ტექნიკურ უნივერსიტეტში ოჯახურ ძალადობასა და ბავშვთა უფლებებზე საკანონმდებლო წინადადებით გამოდიან

“გვინდა ხელისუფლებასა და მეცნიერებს შორის ჩატეხილი ხიდი აღვადგინოთ”

ტექნიკურ უნივერსიტეტში ოჯახურ ძალადობასა და ბავშვთა უფლებებზე საკანონმდებლო წინადადებით გამოდიანსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე სამეცნიერო პროექტებზე საუბრობს.

გიორგი გორაძე, ასოცირებული პროფესორი:

– ჩვენი ფაკულტეტი პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო პროექტს ახორციელებს. ამ პროგრამის გავლის შემდეგ ჩვენ სტუდენტებს ორი კვალიფიკაცია ექნებათ: სამართლისა და ინჟინერიის. ინჟინერიის სხვადასხვა დარგებზეა საუბარი – კომპიუტერული ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია, ტრანსპორტი და ენერგეტიკა. ეს პროგრამები ყველაზე კარგად განვითარებული ავსტრალიაში აღმოჩნდა. ამიტომ, ჩვენ დავუკავშირდით ავსტრალიის წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებს. სწორედ ამ მიზნით ავსტრალიის სამ ცნობილ უნივერსიტეტში ვიყავით ჩასული: სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში და მელბურნის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ამ უნივერსიტეტებში ეს პროგრამები ძალიან პოპულარულია, ვინაიდან სტუდენტი, რომელიც ამ პროგრამას გადის, მსხვილი კორპორაციების მიერ ძალიან მოთხოვნადი ხდება და არა მხოლოდ მოთხოვნადი, არამედ მაღალ მენეჯმენტში იკავებს პოზიციას.

რატომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის ამ უნივერსიტეტებთან შეხვედრა? ჩვენ ამ შეხვედრებმა მოგვცა: ერთი, ჩამოვყალიბდით თუ რა მიმართულებით უნდა ვიაროთ, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით და მეორე, ამ უნივერსიტეტებთან ჩვენს ფაკულტეტს ექნება მჭიდრო თანამშრომლობა და კავშირი. ამ უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი აპირებს საქართველოში, ჩვენს უნივერსიტეტში ჩამოსვლას. ასევე, მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ლიტერატურის შექმნაში დაგვეხმარონ. საავტორო უფლებების დაცვით ვთარგმნით ამ უნივერსიტეტების ლიტერატურას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, ამ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მასტერ-კლასებს ჩაატარებენ ჩვენს უნივერსიტეტში. ჩვენი მიზანია, რომ იქაური გამოცდილი და ძალიან სახელოვანი პროფესურა ჩართოთ ჩვენს სასწავლო პროცესში, რაც, ვფიქრობ, მართლაც ძალიან ღირებული იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის.

ასევე, ეს უნივერსიტეტები მზად არიან, ქართველი პროფესორებიც მიიღონ თავიანთ უნივერსიტეტებში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების საწარმოებლად და გადამზადების მიმართულებითაც მზად არიან დახმარება აღმოგვიჩინონ. ფაქტიურად ეს გახლავთ ყოვლისმომცველი შეთანხმება, რაც სწავლისა და სწავლების პროცესს ეხება.

ეს ყოველივე მოგვცემს ერთგვარ ბაზას, რომ პროგრამა, რომელზეც საუბრის დასაწყისში მოგახსენეთ მაღალ დონეზე განხორციელდეს, რაც არ იქნება მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის, აქ საუბარია საქართველოს ფარგლებს გარეთ დამსაქმებლების დაინტერესებაზეც, საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან პროფესიონალზე.

სოფიო დემეტრაშვილი, ასისტენტ პროფესორი:

– ჩვენი პროექტი ბავშვთა უფლებებს მოიცავს. ამ პროექტის ფარგლებში სკოლებში ვაპირებთ შესვლას განათლების სამინისტროსთან აქტიური ჩართულობით. არა მხოლოდ დედაქალაქის სკოლებს მოიცავს ეს პროექტი, არამედ რეგიონის სკოლებსაც, რომ ბავშვებმა თავიანთი უფლებების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ. პროექტის დასკვნითი ნაწილი იქნება სახელმძღვანელოს გამოცემა, რომელიც, ცხადია, კვლევაზე იქნება დაფუძნებული.

