სერგეენკო, სუბარი, ცქიტიშვილი – ვინ იქნება „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი

სერგეენკო, სუბარი, ცქიტიშვილი - ვინ იქნება „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატისაზოგადოებაში არის სურვილი, საპრეზიდენტო კამპანიაში ჩაერთოს ბიძინა ივანიშვილი – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ქართული ოცნების“ გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
„ჩვენს გუნდში ასევე სხვა ძლიერი კანდიდატები არიან. მე დავასახელებდი დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარს, მაია ცქიტიშვილს, რომლებსაც შეუძლიათ საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვა და არჩევნებში გამარჯვება. უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც კონსულტაციები დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არჩილ თალაკვაძის თქმით, ის დიდი პატივისცემით სარგებლობს და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება.
„მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ის დიდი პატივისცემით სარგებლობს პარლამენტში, საზოგადოებაში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს საპრეზიდენტო კამპანიაში, ნამდვილად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კანდიდატი იქნება“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.