სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და გუბერნატორები თანამდებობებს დატოვებენ – ,,ოცნებაში” წმენდა გაგრძელდება?

სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და გუბერნატორები თანამდებობებს დატოვებენ - ,,ოცნებაში" წმენდა გაგრძელდება?სამთავრობო გუნდში დაწყებული საკადრო წმენდა გიორგი მღებრიშვილის მოხსნით არ დამთავრდება. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მალე თანამდებობებს გუბერნატორებიც დატოვებენ. ერთადერთი, ვინც შესაძლოა, თანამდებობა შეინარჩუნოს, იმერეთის გუბერნატორი იქნება.

იმაში გასაკვირი, რომ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი ძველ კადრებს იცილებს, ახალი არაფერი არ არის. მაშინვე, როგორც კი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობიდან გადადგა, კულუარებში ითქვა, რომ მის წასვლას აღმასრულებელ ხელისუფლებაში დიდი ძვრები მოჰყვებოდა. აკი, ასეც მოხდა – პირველი, ვინც კვირიკაშვილის გზას გაუყენეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახლდათ, რომელსაც არასოდეს დაუმალავს, რომ კვირიკაშვილთან მეგობრობდა.

ასევე, ცნობილია, რომ კვირიკაშვილის პრემიერობის დროს არათუ მხარის რწმუნებულები, არამედ ქალაქების მერებიც სწორედ მაშინდელი პრემიერის უშუალო შერჩევითა და მითითებით ინიშნებოდნენ. როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა, სწორედ ეს გარემოებაც იყო, ანუ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ კვირიკაშვილი „ქართულ ოცნებაში“ საკუთარ ფრთას აძლიერებდა, რომელსაც საჭიროების მიხედვით პოლიტიკურად გაააქტიურებდა.

ამას გარდა, არსებობს მოარული ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ სახელმწიფო რწმუნებულებსა და ზოგიერთი ქალაქის მერზე ფინანსური სახის კომპრომატებიც არსებობს. შესაბამისად, როგორც წყარო საგამოძიებო უწყებიდან ყვება, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის მსგავსად, მთავარი პროკურატურა გუბერნატორ-მერების საქმიანობითაც დაინტერესდეს და ისინი დაკითხვაზე დაიბაროს.

დაკითხვაზე დაიბარებენ თუ არა, უცნობია, მაგრამ მთავრობაში უკვე ღიად ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, გიორგი მღებრიშვილის მსგავსად, თანამდებობის დატოვება სუს-ის უფროს ვახტან გომელაურსაც მოუწევს.

სხვათა შორის, „ნიუპოსტმა“ ჯერ კიდევ კვირიკაშილის გადადგომამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გომელაურს გადააყენებდნენ და მის ადგილს სავარაუდოდ, მისი ერთ-ერთი მოადგილე დაიკავებდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გომელაური გადადგომის შესახებ განცხადებას აგვისტომდე გააკეთებს.

ნიუპოსტი