სროლა ლისის ტბაზე – ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა – ცენტრის მფლობელი გიორგი სოზაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

სროლა ლისის ტბაზე - ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა - ცენტრის მფლობელი გიორგი სოზაშვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩალისის ტბაზე მდებარე ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა.

უკვე ოთხი საათია, სერვერი, სადაც კრიპტოვალუტის გამომუშავება ხდება, გათიშულია. სამართალდამცავებმა დატა ცენტრიდან ამოიღეს მთელი ტექნიკური მოწყობილობა და მოხდა სისტემების დემონტაჟი.

რუსთავი 2-ის ცნობით, კრიმინალური პოლიციის შესვლას წინ უძღოდა შეიარაღებული თავდასხმა. მისი მფლობელი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, სროლის დროს გიორგი სოზაშვილი სასერვეროში იმყოფებოდა.

ადგილიდან სამართალდამცავებმა წაიღეს ეგრეთ წოდებული დატა ცენტრი, რომელიც, მისი მფლობელის თქმით, დაახლოებით მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების არის.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე დაიწყო და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილებამ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმდინარე წლის 31 ივლისს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოქალაქე გ.ს.-ს მფლობელობაში არსებული ავტობუსი და მასში განთავსებული ე.წ. მაინერები, რომელთა საშუალებითაც, პირველადი ინფორმაციით, ელექტროენერგიის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდებოდა“, – აცხადებენ შსს-ში.