20 წლის შემდეგ – საფრანგეთი ისევ ჩემპიონია

20 წლის შემდეგ – საფრანგეთი ისევ ჩემპიონიარამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი საფრანგეთსა და ხორვატიას შორის.

საფრანგეთმა ეს შეხვედრა 4:2 მოიგო და 20 წლის შემდეგ ისევ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

დიდიე დეშამის გაწვრთნილმა გუნდმა ახალ ჩემპიონს დაბადების საშუალება არ მისცა. ხორვატიის ნაკრები მე-13 გუნდი იყო, რომელიც მუნდიალის ფინალში გავიდა, მაგრამ მე-10 ჩემპიონობა არ ეწერა.

პირველ ტაიმში უპირატესობას ხორვატიის ნაკრები ფლობდა. ზლატკო დალიჩის გუნდი უფრო აქტიურად და სიმპათიურად გამოიყურებოდა, მაგრამ შესვენებაზე უპირატესობით ფრანგები გავიდნენ.

ჯერ მარიო მანჯუკიჩმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, როდესაც ანტუან გრიზმანის საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი ცუდად აეჭრა.

ხორვატებმა 10 წუთში გაათანაბრეს – კარგად გათამაშებული სტანდარტი ივან პერიშიჩმა დაასრულა გოლით.

თითქოს ხორვატებს არაფერი საფრთხე არ ემუქრებოდათ, მაგრამ ვიდეორეფერის არ გამოეპარა, როდესაც გრიზმანის კუთხურის შემდეგ პერიშიჩმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმაც პენალტი დანიშნა. გრიზმანს კი 11 მეტრიდან გატანა არ გასჭირვებია – 2:1.

მეორე ტაიმიც ხორვატთა იერიშებით დაიწყო და ,მათ რამდენიმე ხიფათი შექმნეს კიდევაც. თუმცა, კონტრშეტევაც გაეპარათ და რომ არა შუბაშიჩის კარგი თამაში, ფრანგები 2 ბურთით დაწინაურდებოდნენ.

დიდიე დეშამმა დაინახა, რომ მოდრიჩი-რაკიტიჩის დუეტი ჯაბნიდა პოგბა-კანტეს წყვილს და მოედანზე ნზონზი შემოუშვა.

შეცვლამ გაამართლა – ფრანგთა შუახაზი დალაგდა და მორიგი სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ პოგბამ მესამედ შეარხია შუბაშიჩის კარის ბადე.

კიდევ ერთ კონტრშეტევა და მბაპეს გოლით ანგარიში 4:1 გახდა. თითქოს ჩემპიონის ბედიც აქ იყო გადაწყვეტილი, მაგრამ ლორისის შეცდომამ და მანჯუკიჩის გოლმა ხოვატები თამაშში დააბრუნა – 4:2.

დარჩენილ დროში ხორვატები ცდილობდნენ, წვალობდნენ, მაგრამ საფრანგეთმა ბალკანელები შანსთან ახლოსაც არ მიუშვა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ მანჯუკიჩი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ფინალში ორივე გუნდის კარში გაიტანა გოლი, დიდიე დესამი კი გახდა მესამე ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ფეხბურთელის რანგშიც შეძლო და მწვრთნელისაც.

აქამდე ასეთ რამ მხოლოდ ბრაზილიელმა მარიო ზაგალომ და გერმანელმა ფრანც ბეკენბაურმა მოახერხეს.