მარიამ ჯიქია, სამართლის დოქტორი, პროფესორი:

– მე ვხელმძღვანელობ ორ პროექტს: ერთი არის კემბრიჯის გამომცემლობის წიგნი. კემბრიჯის უნივერსიტეტისგან მივიღეთ საავტორო უფლებების დაცვით წიგნის თარგმნის ნებართვა – “საერთაშორისო სამართალი” და “საერთაშორისო ურთიერთობები”. ამ წიგნის თარგმნის მიზანი არ არის მხოლოდ სასწავლო ლიტერატურის გამდიდრება. საინტერესო არის ის, რომ ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების გამდიდრებასაც ემსახურება და საჯარო სამართლის კუთხით, მაღალი დონის წიგნიც გვექნება. დაახლოებით 500 ერთეულის ქართულ ენაზე გამოქვეყნების უფლება მოგვცეს. წიგნი 700 გვერდს მოიცავს. მეორე პროექტი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ეხება. საუბარია ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას. ჩვენი პროექტი სამეცნიერო კუთხით ემსახურება იმ საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას, რომელიც დაგეგმილია. ამ პროექტის ფარგლებში საკანონმდებლო წინადადებებიც გვექნება.

სოფიო მიდელაშვილი, ასოცირებული პროფესორი:

– ჩვენი პროექტი ეხება საერთაშორისო კონფლიქტებსა და მათ ანალოგიებს ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებთან. კონკრეტულად კი, ამ პროექტის ფარგლებში გამოვეცით მონოგრაფია, რომელიც ჰონკონგი-ჩინეთის კონფლიქტს ეხება, სადაც აფხაზეთის კონფლიქტის ჭრილშია პრობლემა დანახული. ასევე, ჩვენი შესწავლის საგანი იყო იტალიისა და სამხრეთ ტიროლის ურთიერთობა, ცხადია, ასევე ჩვენი კონფლიქტების ჭრილში. მეორე მონოგრაფია ეძღვნება შოტლანდიის მაგალითს. მიმდინარე პროექტი კი ბოსნია-ჰერცოგოვინას მაგალითს ეხება. ასევე, ვმუშაობთ ოკუპირებული რეგიონებისთვის შეთავაზებათა პროექტზე.

მაია ყიფიანი, პროფესორი:

– ოჯახში ძალადობის პრობლემები არის ჩვენი კვლევის საგანი. ამ მიმართულებით კვლევები ჩავატარეთ, გასულ წელს ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ კვლევები ჩაგვეტარებინა და მეცნიერულ დონეზე გვემსჯელა რა იწვევს ოჯახში ძალადობას. შევისწავლეთ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მონაცემები. ძალიან საინტერესო კვლევა გამოგვივიდა, აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ, ქალთა დისკრიმინაციას ძალიან დიდი ისტორია აქვს. შევიმუშავეთ საკანონმდებლო წინადადებები კვლევებზე დაყრდნობით და მზად ვართ საკანონმდებლო ორგანოს შევთავაზოთ. მთელ ამ კვლევებში სტუდენტები თავად იყვნენ ჩართულები.

თამარ ბარამია, სამართლის მაგისტრი:

– სამეცნიერო კვლევა, სამაგისტრო პროგრამის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მისასალმებელია, რომ ამაში ფაკულტეტი ხელს გვიწყობს. სტუდენტი არა მხოლოდ მუშაობს იმ სამაგისტრო თემაზე, რომელსაც ის ირჩევს, არამედ თვალსაწიერს იფართოვებს სწორედ ამ სამეცნიერო პროგრამების მეშვეობით. რამდენიმე პროექტში ვარ ჩართული. თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია ზუსტად იმ კუთხით, რომ პირველ რიგში უნარ-ჩვევებს გვიყალიბებს, რაც სამეცნიერო კვლევისთვის არის მნიშვნელოვანი.

ირაკლი გაბისონია, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი:

– ჩვენს ფაკულტეტზე 30-ზე მეტი სამეცნიერო პროექტი მოქმედებს. თავად პროექტის ხელმძღვანელებმა უკვე აღნიშნეს, თუ რაოდენ აქტუალურია ის საკითხები, ის კვლევები, რასაც პროექტი მოიცავს. რასაკვირველია, ეს არის სისხლის-სამართლის მიმართულება, საგამოძიებო სამართალი, მტკიცებითი სამართალი, საინჟინრო სამართალი, განათლების სამართალი, მედია სამართალი, კონფლიქტებთან, გენდერთან დაკავშირებით. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პროექტები. ამ პროექტის ფარგლებში ხდება მეცნიერული კვლევები და ამ გზით პრობლემის სიღრმისეული შესწავლა. შესაბამისად, ამ გზით რეკომენდაციებს ვაძლევთ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას. გვინდა ხელისუფლებასა და მეცნიერებს შორის ჩატეხილი ხიდი აღვადგინოთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისთვის.

ამ სამეცნიერო პროექტების უმთავრესი მიზანი, რასაკვირველია, პირველ რიგში არის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანები იყვნენ. ჩვენ ფუნდამენტურად ახლებურ, ევროპულ ფასებულობებზე დაფუძნებულ მიდგომებს ვთავაზობთ.