„მთელი სახლ-კარი წაღებულია, გამოვიქეცით“ – რა ხდება სვანეთში

„მთელი სახლ-კარი წაღებულია, გამოვიქეცით“ - რა ხდება სვანეთში„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა ადიდებულ ნენსკრაზე გადასვლა და იმ ტერიტორიის გადაღება შეძლო, სადაც ხალხი შველას ითხოვს.

ნენსკრას ხეობაში ოკრილას შენაკადთან მთა ჩამოიშალა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა. ამის შემდეგ წყალმა სწრაფად დაიწყო დაგუბება, პარალელურად, მდინარემ კალაპოტი იცვალა.

ადიდებულმა მდინარემ სვანეთში სახლები წაიღო, დანგრეულია ხიდები, განადგურებულია ხის საამქროები, ეძებენ და ვეღარ პოულობენ ავტომობილებს. გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში გათიშულია ელექტროენერგია. არსებობს საშიშროება, რომ სტიქია ღამით ისევ განმეორდეს.

„კურიერმა“ მოსახლეობასთან გასაუბრება შეძლო, რომლებიც საფრთხის გამო, სახლებს ტოვებენ.

„მოწყვეტილები ვართ ყველაფერს. არავინ ჩამოვიდა, პირველები ხართ თქვენ. სადაც საშიშროებაა, მოსახლეობა გახიზნულია… მთელი სახლ-კარი წაღებულია. გამოვიქეცით, რაც ტანსაცმელი მაცვია, ამით,“- აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილობრივები ნენსკრა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

„ვინც დასკვნა გასცა ამ მშენებლობაზე, იმის სინდის-ნამუსზე იყოს. ვეუბნებოდით, რომ ეს მოხდებოდა,“- აცხადებენ ადგილობრივები.