მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ახალი ვალდებულებები დაუწესდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ახალი ვალდებულებები დაუწესდაეროვნულმა ბანკმა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების წესი“ დაამტკიცა. ამის შესახებ სებ-ის 5 ივლისის ბრძანებაშია აღნიშნული.

ბრძანების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რამდენიმე ახალი ვალდებულება გაუჩნდებათ. მათ შორის ორგანიზაციებს თავად მოუწევთ რესტრუქტურიზირებული/რეფინანსირებული სესხების (სესხი, რომლის ძირითადი თანხის ან პროცენტის დაფარვის პირობები შეცვლილია ფინანსური სირთულეების ან სხვა მიზეზით) შესახებ დეტალური რეესტრის წარმოება. რეესტრი უნდა მოიცავდეს მინიმუმ რესტრუქტურიზაციის პირობებს, მიზეზებსა და ვადებს.

ამასთან, მისოებს მოუწევთ, თავიანთი აქტივები, მათ შორის დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება, რისკის შესაბამის კლასიფიკაციას დაუქვედებარონ. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ
უძრავი ქონების დასაკუთრებიდან ორი წლის განმავლობაში; ხოლო მოძრავი ქონების დასაკუთრებიდან 180 დღის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება უნდა გაასხვისოს.

იმ შემთხვევაში კი, თუ ამ ვადებში დასაკუთრებული ქონების გასხვისება ვერ მოხერხდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ამ აქტივების შესაბამის კატეგორიაში დარეზერვება უნდა მოახდინონ.

ამასთან, ამ ბრძანებით, ნორმატიული აქტით დაფიქსირდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი საკრედიტო ურთიერთობის გაფორმებისას ორგანიზაციის მიერ უნდა მოხდეს საკრედიტო საქმის წარმოება, რომელიც მინიმუმ საკრედიტო ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების ადმინისტრირებას მოიცავს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სებ-ის მიერ დაწესებული მოთხოვნები 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ბიპიენი