”მინდია ლავასოღლის შსს-მ საქართველო იძულებით დაატოვებინა” – რას ამბობს ადვოკატი კობაიძე

”მინდია ლავასოღლის შსს-მ საქართველო იძულებით დაატოვებინა” - რას ამბობს ადვოკატი კობაიძეშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “კანონიერ ქურდ” მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალი წარედგინა.

“მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ მინდია ლავასოღლის, კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ე.წ. „კანონიერი ქურდი“ მინდია ლავასოღლი საზღვარგარეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, იმედა აბაშიძის, შოთა კეკელიძის, ივანე გიგიაძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძის და ბეჟან დეკანაძის საშუალებით ახორციელებდა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობას.

ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ლავასოღლი, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, საზღვარგარეთიდან, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, მის მიერ მართული ქურდული სამყაროს წევრის ივანე გიგიაძის მეშვეობით, 2018 წლის 17 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაუკავშირდა მოქალაქე რ.ც.-ს და ამ უკანასკნელის მიერ ქურდულ სამყაროში თანხის ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო ე.წ. „ქურდული გარჩევა“.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, გამოძალვისა და ძალადობის კვალიფიკაციით (სსკ-ის 2231, 2232, 181-ე, 126-ე მუხლებით) მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინდია გორაძისთვის ქურდული სამყაროს საქმიანობისთვის დაუსწრებლად ბრალის წარდგენის მიზეზი გაურკვეველია ადვოკატისთვის.

გორაძის ადვოკატი აცხადებს, რომ გორაძეს წარსულში წარდგენილი ბრალი ვერ დაუმტკიცდა, რის გამოც ის პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა მისი სასამართლო პროცესები მიმდინარებს.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ბათუმში გორაძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესების მიმდინარეობის მიუხედავად, ბრალდებულმა ქვეყნის დატოვება შეძლო, უფრო მეტიც, კობაიძის განცხადებით, გორაძეს ქვეყანა შს სამინისტრომ დაატოვებინა.

ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა გახდა ახალი საქმის დაწყების მიზეზი. კობაიძის ინფორმაციით, ლავას ოღლის საცხოვრებელ სახლში დღეს დილით ჩხრეკაც ჩატარდა.

„ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა ცხრა თვის ვადაში, რომ დაემტკიცებინა ბრალი მინდია გორაძისთვის, ამიტომაც მოხდა ის, რომ პროცესები დღემდე გრძელდება.

თავისი ნება იყო, დასწრებოდა პროცესს, თუმცა, სამწუხაროდ, შს სამინისტრომ მას უთხრა, რომ უნდა დაეტოვებინა საზღვარი.

შს სამინისტრომ დაატოვებინა ქვეყანა, მას სურვილი აქვს, დაესწროს პროცესებს, მაგრამ შსს ამის საშუალებას არ აძლევს,“-ამბობს ადვოკატი.

შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა,  ლავას ოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ მინდია ლავასოღლის, კანონიერი ქურდობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ქურდული სამყაროს წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან:

1956 წელს დაბადებული ივანე გიგიაძე; 1978 წელს დაბადებული იმედა აბაშიძე; 1979 წელს დაბადებული ჯამბულ ნაკაშიძე; 1983 წელს დაბადებული ბეჟან დეკანაძე; 1983 წელს დაბადებული მარად წითელაძე, 1980 წელს დაბადებული შოთა კეკელიძე და 1989 წელს დაბადებული ზაალ ახვლედიანი.

კერძოდ, დაკავებულები დაშინებით, მუქარით, იძულებით, ე.წ. „ქურდული გარჩევით“, დანაშაულის ჩადენის წაქეზებით და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

1973 წელს დაბადებულ რამაზ კომახიძეს, 1993 წელს დაბადებულ ბადრი ქობულაძეს და 1992 წელს დაბადებულ გიორგი შავლიძეს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვასა და ძალადობაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ რამაზ კობახიძე, ბადრი ქობულაძე და გიორგი შავლიძე მიმდინარე წლის 29 იანვარს, ბათუმში მოქალაქე კ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის – 20.000 ლარის ე.წ. „ქურდული სამყაროს“ საწევროში გადახდას აიძულებდნენ.

რაც შეეხება ე.წ. „კანონიერი ქურდს“ მინდია ლავასოღლის, ის საზღვარგარეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ქალაქ ბათუმში, იმედა აბაშიძის, შოთა კეკელიძის, ივანე გიგიაძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძის და ბეჟან დეკანაძის საშუალებით ახორციელებდა ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობას.

ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ლავასოღლი, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, საზღვარგარეთიდან, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, მის მიერ მართული ქურდული სამყაროს წევრის ივანე გიგიაძის მეშვეობით, 2018 წლის 17 ივნისს, ქალაქ ბათუმში დაუკავშირდა მოქალაქე რ.ც.-ს და ამ უკანასკნელის მიერ ქურდულ სამყაროში თანხის ჩარიცხვის საკითხთან დაკავშირებით მოაწყო ე.წ. „ქურდული გარჩევა“.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის, გამოძალვისა და ძალადობის კვალიფიკაციით (სსკ-ის 2231, 2232, 181-ე, 126-ე მუხლებით) მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროს“ და მასთან დაკავშირებული „კრიმინალური მენტალიტეტის“ სამუდამოდ აღმოფხვრა” – განაცხადა საბანაძემ.

მისივე თქმით, სამინისტროს ინიციატივით „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდობისთვის“ სასჯელი გამკაცრდა, ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაული გახდა.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოში 20-მდე პირია დაკავებული. ასევე, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებულია სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი – საქართველოს 119 მოქალაქე და ცხრა „კანონიერი ქურდი“.