სააკაშვილი – “ივანიშვილს ამდენი სიმართლე ცხოვრებაში არ უთქვამს… შემოდგომაზე ჩვენ ეს გაუგებრობა უნდა დავასრულოთ”

სააკაშვილი - "ივანიშვილს ამდენი სიმართლე ცხოვრებაში არ უთქვამს... შემოდგომაზე ჩვენ ეს გაუგებრობა უნდა დავასრულოთ"„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილს ამდენი სიმართლე არასდროს უთქვამს.

„თავს ძალა დავატანე და ვნახე ივანიშვილის ინტერვიუ და თქვენც გირჩევთ, რომ ნახოთ იმიტომ, რომ ამდენი სიმართლე მას ცხოვრებაში არ უთქვამს. ივანიშვილმა საკუთარი პირით აღიარა, რომ მისი მმართველობის პერიოდში საქართველოში სიღარიბე გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად არ იზრდება. მან აღიარა, რომ საქართველო ბანკების წინაშე დავალიანების კუთხით პირველ ადგილზე გავიდა მსოფლიოში და გაუსწრო პრაქტიკულად ყველა ქვეყანას. იქვე მან ეს უტიფრად დააბრალა ორ ბანკს და თავის მთავრობის პაიკებს. ვნახოთ ციფრები, მართალია რომ საქართველოს ბანკი და თიბისი არიან მსხვილი ბანკები, მაგრამ თიბისის სწორედ ივანიშვილმა გადასცა უზარმაზარი ქონება ჩემს მიერ ინიცირებულ ლაზიკის პორტში, ანაკლიაში და ასევე თბილისის ცენტრში და რის სანაცვლოდ? იმის სანაცვლოდ, რომ ივანიშვილის და კალაძის მფლობელობაში მყოფი წამგებიანი ბანკი ძვირად იყიდა თიბისიმ. ე.ი ივანიშვილმა გააკეთა ფული, თიბისიმ მიიღო ქონება.

მთავარი რისი თქმაც ივანიშვილს დაავიწყდა არის ის, რომ მისი ქართუ ბანკის ქონება ბოლო წლებში გაიზარდა ზუსტად 4-ჯერ და გაიზარდა სახელმწიფო პროგრამების ხარჯზე. ქართუ არის ყველაზე სწრაფად მზარდი მევახშე ინსტიტუტი საქართველოში.

იქვე მან ილაპარაკა ბევრი თავის ქველმოქმედებაზე და თქვა, რომ ბიზნესიმტერესები არ აქვს საქართველოში, დაავიწყდა თავის მფლობელობაში მყოფი ხე-ტყის ბიზნესი, ოქროს ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო სასათბურე პირობებში უზარმაზარი შემოსავლის მომტანია ივანიშვილის ჯიბეში.

მან ილაპარაკა კვირიკაშვილზე და ქუმსიშვილზე და დაავიწყდა თქმა, რომ კვირიკაშვილი იყო ბანკი ქართუს დირექტორი, ქუმსიშვილი კი მოადგილე. როდესაც ქუმსიშვილს ადანაშაულებდა, რომ მას კრედიტი გამოქონდა და სახელმწიფოს ასტუმრებინებდა ეს ნიშნავს იმას, რომ ის ბანკი ქართუს კრედიტი გაუსტუმრეს სახელმწიფოს, თქვენი ჯიბეების ხარჯზე. მოგება მიდის ივანიშვილის ჯიბეში და ქუმსიშვილს რომ ატარებენ დაკითხვაზე, ივანიშვილია მანდ მთავარი მიმღები ხეირის და მოგების.

ამავე დროს არა მხოლოდ ხალხის ვალი გაიზარდა, სახელმწიფო ვალი გაიზარდა თითქმის 2-ჯერ.

ამ ყველაფრის მერე როცა მე მახსენებს, პირში წყალი უნდა გამოივლოს ამ კაცმა, იმიტომ რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა თითქმის 4 ჯერ, მე დავტოვე 15.8 მილიარდი დოლარის მშპ, ივანიშვილის დროს 2016 წელს ეს იყო 500 მილიონით შემცირებული. სიღარიბე ჩემ დროს შემცირდა 2-ჯერ და ივანიშვილის დროს გაიზარდა.

ერთი სიტყვით ნებისმიერი სხვა მმართველი დაიხურავდა ქუდს და წავიდოდა სახლში, ეს ურცხვად აცხადებს რომ 2030 წლამდე აპირებს საქართველოს მართვას, ექვსი წელი ხომ არის უკვე და კიდევ 2-ჯერ 6 წელი. თქვენ არ ვიცი მზად ხართ თუ არა ეს მოითმინოთ, მაგრამ ქვეყანა ამას ნამდვილად ვერ გაუძლებს და ძალიან სწრაფად გაქრება რუკიდან. ამიტომ ჩემო მეგობრებო ახლა როგორც არასდროს არის მოქმედების დრო. შემოდგომაზე ჩვენ ეს გაუგებრობა უნდა დავასრულოთ და ჩვენ უნდა შევქმნათ საქართველოს წარმატების ახალი ეპოქა. საქართველო უნდა დაბრუნდეს წარმატებული ქვეყნების რიგში, არა ჩამორჩენილი და მოჩანჩალე ქვეყნების რიგში და ბევრად უფრო წარმატებული უნდა იყოს ვიდრე წარსულში. ეს ყველაფერი კი უნდა მოგვრჩეს უკან, როგორც კოშმარული სიზმარი. მე მაქვს თქვენი იმედი, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, ახლა ჩვენი ძალა ერთობაშია. აბა თქვენ იცით.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

ნიუპოსტი