ქუმსიშვილი: ალბათ ჩემი შეცდომა იყო, პროკურატურაში პირველი მისვლა რომ არ გავასაჯაროე

ქუმსიშვილი: ალბათ ჩემი შეცდომა იყო, პროკურატურაში პირველი მისვლა რომ არ გავასაჯაროე“მე მინდა ვთქვა, რომ ალბათ ჩემი შეცდომა იყო, რომ არ გავასაჯაროე ჩემი პირველად მისვლა პროკურატურაში,” – ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა ვიცეპრემიერმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში გამოკითხეს, 19 ივლისს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მას დასამალი არაფერი აქვს და თუ კიდევ დაუკავშირდებიან პროკურატურიდან, ამის შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროებს:

“მე დასამალი არაფერი არ მაქვს და მინდა დაგპირდეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ნებისმიერი კომუნიკაცია პროკურატურის მხრიდან, გავაცნობ საზოგადოებას და ვიტყვი, რომ ხვალ მივდივარ პროკურატურაში. რომ გამოვალ იქიდან,  თუ ასეთი მისვლა მოხდა, რისი თქმის უფლებაც მექნება, იმასაც გაგაცნობთ. მე არაფერი მაქვს დასამალი”, – ამბობს ქუმსიშვილი “რეაქციაში”.

ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები, დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე თანხების გაფლანგვის ფაქტზე პროკურატურაში 17 ივლისს გამოკითხეს.

მაშინ პროკურატურაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში მიმდინარეობს გამოძიება კონკრეტულ მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით.

“მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – განგვიცხადეს პროკურატურაში.

ნეტგაზეთი