მინდია გოგოჭურს მანქანაში ესროლეს, ვინ არის თორნიკე კაჭარავა – პრეზიდენტის სიძეზე თავდასხმის ახალი დეტალები

მინდია გოგოჭურს მანქანაში ესროლეს, ვინ არის თორნიკე კაჭარავა - პრეზიდენტის სიძეზე თავდასხმის ახალი დეტალებიპრეზიდენტის სიძე ტყვიის სამიზნე გვიან ღამით კიდევ ერთხელ გახდა. მინდია გოგოჭურს ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ ესროლეს. თავდასხმის მოტივი უცნობია. სამართალდამცველმა დანაშაულის ადგილი ამ დრომდე ვერ დაადგინეს.

დაჭრილი გოგოჭურის ოჯახს მომხდარზე საუბარი არ სურს. დაზარალებულმა გამოკითხვის დროს სამართალდამცველებს უთხრა, რომ მას ღამით მთაწმინდაზე, ლერმონტოვის ქუჩაზე ესროლეს.

გოგოჭურის მტკიცებით, თავდასხმა მის საცხოვრებელ სახლთა მოხდა, თუმცა არც მინდია გოგოჭურის ნათესავებს და არც ადგილობრივებს სროლის ხმა არ გაუგიათ.

„კურიერის“ ინფორმაციით, პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის მეუღლეს ჭრილობები საკუთარ ავტომობილში მიაყენეს. მარტოდ მყოფ გოგოჭურს ცეცხლი შენიღბულმა პირმა გაუხსნა. საქმის დეტალებს გოგოჭური გამოძიებას არ უყვება.

„კურიერის“ ინფორმაციით, საქმეში დევს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, საიდაც დგინდება, რომ დაჭრილი გოგოჭური კლინიკაში მისი ავტომობილით მიიყვანეს. პრეზიდენტის სიძე გადაუდებელი დახმარების ცენტრში მარტო შევიდა. ავტომობილი კი, რომელსაც, სავარაუდოდ, გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავა მართავდა, ტერიტორიიდან რამდენიმე წუთში გავიდა.

ამ ავტომანქანას პოლიცია ეძებს, რომლიც „კურიერის“ ინფორმაციით, გადამალულია. თორნიკე კაჭარავასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მისი ადვოკატი ამბობს, რომ კაჭარავა თბილისში არ იმყოფება.

მინდია გოგოჭური ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. ის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში უკვე გადაიყვანეს და დასაკითხად მზად არის.

უცნობია, რა ინფორმაციას ფლობს გვიან ღამით მომხდარ გარჩევასთან დაკავშირებით ირინა გოგოჭური.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით აწარმოებს. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაუდგენელმა პირებმა მეგობართან ერთად ერთი წლის წინაც დაჭრეს.