მიხეილ კალანდია შეიძლება დააკავონ – დეკანოზ შიო მენაბდის შვილმა მიხეილ კალანდია დავით სარალიძისთვის ჭრილობების მიყენებაში დაადანაშაულა

მიხეილ კალანდია შეიძლება დააკავონ - დეკანოზ შიო მენაბდის შვილმა მიხეილ კალანდია დავით სარალიძისთვის ჭრილობების მიყენებაში დაადანაშაულადავით სარალიძის მკვლელობის ან დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით შესაძლოა, უახლოეს დღეებში მიხეილ კალანდია დააკავონ. არასრულწლოვნის მკვლელობიდან, თითქმის, 8 თვის შემდეგ მირზა სუბელიანის ახლო ნათესავის წინააღმდეგ მტკიცებულებები დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიპოვა.

„კურიერის“ ინფორმაციით, დანაშაულში კალანდიას მონაწილეობაზე ახსნა-განმარტებები კომისიის წევრებს სისხლიანი დაპირისპირების უშუალო მონაწილეებმა მისცეს, მათ შორის არის დეკანოზ შიო მენაბდის შვილი. მოზარდი კიდევ ოთხ არასრულწლოვანთან ერთად ხორავას ქუჩაზე კალანდიას თხოვნით მისი დეიდაშვილის მჩაგვრელებთან დასალაპარაკებლად მივიდა.

არასრულწლოვანი ინიციალებით გ.მ. კომისიის წევრებმა ორი დღის წინ გამოკითხეს. დეპუტატები მიღებული ინფორმაციის შინაარსზე საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა „კურიერისთვის“ ცნობილია, რომ სასულიერო პირის შვილმა მიხეილ კალანდია დავით სარალიძისთვის ჭრილობების მიყენებაში დაადანაშაულა. მან კომისიას ასევე უთხრა, რომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძეს ე.წ. შტირს ურტყამდა.

მოწმისგან მიღებული ინფორმაციის შესახებ საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აცნობა და ახლა რეაგირებას მათგან ელოდებიან.

მოზარდების მკვლელობის საქმეში დეკანოზ შიო მენაბდის შვილის არაერთი ჩვენება არსებობს, თუმცა არც ერთ მათგანში ის არ უთითებდა, რომ დაპირისპირების დროს კალანდიას ხელში რაიმე სახის ცივი იარაღი ეჭირა.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მოწმეების გამოკითხვას აგრძელებს.

უკვე ცნობილია, რომ მომდევნო პარასკევს კომისიის წევრების შეკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უპასუხებენ.