”ციხიდან დღეს დილით გავთავისუფლდი… მუხროვანის ამბებზე ვიჯექი… როგორ გაგვწირეს ამდენი ადამიანი” – ია თინიკაშვილის მოყოლილი ისტორია

”ციხიდან დღეს დილით გავთავისუფლდი... მუხროვანის ამბებზე ვიჯექი... როგორ გაგვწირეს ამდენი ადამიანი” - ია თინიკაშვილის მოყოლილი ისტორიაჟურნალისტმა ია თინიკაშვილმა რამდენიმე საათის წინ ფეისბუქში დაწერა:

”გორიდან თბილისისკენ ვმოძრაობდი, ჩაფიქრებული ვიყავი და გვიან შევნიშნე, რომ ავტობანზე მდგარი ახალგაზრდა, საკმაოდ გამხდარი მამაკაცი ხელით მანიშნებდა – გამიყოლეო.
ასიოდე მეტრით ვიყავი უკვე დაშორებული, ავტომობილი რომ შევაჩერე და უკანსვლით დავიწყე მოძრაობა, თავადაც გამოიქცა.
მადლობა გადამიხადა მანქანის გაჩერებისთვის და წინა სავარძელზე მოთავსდა.
სვლა გავაგრძელე, თან, თვალი გავაპარე – საკმაოდ ნერვიული გამომეტყველება და არაბუნებრივი ფერი ჰქონდა სახეზე. ვიუხერხულე, რომ ასე მოკლე მეცვა და უცხო მამაკაცი დავიმგზავრე, თუმცა, უმალვე გამახსენდა მამა შიოს სიტყვები – ყველას გაუჩერე მანქანა, იქნებ, როგორ უჭირს იმ მომენტში და მადლიაო…
მძიმე სიჩუმე ჩამოწვა, მგზავრი თვალგაშტერებული გაჰყურებს გზას.
დუმილი მე დავარღვიე:
– სადაური ხარ?
– კახეთიდან ვარ.
– საიდან მოდიხარ?
– ქუთაისიდან, ამბობს და ჩუმდება.
კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და დადებით პასუხში თითქმის დარწმუნებულმა, მორიგი კითხვა დავუსვი:
– პატიმარი იყავი?
– კი, დღეს დილით გავთავისუფლდი. არ ვიცოდი წინასწარ, არც ოჯახმა იცის და გამიჭირდა ასე მგზავრობა. საათობით უნდა იდგე, რომ ვინმე მადლიანმა მანქანა გაგიჩეროს. ,,მარშუტკის” მძღოლს ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და წამოყვანა ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრა…
ვიგრძენი, რომ ჩემმა ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა.
– რამდენი წელი იყავი პატიმარი?
– 13 წელი მქონდა მოსჯილი, მაგრამ საბედნიეროდ, ის საშინელი რეჟიმი შეიცვალა და გამინახევრდა – 6 წელი ვიყავი ციხეში.
– 13 წელი?! რა ჩაიდინე ასეთი? – ვკითხე და საშინელი პასუხის მოლოდინში დავიძაბე.
– სამხედრო მოსამსახურე ვარ, უფრო სწორად – ვიყავი, – დაამატა ხმადაბლა და ისევ თვალი გაუშტერა გზას, მერე კი, თავადვე განაგრძო:
– მუხროვანის ამბებზე დამაკავეს, 60-მდე გასამართლებულს შორის, ერთ-ერთი მე ვიყავი. მთელი პატიმრობის განმავლობაში იმას ვფიქრობდი, როგორ დადგეს ეს ყველაფერი, როგორ გაგვწირეს ამდენი ადამიანი, ხომ გახსოვთ ეგ ამბავი – კობალაძე, ოთანაძე, ამირიძის საქმე… ,,ორი გვამი”…
ისევ დუმილი, მერე კი, მუხროვანის ამბები და ე.წ. გადატრიალების მცდელობის დეტალები მიამბო, შემდეგ – უკვე პატიმრობა და გლდანის ციხის საშინელება…
იოლი მოსასმენი არ აღმოჩნდა, საშინლად დავმძიმდი, ყელში ბურთი გამეჩხირა და მუცლის არეში წვა ვიგრძენი…
პირველი ადამინი ვიყავი, ვისთანაც ციხის კედლების შემდეგ ამ ყველაფერზე საუბრობდა.
ვეცადე, სხვა თემებზე გადამეტა საუბარი – ხან ოჯახზე ვკითხე, ხან მე ვუყვებოდი, ამასობაში, თბილისშიც შემოვედით და მორიდებით მკითხა, საით მიდიხართ, აეროპორტის გზაზე ხომ არ მოხვდებითო.
მივხვდი, რომ კახეთისკენ უნდოდა რამეს გაჰყოლოდა, უფულოდ კი როდის ჩააღწევდა სახლამდე…
მოკლედ, ახლა მალე მივა შვილთან, მე კი, ბევრჯერ გამახსენდება ამ ადამიანის ამბავი და მისი ნაამბობიც 🙁

მადლობა ჩემს გარდაცვლილ მოძღვარს, მამა შიოს, რომ ავტომაგისტრალზე მდგომი მგზავრებისთვის მანქანის გაჩერება ანდერძად დამიტოვა.”