რამაზ საყვარელიძე: “წულუკიანს მინისტრობიდან მოვხსნიდი და “ოცნების” პოლიტიკურ მდივნად დავნიშნავდი”

რამაზ საყვარელიძე: "წულუკიანს მინისტრობიდან მოვხსნიდი და "ოცნების" პოლიტიკურ მდივნად დავნიშნავდი"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, რომ მას ახალი ინიციატივა ექნება ავტოპარკთან დაკავშირებით. ყველას ახსოვს შავი ჯიპების თემა. ახალი კამპანია იწყება თუ ცვლილებებს მართლაც უნდა ველოდოთ?
– აქ იმდენად შავი ჯიპები კი არ არის საინტერესო, რამდენადაც ეს შავი ჯიპები გამოხატავენ დამოკიდებულებას და განწყობას საზოგადოებასა და მის მიერ დაქირავებულ ჩინოვნიკებს შორის. ევროპის ქვეყნებში ვერ აიძულებ ადამიანს, რომ კერძო სექტორში დათმოს სამსახური და სახელმწიფო სტრუქტურაში გადაინაცვლოს, რადგან ბევრად მეტია ხელფასი კერძო სტრუქტურაში. ეს განსხვავებაა. მენტალიტეტის ცვლილება კი ასეთი მარტივი არ არის.
ჩინეთში საერთო ავტოპარკი არსებობს და როდესაც ჩინელ მინისტრს სჭირდება მანქანა სამსახურეობრივი საქმიანობის შესასრულებლად, ის იძახებს მანქანას. პერსონალური მანქანები იქ არ არის.
– ბრიფინგზე ბახტაძემ სწორედ პერსონალურ მანქანებზე ისაუბრა.
– დიახ. თუ ეკონიმიისკენ რეალურად მივდივართ, მაშინ რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ეს ჩვენ, ამ ქვეყნის მოსახლეობამ, უნდა დავინახოთ. ამ კონტექსტში უნდა იყოს განხილული პრემიების და დანამატების თემაც. სამინისტროები თუნდაც იგივე რაოდენობით რომ დარჩენილიყო, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების რესურსი იყო.
– როგორ, მაგალითად?
– პრემიების, ე.წ. დანამატების, ავტოპარკის და კიდევ სხვა ხარჯების შემცირების თუ გაუქმების ხარჯზე. მე არ ვფიქრობ, რომ საერთო ავტოპარკი ცუდი იდეაა, ჩვენზე ბევრად მდიდარ და გამოცდილ ქვეყნებს აქვთ საერთო პარკი და რატომ არ შეიძლება, ამ მეთოდს მივმართოთ, არ მესმის.
ევროპელ მინისტრს სადარბაზოსთან ველოსიპედი ელოდება და იმით მიდის სამსახურში, ის არ ფიქრობს, რომ რაღაცით გამორჩეულია თავისი თანამოქალაქისგან.
– ჩვენთან მინისტრი თუ ხარ, ეს ნიშნავს, რომ გამორჩეული ხარ. როგორ შეიძლება ეს მენტალიტეტი ადამიანებმა დაამარცხონ?
– ეს არ გახლავთ მარტივი პრობლემა. ის ფიქრობს, რომ თუ ისეთი იქნება, როგორც ყველა, მაშინ რად უნდა მინისტრობა?! თუ არ მოემსახურება მანქანა, თუ არ ექნება პრივილეგიები, მაშინ არ უღირს. ხალხის სამსახურისთვის თანამდებობაზე წასვლა ლეგენდაა და სხვა არაფერი. თუ მართლაც ქვეყნის სამსახურია მოტივაცია, მაშინ უარი თქვან პრემიებზე, დანამატებზე, მანქანების მომსახურებაზე, ჩვეულებრივ იარონ სამსახურებში, როგორც ყველა დადის.
– კაბინეტის ახალ შემადგენლობაზეც გკითხავთ. რას იტყვით წულუკიანთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდნენ უკვე თუ ვერა?
– ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ სერიოზული ყოყმანია წულუკიანთან დაკავშირებით. მართლაც რთულ სიტუაციაში არიან ივანიშვილი და ბახტაძე. დღეს ხელისუფლება ორ ცეცხლ შუაა მოქცეული.
– რატომ?
– თუ ხელისუფლება ახლა წულუკიანს გაუშვებს, ეს გაჟღერდება, როგორც დათმობა, დათმობა ოპოზიციის გავლენით, რასაც ოპოზიცია ხელზე დაიხვევს. დამთმობის შთაბეჭდილების შექმნა არც ერთ ხელისუფლებას არ უნდა.
რომ არ გაუშვას და დატოვოს ახალ კაბინეტში, ეს იქნება მართლაც საზოგადოების გამოწვევა. ეს იქნება მესიჯი, რომ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნების იგნორირებას ახდენს, რაც მას უდაოდ ცუდ შედეგებს მოუტანს.
ადრე რომ ეფიქრათ წულუკიანის შეცვლაზე, როდესაც ამის საფუძველი გაჩნდა, რომ ის იწვევდა უკმაყოფილებას სხვადასხვა მიზეზით, მაშინ ამ დილემის წინაშე არ აღმოჩნდებოდნენ. ეს იქნებოდა ხელისუფლების გონივრული ნაბიჯი და ასეთი მძაფრი რეაქციები არ მოჰყვებოდა. ახლა დილემა ძალიან მკაფიოა.
ხელისუფლებას შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი აქვს, რომ არც მწვადი დაწვას დიდად და არც – შამფური: წულუკიანი სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე უნდა დანიშნოს.
– მაგალითად, ელჩად, რაზეც იყო საუბარი, რომ საფრანგეთში ელჩობა შესთავაზეს, რასაც არ დასთანხმდა.
– არა, ელჩობა აშკარად საპენსიო თანამდებობად ჩამოყალიბდა ჩვენთან. როდესაც უნდათ, რომ ადამიანმა ხელი არ შეუშალოთ, ელჩად უშვებენ. ელჩობა წყნარ ცხოვრებას ნიშნავს, ამ ქალს არ უნდა წყნარი ცხოვრება, ენერგიით სავსეა და ბრძოლი სუნარი აქვს.
წულუკიანი კარგი პოლემისტია, პოლიტიკოსიც შეიძლება კარგი იყოს, ცხარე სიტყვა აქვს და კარგი იქნება, თუ პარტიის პოლიტიკურ მდივნად დანიშნავენ. იყოს “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანი სხვა დატვირთვის, სხვა თანამდებობის გარეშე და იზრუნოს პარტიის გაძლიერებაზე.
ახალი მოდელით, პარტია გადამწყვეტი ხდება, “ქართული ოცნება” უმრავლესობაშია და პარტიულ იერარქიაში მისი დაწინაურება მოხსნა კი არ იქნება, შეიძლება პირიქითაც, მინისტრობაზე უფრო დიდი თანამდებობაც გამოდგეს. ამიტომ, ამ შექმნილ ვითარებაში ეს შეიძლება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იყოს.
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა