენტობის კანდიდატად.
– თავად ივანიშვილი?
– თავად ივანიშვილიც რომ ყოფილიყო, ვერც ის მოიგებდა, რასაც მოგება ჰქვია! ყველაზე მეტი შანსი ექნებოდა, მაგრამ ძალიან გაუჭირდებოდა და სხვები ხომ საერთოდ.
დამოუკიდებელს დავუჭიროთ მხარიო და ეს ძალიან საინტერესო რამეა. მხარს თუ დაუჭერ დამოუკიდებელს, ეს რას ნიშნავს?! თუ “ოცნება” არ მონაწილეობს, მაშინ არანაირად არ მონაწილეობს და მორჩა! სახელისუფლო პარტია უჭერს მხარს და ის დამოუკიდებელია ამ დროს?! მე მგონია, რომ აუცილებლად იქნება მეორე ტური და ეს არჩევნები სწორედ ამით იქნება საინტერესო, როგორც პოლიტიკური პროცესების კატალიზატორი.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა