რომან გოცირიძე: “გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე მეტი შანსი აქვს”

რომან გოცირიძე: "გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე მეტი შანსი აქვს"“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.
– ბატონო რომან, ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან გაერთიანებულმა სუბიექტებმა საპრეზიდენტო კანდიდატი წარადგინა. ბევრი თვლის, რომ გრიგოლ ვაშაძეს შანსი არ აქვს, ნაწილი მიიჩნევს, რომ მეორე ადგილისთვის იბრძვით. რა შანსები აქვს გრიგოლ ვაშაძეს?
– ეს შანსები დამოკიდებულია ჩვენზე და დამოკიდებულია სხვაზეც. ჩვენზე იმიტომ, რომ გვყავს ძალიან სერიოზული და მძიმეწონიანი კანდიდატი, რომელსაც საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს არ არის ერთი პარტიის, ეს არის მრავალი პარტიის კანდიდატი და თანდათანობით სხვა ორგანიზაციებიც შემოუერთდებიან ამ მოძრაობას. მეორე მიზეზი არის თავად “ქართული ოცნების” სისუსტე. მათ არ ჰყავთ პრეზიდენტობის კანდიდატი.
– ეყოლებათ…
– როგორც თავად ამბობენ, უკვე ბევრს შესთავაზეს, როგორც ლირიკოსებს, ისე ფიზიკოსებს. პოეტებსაც და არაპოეტებსაც, კიდევ დიპლომატებსაც და უამრავ სხვა ადამიანს. ეს თვითონ აღიარა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყველამ უარი უთხრა. მათ არ ჰყავთ კონკურენტუნარიანი კანდიდატი.
– უჭირთ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა?
– ასეა. მმართველი პარტიის სახელით ადამიანებს ესირცხვილებათ კენჭის ყრა. “ქართული ოცნება” თუკი 6 წლის წინ, როდესაც მან გაიმარჯვა, იყო პოპულარული, მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერილი და მისი ბრენდი იყო მკერდზე დახატული ამომავალი მზე, დღეს მათი ლოგო არის ზურგზე დამღა, რომელსაც აწერია უსამართლობა, ძალადობა და სიღარიბე!
ვინც უნდა იყოს დასახელებული, “ქართული ოცების” კანდიდატი უკვე დაღდასმულია. ამ დამღას ის ვერ ჩამოიცილებს. ის არის მემკვიდრე ამ პოლიტიკური გუნდისა. მათ ძალიან გაუჭირდებათ საპრეზიდენტო არჩევნებში ბრძოლა.
– ხელისუფლების კანდიდატი ყოველთვის უფრო მომგებიან სიტუაციაშია.
– რა თქმა უნდა, მათ აქვთ დიდი ფული, ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ ყოველთვის მოევლება ხოლმე ასეთ საკითხებს, თუკი საზოგადოება იქნება ერთსულოვანი და არჩევნებზე მოვა.
– ბიძინა ივანიშვილი ხომ არ გახდება იძულებული, რომ საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს, თუკი ასეთი კრიზისი აქვს “ოცნებას”?
– არაფერია გამორიცხული. ჯერ არავინ იცის, “ქართულ ოცნებაში” არავის აქვს წარმოდგენა, ვინ იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი. ჯერჯერობით არც ბიძინა ივანიშვილმა იცის ეს, ვინაიდან დღეს ისინი საკმაოდ მძიმე სიტუაციაში არიან.
– რთული პროცესები მიმდინარეობს სახელისუფლო გუნდში?
– ყველა კარგად ხედავს, რაც ხდება. ჭიჭინაძის გარიცხვა იყო ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი. რეალურად ჩანს, რომ “ქართულ ოცნებაში” ადამიანებს ეკრძალებათ განსხვავებული აზრის გამოთქმა. ადამიანი გარიცხეს პარტიიდან კრიტიკის გამო.
ერთის მხრივ, მიდის კვირიკაშვილის კადრების დევნა, როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური. ყოფილ მინისტრებს იბარებენ პროკურატურაში, ჯერ ეს ყველაფერი არის გასაიდუმლოებული და შემდეგ თავად პროკურატურა აცხადებს ამ ფაქტის შესახებ, რომ ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იყოს მოდებული მთელ ქვეყანას და მიდის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მორალური დევნა.
– უსამართლოდ დევნიან?
– არავინ ამბობს იმას, რომ ან კვირიკაშვილის, ან მისი წინამორბედების დროს არ იყო კორუფცია, რასაკვირველია, მათ პირობებში კორუფცია ყოველთვის ყვაოდა და განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მაგრამ თუკი კორუფციაში ედავები სულ ახლახან გათავისუფლებულ მინისტრს, მაშინ რატომ არ არის დღეს დაპატიმრებული მისი წინამორბედი მინისტრი?!
ერთ-ერთი მათგანის დროს 25 მილიონი ჩაერიცხა უკრაინულ კომპანიას და ეს თანხა აორთქლდა. ისე დაიკარგა ამხელა თანხა, რომ გზის მშენებლობა არც კი დაწყებულა.
დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში 1,7 მილიარდი ლარის მშენებლობებია ჩასაბარებელი, მათ შორის მილიარდის მარტო გზებია და ამ გზებში ყოველთვის იმარჯვებდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები და, შესაბამისად, ეს თანხებიც კორუფციული არხებით ნაწილდებოდა და მათ შორის მიდიოდა “ქართულ ოცნებაშიც” საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად.
– ამით რისი თქმა გსურთ?
– იმის, რომ პასუხისმგებელი არის მთელი ხელისუფლება! ახლა ხელის შეხოცვა მხოლოდ ორ მინისტრზე, რაც უნდა დამნაშავეები იყვნენ, ნიშნავს იმას, რომ მოტივი არის პოლიტიკური! როდესაც არის მოტივი პოლიტიკური, მაშინ ამას უკვე პოლიტიკური დევნა ჰქვია.
მეორე მხრივ, დაიწყეს დეპუტატების დაშინება და ჭიჭინაძის გარიცხვა ნიშნავს, რომ ეს არის გამაფრთხილებელი სიგნალი პარტიის ყველა წევრისთვის, რომ თუკი დეპუტატს ასე ვექცევით, თქვენ ვინღა მიგდიხართ და უარესი მოგივათ. ახლა თავს იმართლებენ, რომ თურმე კრიტიკის გამო კი არ გაურიცხავთ, არამედ არამორალური გამონათქვამების გამო, რაც ძალიან სასაცილოა.
– რატომ არის სასაცილო?
– რომელ მორალზეა საუბარი, პარტიის ხელმძღვანელობაში რჩებიან კომკავშირლები და თურმე ეს ყოფილა არამორალური გამონათქვამი, როდესაც “ოცნების” წარმომადგენლები ოპოზიციას დედას აგინებენ, კეთილებით მოიხსენიებენ, ფიზიკურად სცემენ და მათი მხრიდან მსგავსი ქმედებები არასდროს დასჯილა.
მორალი არის ძალიან პირობითი და მრავალწახნაგოვანი. მორალური სტანდარტი არის ის, რაც ჩადებულია რეგლამენტში, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს. ახალ რეგლამენტში სასჯელის ზომაც კია განსაზღვრული.
– რას ითვალისწინებს ეს სასჯელი?
– ძალიან სასაცილოა, მაგრამ ასეა: თუ არამორალურად მოიქცევი, არ წაგიყვანენ მივლინებაში უცხოეთში. მე იმის თქმა მინდა, რომ ის, რაც შეიძლება სასჯელის სახით იქნეს გამოყენებული დეპუტატის მიმართ, ასახულია რეგლამენტში და არსად წერია, რომ დეპუტატი უნდა გარიცხონ პარტიიდან აბსოლუტურად უწყინარი მიმართვის გამო!
ეს ნიშნავს პოლიტიკური წნეხის გაძლიერებას, პირველ რიგში, საკუთარ გუნდზე. არის ერთი ასეთი რუსული ანდაზა: ურტყი შენიანებს, რომ უცხოებს ეშინოდეთ. ურტყამენ საკუთარ გუნდის წევრებს და ამით აშინებენ საკუთარსაც და სხვებსაც, რომ ჩვენებს თუ ასე ვექცევით, თქვენ როგორ მოგეგცევით! რა თქმა უნდა, ეს ფაქტი იმოქმედებს ძალიან ცუდად პარლამენტის იმიჯზე.
– მინისტრების პასუხისმგებლობაზე საუბრობდით და პოლიტიკურ დევნაზე, როგორ ფიქრობთ, კვირიკაშვილის მიმართაც გაუჩნდება პროკურატურას კითხვები?
– დარწმუნებული ვარ, არავის არაფერს მოკითხავენ და არც არანაირი კორუფციული ქმედებები იქნება გამოძიებული. ეს არის დაშინება, ადამიანებისთვის დოსიეს შექმნა, შავ სიაში შეყვანა, რათა ისინი იყვნენ ჩუმად, არ გაბედონ პოლიტიკური აქტიურობა, რომ ერთად არ შეიკრან კვირიკაშვილი, მარგველაშვილი, უსუფაშვილი და ასე შემდეგ.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცდილობენ მათ პოლიტიკურად განეიტრალებას, ამ ჯგუფის დაშინებას და ეს პოლიტიკური დევნაც საარჩევნო მიზნის მისაღწევად შეიძლება იყოს გამოყენებული.
საკუთარ სისტემაში არსებულ კორუფციას არ გამოიძიებენ და საკუთარ ტყავს არ დახევენ. თავადვე არიან ამ კორუფციული სქემის მონაწილეები.
– მარგველაშვილი ახსენეთ და რას იტყვით მოქმედი პრეზიდენტის შანსებზე და იმ ჯგუფზე, რომელიც მის გარშემო აპირებს შემოკრებას?
– ვის რა შანსები აქვს, დღეს ამაზე არ ვილაპარაკებ. ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი შანსი და ეს შანსი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მარგველაშვილი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ის “ოცნების” ხმებს წაიღებს და ამით უფრო მეტად იქნება გარანტირებული მეორე ტური, სადაც “ოცნებისა” და ჩვენი კანდიდატი გავლენ.
მეორე ტურში, დიდი ალბათობით, ყველა ოპოზიციური პარტია მხარს დაუჭერს გაერთიანებული მოძრაობის კანდიდატს.
– ანუ მეორე ტურს გარდაუვლად მიიჩნევთ?
– ვნახოთ. უკეთესია, თუ პირველივე ტურში გაიმარჯვებ, თუმცა ჩვენ ამის ილუზია არ გვაქვს იმ რეალობიდან გამომდინარე და იმ რესურსებიდან, რაც აქვს ხელისუფლებას. ამიტომ ჩვენთვის მისაღები ვარიანტია მეორე ტურში გასვლა და შემდეგ მთელი ოპოზიციის კონსოლიდაცია.
შესაძლოა, ყველაფერი პირველივე ტურშიც დამთავრდეს, თუ “ოცნებას” ის კანდიდატები ეყოლება, ვისზეც საუბრობენ დღეს კულუარებში. ეს დამთავრდება “ოცნების” სრული მარცხით!

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა