სანდრა რულოვსი თუ გრიგოლ ვაშაძე – ვის დაასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატად ნაციონალები

სანდრა რულოვსი თუ გრიგოლ ვაშაძე - ვის დაასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატად ნაციონალები“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, ახალ მთავრობას ამტკიცებს პარლამენტი. ოპოზიცია უკმაყოფილოა. საზოგადოება დუმს. როგორია თქვენი დამოიდებულება?
– არანაირი განსაკუთრებული სიახლის შეგრძნება არ მაქვს. რეალურად ისევ იგივე ხდება. მთავარი აქ ისევ პრემიერის ფიგურაა. მოიყვანეს პრემიერი, რომელსაც დიდად თავი არაფერში გამოუჩენია. თვითონ “ქართული ოცნების” პირობებში რკინიგზის ხელმძღვანელი იყო და იქაც ვერ გამოიჩინა თავი. რას უნდა ველოდოთ მისგან? -არც არაფერს! ან მისი მოყვანილი მინისტრები რას შეცვლიან.
ეს არის ტექნიკური მთავრობა, რომელიც დროებით მოიყვანეს და მომავალ წელს, 2019 წლის შემოდგომამდე, აუცილებლად მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს. თავადაც კარგად იციან, რომ ეს ასეა, შიგნითაც ბევრი გაურკვევლობა აქვთ. ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ. მათი სტრატეგია სრულიად გაუგებარია. გაუგებარია იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდა კაცი, ბახტაძე, ჯერ თვითონ არ არის ჩამოყალიბებული. წარმოდგენა არა აქვს, რა და როგორ უნდა.
– საით მიანიშნებთ, რომ ეს ყველაფერი ფორმალობაა და სიტუაციას კვლავაც ივანიშვილი მართავს?
– რა თქმა უნდა, მხოლოდ ასეა. როგორც ჩანს, ამ პროცესებით საზოგადოება არ არის აღშფოთებული, ან რაღაცით უკმაყოფილო.
– მშვიდად შეხვდა ცვლილებებს?
– არც აწუხებს დიდად, არც აინტერესებს. ამას ძალიან კარგად გრძნობს ივანიშვილი. ხედავთ, როგორ ლამაზად ალაგებს ყველაფერს?! გარკვეული პრობლემები იყო, როდესაც ზაზა სარალიძის ამბებზე იყო გამოსვლები და მან ესეც ძალიან მარტივად გადაიტანა და ძალიან კარგადაც გამოიყენა – ამ გამოსვლების ფონზე გაუშვა პრემიერი და შემდეგ გამოაცხადეს, რომ პრემიერს უშვებენ არა იმიტომ, რომ ვერ ფლობს სიტუაციას, არამედ იმიტომ, რომ ეკონომიკური ჯგუფი არ მუშაობს კარგადო. ამ ეკონომიკურ ჯგუფში მიაყოლა ყველა ადამიანი, ვინც კვირიკაშვილის გვართან იყო დაკავშირებული. ხომ ვიცით, რის გამოც იყო ეს ყველაფერი?!
– რის გამო?
– ეს ყველაფერი პორტის გარშემოა, როგორც ჩანს, უმაგისოდ დაიწყო ფულის კეთება კვირიკაშვილის გუნდმა და სასწრაფოდ მოაშორა. აი ნახეთ, თიბისი ბანკთანაც იქნება გარკვეული პრობლემები.
– რას გულისხმობთ?
– ხაზარაძეს და მის ბანკს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან. აი, ამ დაბალ დონემდე დადის ეს ყველაფერი.
– საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა და კანდიდატების დასახელებას არავინ ჩქარობს. ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი არ ეყოლება?
– მთლიანი ოპოზიციის გაერთიანება ძალიან რთულია. ერთიანი კანდიდიატი ოპოზიციის რაღაცა ნაწილს აუცილებლად ეყოლება და ეს მოხდება ძალიან მალე. 16-ში და 17-ში დაინახავთ ამ ყველაფერს. გარდა ამისა, ოპოზიციის რაღაც ნაწილიც ერთმანეთთან თანამშრომლობაზე აცხადებს თანხმობას. ამიტომ ასე ხელაღებით იმის თქმა, რომ ოპოზიციამ შეთანხმება ვერ მოახერხა, არ შეიძლება.
შეიძლება მთლიანი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება არ მოხერხდა და ეს ვერც მოხერხდება, იმხელა განსხვავებებია იდეოლოგიური თვალსაზრისთ, მაგრამ მთელი ოპოზიცია ერთსულოვანია იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად უნდა დამთავრდეს.
– ანუ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული პარტიები 16 ივლისს უკვე დაასახელებენ საკუთარ კანდიდატს?
– უფრო 17 ივლისს. 15-ში მთავრდება ფეხბურთი. აქამდე ყველას ყურადღება აქეთ იყო მიპყრობილი. რატომღაც ფეხბურთი უფრო აინტერესებს ყველას. მთავრდება მსოფლიო ჩემპიონატი და ახლა ხელს რაღა შეგვიშლის?! (იცინის)
– საუბარია ორ კანდიდატზე, სანდრა რულოვსზე და გრიგოლ ვაშაძეზე. რას გვეტყვით თქვენ, რომელზე შეჯერდით?
– 17-ში იქნება ეს ყველაფერი, მე მოვლენს წინ არ გავუსწრებ. რა ვიცი, რა ხდება, შეიძლება კიდევ ახალი იყოს კიდევ.
– ის მაინც გვითხარით, კანდიდატზე შეჯერებული ხართ?
– ჯერჯერობით კი. ვფიქრობ, არაფერი შეიცვლება.
– რამდენი პარტია გაერთიანდით?
– სისტემა არის ასეთი, რაც ადრე იყო, “ერთობა – ახალი საქართველო” როგორი სისტემითაც იყო. შექმნილია მთლიანი პლატფორმა, აქ არ არიან მარტო პარტიები, აქ არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც და ფიზიკური პირებიც. ეს არის უფრო მოქნილი და უფრო ღია ვარიანტი. ჩვენ დავაანონსებთ ამ პლატფორმის შექმნას უახლოეს დღეებში და იქ ყველაფერი გაირკვევა. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო პროცესები იწყება.
– საინტერესო რა თვალსაზრისით?
– ეს არის უკანასკნელი არჩევნები საქართველოს პრეზიდენტის. ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები აღარ გვექნება თუ არ შეიცვალა საქართველოს კონსტიტუცია. შესაბამისად, უკანასკნელად ექნება ხალხს მისი პრეზიდენტის არჩევის საშუალება.
– ხალხს აქტიურობისკენ მოუწოდებთ?
– დიახ. ხალხის დიდი ნაწილი უნდა მიხვდეს, რომ უნდა მოვიდეს არჩევნებზე, რომ არ არის პრეზიდენტი მეორეხარისხოვანი და ხელწამოსაკრავი ფიგურა, რომ მას გააჩნია სერიოზული შესაძლებლობები. უნდა მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს საპირწონე იმ ძალისა, რასაც “ქართული ოცნება” ჰქვია.
“ქართულმა ოცნებამ” მთლიანად ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. პარლამენტში მათ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ასეთ პირობებში რაღაცა საპირწონე უნდა იყოს. თუ გვინდა გარეგნული ფასადი მაინც შევინარჩუნოთ, ბალანსი მაინც იყოს, ამ არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა უნდა გაიმარჯვოს.
თუ ეს შევძელით, ჩვენ ვიღებთ ძალიან საინტერესო და დიდი მნიშვნელობის ფაქტს, რომ მოხდა პირველი მარცხი “ქართული ოცნებისა” ამ ბოლო წლების განმავლობაში. ამის შემდეგ ხელისუფლების გადაბარებაც მშვიდად მოხდება. პრეზიდენტის ფიგურა თუ იქნება ოპოზიციური, ის ძალიან ბევრ რაღაცას შეძლებს.
– საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები გაქვთ?
– მე დიდი იმედით ვუყურებ ამ ყველაფერს და იქნებ ახლა მაინც გამოიჩინოს “ქართულმა ოცნებამ” გონი და არ გამოიყენოს ძალიან მძიმე ადმინისტრაციული რესურსი, რაც მას გააჩნია. დღეს 30% ფორა აქვს. თუ ის არ გამოიყენებს ამ ძალიან ძლიერ და არაკონსტიტუციურ ძალას, მაშინ ოპოზიცია მშვიდად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
პირველ რიგში ეს სჭირდება ხელისუფლებას. უნდა მიხვდნენ იმას, რომ თუ არ არის ბალანსი დაცული ქვეყანაში, ეს პირველ რიგში სწორედ ხელისუფლების პრობლემაა.
– ასეთი ინფორმაციაც ვრცელდება, რომ “ქართული ოცნება” არ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. ამაზე რას იტყვით?
– მე რატომღაც მაინც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა ყოფილიყო, ალბათ ყველაზე რეალური ეგ იქნებოდა, თუ გამარჯვება უნდათ. სალომე ზურაბიშვილზე რა გითხრათ. კარგს ვერ გეტყვით და ცუდის თქმა არ მინდა.

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა